„სომხეთის ხელისუფლება არ არის შეშფოთებული სასაქონლო ფასების ზრდით, თუ რუსეთთან ურთიერთობები გაუარესდება, რადგან ისინი გამდიდრებას ელიან ქვეყნის „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ გადაქცევით“, – წერს რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „ტასი“.
სააგენტოს ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ გარნიში გამართულ საარჩევნო მიტინგზე განაცხადა ამის შესახებ.
„მაგალითად, არალოგიკურია სომხეთის მაღალი ფასებით დაშინება, რადგან მაღალი ფასების მუქარას პასუხი აქვს: ჩვენ გაცილებით მეტი ფული გვექნება, იმდენად, რომ ის ძვირი არ მოგეჩვენებათ. დღეს სომხეთი „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ იქცევა – ეს ნიშნავს, რომ სომხეთი მილიარდების და ტრილიონების ქვეყანა გახდება“, – მოჰყავს „ტასს“ ფაშინიანის ციტატა.
მოახლოებული არჩევნები სომხეთის რესპუბლიკაში რუსული პროპაგანდისტული მედიის განსაკუთრებული ყურადღების და კრიტიკის ქვეშაა. პროპაგანდისტულმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სომხეთი გააფრთხილა გაზის, ნავთობპროდუქტების და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდების შეთანხმების შესაძლო შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, თუ ქვეყანა გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
სომხეთსა და რუსეთს შორის 2013 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რუსეთი სომხეთს გაზს, ნავთობპროდუქტებს და დაუმუშავებელ ბრილიანტს ექსპორტის გადასახადის გარეშე და შიდა მოხმარებისთვის შეღავათიანი პირობებით ამარაგებს.
ამავე დროს, სომხური მედია, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალურ ერევანს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი წერილი ან შეტყობინება არ მიღია.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, არჩევნების წინ ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ნიკოლ ფაშინიანი.





