მთავარი,სიახლეები

რუსეთის დარტყმა ოდესასა და სუმზე – არის მსხვერპლი

17.07.2026
რუსეთის დარტყმა ოდესასა და სუმზე – არის მსხვერპლი

17 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმების შედეგად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 8 რაკეტა და 130 დრონი გაუშვა. უკრაინელმა სამხედროებმა 5 რაკეტისა და 115 დრონის ჩამოგდება შეძლეს.

ოდესა კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის სამიზნე. ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის არის ქალი, რომელიც თავდასხმის დროს პარკში შვილებთან ერთად სეირნობდა. „ბავშვები გადარჩნენ“, — განაცხადა კიპერმა.

ბოლო მონაცემებით, ოდესაში დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ასევე, უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა 17 ივლისის ღამეს ქალაქი სუმი დაბომბეს 5 მართვადი კასეტური ავიაბომბით. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ გრიგოროვის განცხადებით, დაფიქსირდა რამდენიმე დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათგან ორი — ქალაქის ცენტრში.

გრიგოროვის ცნობით, წინა დღის განმავლობაში სუმის რაიონზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი.

ამავე დროს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები აგრძელებენ მუშაობას ზაპოროჟიეში, რუსული დარტყმების ადგილებზე, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.

____________

ფოტო: ოდესის საგანგებო სიტუაციების სამსახური

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: