თბილისის საქალაქო სასამართლომ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ყალბი მინდობილობა დაამზადეს, რომლითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სანოტარო ბიუროში ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და საკუთრებაში დაირეგისტრირა დაზარალებულის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი 2 500 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.
ორ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.






