ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ბათუმში ევროპის დღეების ღონისძიებას მასპინძლობს, სასტუმრო „ჰილტონში“ შეკრებილ არც თუ ისე მცირე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ელჩმა ჰერჩინსკიმ ქართულად ისაუბრა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო აღარაა იმ ქვეყნებს შორს, რომლებიც ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე „წინ და წინ მიიწევენ“.
„მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ, ბათუმში აღვნიშნავთ… შავი ზღვის მარგალიტი ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას. ვინ თუ არა თქვენ ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი.
ევროპის ძალაც არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია.
მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ ევროკავშირის გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის.
ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია.
30 წელზე მეტია ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენს გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად უცვლელია ჩვენი წესებიც: ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.
ახლა კი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო წინ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის საელჩოს განცხადებით, წლევანდელი ევროპის დღეები ევროპულ გამოგონებებს ეძღვნება.






