14 ივლისს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს – ბაშკირეთში მდებარე „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარეობს.
ტელეგრამ არხებზე, რომელიც, ძირითადად, მსგავს შეტევებზე ინფორმაციის პირველწყაროა, წერენ, რომ დარტყმის ქვეშ მოჰყვა ნავთობის პირველადი გადამუშავების AVT-6 დანადგარი და მე-20 საამქრო, რომელიც მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენს აწარმოებს.
სპეციალისტების თქმით, აქამდე ეს ქარხანა რჩებოდა ბენზინის ერთადერთ მსხვილ მწარმოებლად, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები 2026 წლის განმავლობაში არ შეხებია.
ბაშკირეთის ხელმძღვანელმა, რადი ხაბიროვმა დაადასტურა „სალავატის სამრეწველო ზონაზე“ თავდასხმის ფაქტი, თუმცა მან განაცხადა, რომ დრონები ჩამოაგდეს, ხოლო კვამლი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ასევე, უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა კრასნოდარის მხარეში მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელზეც ხანძრის გაჩენის შესახებ ადგილობრივმა საოპერაციო შტაბმა განაცხადა.
პლატფორმა „Крымский ветер“-ი წერს, რომ პირველი აფეთქებები შუაღამისას გაისმა, რის შემდეგაც ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, გაზის კონდენსატის დისტილატებს, მძიმე ნავთობის ნარჩენებსა და გოგირდს. წინა თავდასხმა ქარხანაზე 11 ივნისს ღამით განხორციელდა.
_____________
ფოტო: telegram






