„რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის,“ – მიიჩნევს სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ბესელია.
ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომელიც დღეს, პირველ ივნისს ამოქმედდა შსს-ში, „ოცნება“ გამოიყენებს, როგორც ახალ რეპრესიულ ინსტიტუტს.
რატომ დასჭირდა ივანიშვილს ეს ნაბიჯი? – ვკითხეთ ინტერვიუს დროს ივანიშვილის ყოფილ თანამებრძოლს.
„ეს მიუთითებს შიშზე. შიშია ამის განმაპირობებელი. როგორც ჩანს, შიშს მოაქვს ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები. ვისაც არ ეშინია, მას არ სჭირდება მსგავსი მეთოდები,“ – ამბობს ეკა ბესელია.
„ბათუმელებმა“ ეკა ბესელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელია.
- ქალბატონო ეკა, თქვენი დაკვირვებით, რა განზრახვით შეუდგა მუშაობას დღეს, პირველ ივნისს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“?
დღეს არსებულ კონტექსტს თუ გავიაზრებთ, რა მდგომარეობა გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით, ამ საფრთხეს კიდევ უფრო კარგად გავიაზრებთ: ადამიანები იდევნებიან შეკრებისა და გამოხატვის უფლების გამო, ადამიანებს აჯარიმებენ ტროტუარზე დგომის გამო, კრიტიკული მოსაზრებების გამო, პოზიციების გამოხატვის გამო, დღეს ადამიანებს არ იცავს კონსტიტუცია, არ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობის მინიმალური სტანდარტი, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ამ უკანონო ჩარევისგან.
ასეთ ვითარებაში ეს ინიციატივა სახიფათოა საქართველოში, ვიდრე ეს იქნებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
რომ გვქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, რომელიც აკონტროლებს მოქალაქეების უფლებებში უკანონო ჩარევას და შეაჩერებს უკანონო ჩარევის შემთხვევაში საჯარო მოხელეებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მოქალაქეს დაიცავს, როცა ის მართლაც უნდა დაიცვას, ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა ეს ინიციატივა ასეთი საფრთხის შემცველი.
- ხედავთ საფრთხეს, რომ ამ სამმართველოსაც „ოცნება“ გამოიყენებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დასასჯელად?
რა თქმა უნდა, უდავოდ ასე იქნება. ამიტომაც არის ეს შექმნილი.
რეალურად საჯარო სივრცეებში, ქუჩაში უკვე არიან გადასული აგრესიულ ქმედებებზე. გორში მომხდარმა ამბავმა, როცა პოლიციელები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, აჩვენა ეს სიმპტომი. ეს სიმპტომი აჩვენა სხვადასხვა აქციის დარბევის დროს დაშავებული ადამიანების მიმართ ქცევამ, რასაც დღემდე არ მოჰყოლია სამართლებრივი რეაგირება.
ქუჩაში, გარეთ, ამ რეპრესიული და აგრესიული ქმედებებით „ქართული ოცნება“ იცავს თავის უსაფრთხოებას, მაგრამ არ იცავს მოქალაქეს.

ეკა ბესელია
დარჩა ახლა სოციალური მედია, რომლის კონტროლი შეუძლებელია. ამიტომაც, გადაწყვიტეს, რომ შეაშინონ მოქალაქეები. ამის რამდენიმე პრეცედენტი უკვე შექმნეს კიდეც.
- დემონსტრაციულად უნდათ დასაჯონ რამდენიმე ადამიანი, რომ ამით დაშინდეს ხალხი და, შესაბამისად, სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა დისკომფორტი ვეღარ შეუქმნას ივანიშვილის დაჯგუფებას?
დიახ, ზუსტად ასეა.
ეს ინიციატივა რეალურად არის ახალი ჟანდარმერიის ფუნქციის მატარებელი არადემოკრატიული ორგანო. როდესაც არ გაქვს დამცავი მექანიზმები ქვეყანაში და გაქვს რეპრესიული სისტემა, როცა სასამართლო არ გაქვს თავისუფალი, ასეთი ინიციატივა ყოველთვის საფრთხის შემცველია და იგი ხდება დამატებითი რეპრესიული ინსტრუმენტი.
ახლა, რადგანაც შსს-ში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ეს სტრუქტურა უკვე შექმნეს, ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ შემდეგნაირად: სიძულვილის ენას უფრო მეტად იყენებს „ქართული ოცნება“ – მას ჰყავს დაქირავებული ასეულობით ადამიანი, რომელსაც უხდის თანხას, ქმნის ყალბ გვერდებს და ადამიანების საშინელ დემონიზაციას ახდენს.
მოდით, ასე მოვიქცეთ: ჩვენ თვითონ გადავუღოთ ფოტოები ასეთი სიძულვილის ენის მატარებელ შეტევებს, რაც, მაგალითად, პირადად ჩემზე არაერთხელ მინახავს. ვაპირებ, რომ გადავიღო ყველა ეს კომენტარი და გავუგზავნო ამ სამმართველოს, ვუთხრა, რომ მოადინონ რეაგირება.
- ჩვენი მხარდამჭერებიც დაისჯებიან, თუ ვინმე სიძულვილის ენას იყენებსო, დღეს მამუკა მდინარაძე ამბობდა ბრიფინგზე.
რადგანაც სიძულვილის ენის გამოყენებას აქვს ჩემ წინააღმდეგ ინსტიტუციური და ორგანიზებული შეტევის სახე, ასევე, ვხედავ ამის უკან „ქართული ოცნების“ ხელს, ასეთ ქცევებზე ვაპირებ, რომ გავაკეთო რეაგირება. არ მეზარება საჩივრების წერა. ჩემს ოფისში ძალიან კვალიფიციური იურისტები მუშაობენ და ამით ნამდვილად დავკავდებით. მაინტერესებს, როგორ მოიქცევიან.
- ბოლო პერიოდში, შეცვალეს კანონი იმ კუთხითაც, რომ, მაგალითად, თანამდებობის პირის შეურაცხყოფა განსაკუთრებულად დასჯადი გახდა: გათვალისწინებულია ჯარიმა 4 ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე. მოქალაქის, მათ შორის, თქვენი შეურაცხყოფის შემთხვევაში, როგორ უნდა იმოქმედოს ახალმა სამმართველომ „ოცნებისვე“ მიღებული კანონებით?
ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა პრაქტიკას დაადგენს შსს.
აქამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს ისე ადგენდნენ და პირდაპირ აჯარიმებენ ადამიანებს, შემთხვევით გებულობენ ეს ადამიანები, რომ თურმე დააჯარიმეს ადმინისტრაციული წესით, ან სასამართლოში დაიბარეს.
სინამდვილეში, კოდექსი კი არ შეიცვალა, არამედ მიდგომები – ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება დასაჯანონ. ეს, ცხადია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
- სიძულვილის ენას ვებრძვითო, ასეთია „ოცნების“ რიტორიკა.
მიზანი თუ არის სიძულვილის ენასთან ბრძოლა, ეს ითარგმნება იურიდიულად – გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევა. გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევა კი უნდა განიხილოს თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ. ამას ვერ გადაწყვეტს შსს.
ამიტომაც, ვთქვი თქვენთან საუბრის დასაწყისში: როდესაც დამოუკიდებელი სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში, რა სტანდარტი უნდა დაადგინოს სასამართლომ?
გამოდის, რომ იქნება რაღაც ქაოსური პროცესი და ვიღაცები შეიძლება შეაშინონ ამ ადმინისტრაციული ჯარიმებით, მერე ჩვენ მოგვიწევს იქით შევუტრიალოთ უამრავი, ვაჩვენოთ ოფიციალური პირების, თუ ყალბი გვერდების მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური, სიძულვილის შემცველი განცხადებები და ვთქვათ: მოხდეს ამაზე რეაგირება. თუ ისევ გვექნება არასწორი დასჯის პრეცედენტები, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს.
ჯერ არ ვიცით, რა პრაქტიკას შექმნიან. ქვეტექსტი კი ჩანს ის, რომ უნდათ, მოქალაქეები შეაშინონ. რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. ასე მგონია, აი, კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის. მათ მოუწევთ საკუთარი მომხრეების, მათ მიერ დაფინანსებული ყალბი გვერდების ავტორების გამოვლენა. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი არგუმენტი.
რეალურად ეს გამოუვათ, ასე მგონია.
- როცა ფეისბუქის კონტროლს იწყებს ივანიშვილი, ეს რაზე მიუთითებს: რა ეტაპზეა ახლა ივანიშვილი დემოკრატიის წინააღმდეგ?
ეს მიუთითებს შიშზე. შიშია ამის განმაპირობებელი. როგორც ჩანს, შიშს მოაქვს ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები. ვისაც არ ეშინია, მას არ სჭირდება მსგავსი მეთოდები.






