26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებელმა მიმოსვლა განაახლა.
„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფასები დინამიურია და მხოლოდ ერთი მიმართულებით 135 ლარიდან 370 ლარამდე მერყეობს.
„ბილეთის ფასის კონკრეტული ოდენობა ფიქსირდება შეძენის მომენტში. ბილეთები იყიდება სალაროებში, სადაც ემატება საკომისიო 7 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ [tkt.ge-ზე].“ – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, რეისები სრულდება ყოველდღიურად. თბილისიდან მატარებელი გადის 21:00 საათზე და ბაქოში ჩადის 06:25 საათზე; ბაქოდან კი მატარებელი გამოდის 23:10 საათზე და თბილისში ჩამოდის 08:40 საათზე.
აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადების თანახმად, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე აზერბაიჯანში გაჩერებები დაგეგმილია ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარიში, ევლახში, განჯაში, აღსტაფასა და ბოიუკ კესიკის სადგურებზე, ხოლო საქართველოში ორი გაჩერებაა – გარდაბნის სადგური და თბილისის რკინიგზის სადგური.
თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ 18 მაისს გაავრცელა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში უნდა აღდგენილიყო ოფიციალური შეთანხმებით. აზერბაიჯანს კოვიდპანდემიის გავრცელების საბაბით სახმელეთო საზღვრები 2020 წლის შემდეგ ჩაკეტილი აქვს.
ამ თემაზე: თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება – ქართული მხარე






