„მე აპოლიტიკური ვარ“ – ხშირად ისმის ეს ფრაზა ადამიანებისგან, როცა მათ ესაუბრები არამხოლოდ ქვეყნის საფრთხეზე და პროევროპული გზის ჩაკეტვაზე, არამედ პირად პრობლემაზე, რის გამოც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
„ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. ვიძახი, რომ ვინმემ არც ქოცები დაგვიძახოს, არც ნაცები“ – ამ მიმართვით დაიწყო, მაგალითად, ტაქსის მძღოლების 13 მაისის გაფიცვაზე სიტყვით გამოსვლა ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა და ორგანიზატორმა, ზურაბ ვასაძემ. ამ აქციაზეც და მანამდეც, როცა ტაქსის მძღოლები ტარიფების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, მოისმენდით „ოცნების“ მთავრობის კრიტიკას დაჯარიმებაზე. „პარკირების ადგილი არაა, ვერსად გააჩერებ მანქანას, მგზავრს 2 წუთით რომ ველოდებით, 100-100 ლარით გვაჯარიმებენ, ესაა სამართალი?“ – გვეუბნებოდნენ ტაქსის მძღოლები.
მაგალითად, ისევ ტაქსის მძღოლების 21 აპრილის აქციაზე ბათუმში ერთი მძღოლი გვიყვებოდა, რამდენჯერ დააჯარიმეს უსამართლოდ, ამ დროს სხვა მძღოლმა შეაწყვეტინა საუბარი:
„მაგი აქციები გავმართოთ სხვა დროს… ეს გვაწუხებს, მაგრამ ჯერ გვაქვს საუბარი ტარიფებზე“, – აღნიშნა ტაქსის მძღოლმა, რომელსაც იქვე უთხრეს, რომ ჯარიმებიც მათი გადასახდელია.
„რატომ არ გსურთ ისაუბროთ ამ პრობლემაზე – ხელისუფლების კრიტიკას ერიდებით?“ – ჩავეკითხეთ ტაქსის მძღოლს.
„პოლიტიკას არ ვეხები მე“, – მივიღეთ პასუხი.
პოლიტიკა რომ ნებისმიერს ეხება, ეს შევახსენეთ, მაგალითად, კვადროციკლების გამქირავებელს. კვადროციკლების გამქირავებლები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ მას შემდეგ მართავენ აქციებს, როცა მათ ბულვარში მუშაობა უსაფრთხოების არგუმენტით შეუზღუდეს.
კვადროციკლები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩაამწკრივეს პროტესტის ნიშნად. ყოველდღიურად იქვე იმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, მათ შორის, იმ მთავარი გზავნილით, რომ „ოცნების“ მთავრობას ადამიანის უფლებები არ აინტერესებს და საჭიროა სისტემური ცვლილება.
რატომ არ უერთდებიან კვადროციკლის გამქირავებლები პროევროპულ აქციას?
„აპოლიტიკური ვარ და არ მაინტერესებს,“ – კვადროციკლის გამქირავებელმაც ჩათვალა, რომ ეს ფრაზა „ამართლებს“. მას ვუთხარით, რომ პოლიტიკა უკვე შეეხო და, მათ შორის, მისი პრობლემა სწორედ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ.
აქციის მონაწილეებს ისიც შევახსენეთ, რომ ფრაზა „აპოლიტიკური ვარ“ სინამდვილეში აბსურდია, რადგან შეუძლებელია პოლიტიკური პროცესის მიღმა გაჩერდე, როცა ასე აქტიურად აუარესებს მთავრობას შენს ცხოვრებას.
„ვის რა ჯანდაბად უნდა ჩემი სიმღერა თუ მე მოქალაქე არ ვარ და პოზიცია არ გამაჩნია,“ – წერდა რამდენიმე დღის წინ მუსიკოსი თამარ ჭოხონელიძე. მან ის ხელოვანები გააკრიტიკა, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ ხმას არ იღებენ.
„ჩემთვის, მაგალითად, ის მომღერლებიც და საერთოდ ხელოვანები, რომლებიც ახლა ჩირგვებში სხედან და ხმას არ იღებენ უსამართლობის წინააღმდეგ და უბრალოდ არ აღნიშნავენ იმას მაინც, რომ [მათი] შვილის ტოლები ციხეში არიან უსამართლოდ, ამდენი ხანია ვერავინ უმტკიცებს ბრალეულობას და მაინც ციხეში ჰყავთ… აი, ამაზე ხმას რომ არ იღებ და ჩირგვებში ზიხარ და ელოდები როდის მოვა შენი დრო… ვის უნდა ჩემი სიმღერა თუ მე პოზიცია არ მექნება… პოლიტიკა და პოზიცია სხვადასხვა რამეა და ეს ვერ გაიგეს“, – თქვა თამარ ჭოხონელიძემ.
„აპოლიტიკური ვარ“ – რას აჩვენებს ამ ფრაზის გააქტიურება? რასთან გვაქვს საქმე?
„ეს ფრაზა უნდა აღვიქვათ, როგორც იმედგაცრუება, რაც საკმაოდ სამართლიანია… პოლიტიკური პარტიების ადგილას მე ამ სიმპტომს მივიღებდი ძალიან სერიოზულად…,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის ხიდჩატეხილობაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მისი დაკვირვებით ეს ფრაზა გამოხატავს.
რა ტიპის საზოგადოება ვხდებით, როცა ეს ფრაზა „აპოლიტიკური ვარ“ ხშირად ჟღერდება?
„მგონი, განსხვავებული მნიშვნელობები დევს ამ ფრაზაში. მაგალითად, ადამიანი გადის აქციაზე, რაღაცას ითხოვს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ არის აპოლიტიკური პროტესტი. ცხადია, ნებისმიერი პროტესტი, როდესაც გადიხარ ქუჩაში და პოზიციას აფიქსირებ, რაღაცას ითხოვ, მაგალითად, მთავრობისგან, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს აპოლიტიკური. ეს წინააღმდეგობრივი პოზიციაა, მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანები, სავარაუდოდ, გულისხმობენ პარტიულობას – არ უნდათ, რომ რაიმე ფორმით სხვების აღქმაში დაკავშირებული იყვნენ რომელიმე პარტიასთან.
ეს არის სიფრთხილე ან შიში იმის, რომ დააფიქსირო შენი პოლიტიკური პოზიცია ვიღაცის მხარდასაჭერად, ან წინააღმდეგ. ესეც არაა აპოლიტიკურობა – ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი პროდუქტი საქართველოში ახალი ამბებია. საქართველოში ხალხს აინტერესებს პოლიტიკა.

ზაალ ანდრონიკაშვილი
იმის თქმა, რომ „მე ვარ აპოლიტიკური“, შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ადამიანი უფრო მთავრობისკენ იხრება, ან ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს – არსებობს ასეთი ქართული სიტყვა „დალაგება“. ეს სიტყვა თავისთავად ცუდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის მნიშვნელობა, რომლითაც ეს სიტყვა გამოიყენება, არის ის, რომ აი, „მთავრობასთან დავალაგებთ“
ძალიან ბევრი ფიქრობს ასე: რაღაც შეიძლება „დავალაგოთ“ პირდაპირ მთავრობასთან – მიხვალ და შეეხვეწები, იტყვი – „მე ოპოზიციონერი არა ვარ და მოდი, მე და შენ გავარკვიოთ ეს საქმე“. სინამდვილეში, ეს არის დიდი ილუზია. დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე ამის…
ასეთ რეჟიმს არ აინტერესებს პოლიტიკური კონსოლიდაცია არანაირი ფორმით. მათი გზავნილია: „მოდი, ხელოვნებას და სპორტს ნუ ჩავრევთ პოლიტიკაში“, ან კიდევ „პოლიტიკა არაა სტუდენტების საქმე“, ამ დროს თვითონ ყოველდღიურად ამას აკეთებენ: ხელოვნებასაც, სპორტსაც და ბიზნესსაც იყენებენ იარაღად საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ საერთოდ არავინ არის საქართველოში დაცული, მათ შორის, არც „ოცნების“ მოკავშირე. ამას ჩვენ ვხედავთ.
შეიძლება, მივიდნენ, მაგალითად, კვერცხის მწარმოებელთან და უთხრან – „ფასი დაწიე!“ უკვე იმ ფაზაში ვართ შესულები, როდესაც „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი და ე.წ. აპოლიტიკურები, რომლებიც აქამდე არანაირად არ ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესში, არ არიან დაცულები რეჟიმის რეპრესიებისგან.
იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, არ აქვთ პრობლემა პროტესტის გამოხატვის, აქვთ ამისი ენა, საშუალება და ფორმები, ისინი დარჩებიან, მაგრამ ის ხალხი, რომელიც დღეს ამბობს, რომ აპოლიტიკურია, შეიძლება ისე გაქრნენ, მათი მომკითხავიც კი აღარავინ იყოს. ვგულისხმობ გაქრობას თავისუფალი სივრცეებიდან, პროფესიული საქმიანობიდან…
ეს არის ლოგიკა დახურული, ავტორიტარული სისტემის, სადაც პრინციპში შენი თვითიზოლაცია პოლიტიკური სივრცისგან ადრე თუ გვიან იწვევს შენსავე დაზარალებას. ირონიული ამ შემთხვევაში ის არის, რომ ეს ხალხი დღეს მაინც გამოდის ქუჩაში, ანუ პრინციპში სარგებლობს პროტესტის გამოხატვის დემოკრატიული ფორმით, რომელიც დემოკრატიული პოლიტიკის ქვაკუთხედია – სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ეს ხალხი ჯერ კიდევ მაინც ამ ინსტრუმენტით სარგებლობს. ეს შინაგანი წინააღმდეგობა სიმპტომია რაღაც სხვა მოვლენის,“ – აღნიშნა ზაალ ანდრონიკაშვილმა „ბათუმელებთან“.
„ოცნებას“ და მსგავს ავტორიტარულ, მავნე რეჟიმებს სურთ, მოქალაქე აღმოჩნდეს პოლიტიკის მიღმა“, – ამბობს პოლიტიკოსი, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ქობალია. მას რეგიონებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რამდენად ხშირად მოისმინეთ პასუხი ადამიანებისგან, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან?
„ეს ბევრჯერ მოვისმინე, მაგრამ ყველაზე მეტად გაოცებული იმით დავრჩი, რომ, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აპოლიტიკურები არიან, ძალიან კარგად ინფორმირებული არიან პოლიტიკურ პროცესებზე და აქვთ სათანადო ცოდნა. მე ძალიან პოზიტიურად გაოცებული ვიყავი ამ ადამიანების ანალიზის სიღრმესა და განათლების ხარისხში…“, – აჭარის მაღალმთიან სოფლებში მიღებულ შთაბეჭდილებას გვიზიარებს ირაკლი ქობალია.

ირაკლი ქობალია აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს
ირაკლი ქობალია რამდენიმე ფაქტორზე გვესაუბრება, რამაც მისი დაკვირვებით ამ დამოკიდებულების გააქტიურება გამოიწვია: „პოლიტიკა მე არ მეხება, აპოლიტიკური ვარ“.
„პირველი ამის შემადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არარსებობა ამ სიტყვის ტრადიციული და კლასიკური გაგებით. როდესაც არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა, შესაბამისად, კვდება ადგილობრივი პოლიტიკა. პრობლემას ქმნის მოცემულობა, როდესაც ქვემოდან ზემოთ არ მოდის ძალაუფლების ვექტორი და ადგილობრივ დონეზე ვერ ქმნი წარმომადგენლობით ორგანოს, რომელსაც აქვს ავტონომია, კომპეტენცია და რესურსები, რომ ეს იდეები გარდაიქმნას გადაწყვეტილებებში, გადაჭრას პრობლემები.
ამას, რა თქმა უნდა, განზრახ აკეთებენ მმართველი ჯგუფები, რომლებიც არიან ძალაუფლებაში სხვადასხვა დროს. ეს „ოცნების“ წინამორბედებსაც ეხება და სამწუხაროდ, ყველაზე უფრო დამახინჯებულ ვერსიას ვუყურებთ ჩვენ დღეს. ვიღაცას შეიძლება გზა გაუკეთონ, ან ჭიშკარი გაუკეთონ, ან რაღაც პრობლემა მოუგვარონ, მაგრამ საერთო ჩარჩო და ლოგიკა არის იმისკენ მიმართული, რომ ეს გამოიყენონ პარტიული ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი პოლიტიკა გაძლიერდეს.
სოციალური დახმარება იქნება, დასაქმების პროგრამები თუ სქემები, მთლიანად აგებულია იმაზე, რომ ამ ადამიანებმა, ვინც არიან ბენეფიციარები ამ პროგრამების, თავი იგრძნონ დავალებულად, რომ ხმა მისცენ პარტიას, რომელმაც ეს საქმე გაუკეთა. მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო ფინანსებზე ვსაუბრობთ. საკუთარ აღქმაში ისინი დავალებულები არიან კონკრეტულ პარტიასთან, რომ უნდა იყვნენ ლოიალურები,“ – ამბობს ირაკლი ქობალია. იგი საუბრობს რეალობაზე, როცა მოქალაქეების პრობლემები განსაკუთრებით სოფლებში შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ მას შესაბამისი მხარდაჭერა არ ექნება და „ოცნების“ მიერ დანიშნული სოფლის თავკაცი აითვალწუნებს.
კიდევ რატომ აწყობს „ოცნებას“ ამ პოზიციის გაძლიერება – „აპოლიტიკურები ვართ?“
„მმართველი პარტია ისე წარმართავს ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას, რომ მის ოპონენტებს თუ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა არსებობაც ლეგიტიმურია დემოკრატიულ სისტემაში, წარმოაჩენს მტრებად, მოწინააღმდეგეებად, ძალიან მძიმე ბრალდებებს იყენებს მათ წინააღმდეგ და გამორიცხავს მათთან თანამშრომლობას. მაშინ, როცა ძალაუფლება სრულად კონცენტრირებულია მმართველი ჯგუფის ხელში და ყველა სხვა გამოცხადებულია მიუღებლად, მტრად. ადამიანი ამ ვითარებაში ფიქრობს, რომ არ ითანამშრომლოს იმ სხვა ჯგუფთან, რადგან შეიძლება დახმარება დაკარგოს.
ჩემი აზრით, რაციონალურია სტრატეგია, რასაც ადამიანები ირჩევენ. ისინი ერიდებიან პოლიტიკური ორგანიზების ნებისმიერ ფორმას, რადგან შეიძლება ამან გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი გარიყვა და რისხვა მმართველი პარტიის მხრიდან.
ეს ავტორიტარული რეჟიმის ოცნებაა, რომ ადამიანები მთლიანად ემიჯნებიან პოლიტიკურ პროცესს. აპოლიტიკური ადამიანი არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მიღმა. ასეთი ადამიანი პრობლემას ვერ შეუქმნის რეჟიმს.
რეალურად დემოკრატიული იდეა იმაზე დგას, რომ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფი ორგანიზდება და შემდეგ ერთმანეთთან კონკურენციაში შედის, რა თქმა უნდა, ცივილური მეთოდებით. შემდეგ არჩევნებით, შეთანხმებით, კონსენსუსით ან კომპრომისით მიიღება გადაწყვეტილებები – ეს არის დემოკრატიული ტრადიცია. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ადგილობრივ, თუ ცენტრალურ დონეზე, ამის საპირისპიროა,“ – აღნიშნა ირაკლი ქობალიამ „ბათუმელებთან“.
ირაკლი ქობალია საუბრობს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც:
„ეს არის ოპოზიციის პრობლემაც – მას უჭირს დაარწმუნოს ადამიანები, რომ სხვაგვარი ქცევა შესაძლებელია, უფრო მეტი პოლიტიკური ჩართულობით და კოლექტიური ორგანიზებით შედეგებზე გასვლა. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ ადამიანებმა დაინახონ პოლიტიკური ძალა, ვისთანაც შეიძლება თანამშრომლობა. მათ უნდა იგრძნონ საკუთარი ძალა, რაც უნდა გამოიყენონ პოლიტიკური ბრძოლისთვის.
ეს მალე ვერ მოხდება, მაგრამ ვიწყებთ იქიდან, სადაც ახლა ვართ.
ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ განზრახვა, რომ ადამიანები პოლიტიკურ პროცესს მიღმა აღმოჩნდნენ. ფიქრობს, რომ მას ეს დაეხმარება დიდი ხნით შეინარჩუნოს ძალაუფლება… ნაწილობრივ მაინც მიაღწია ამას „ოცნებამ“, რადგან აპათია იკითხება ამ ფრაზაში – „აპოლიტიკურები ვართ“. ეს ფრაზა აბსურდია, რადგან ჩვენ ვმოძრაობთ ტრანსპორტით, მოვიხმართ ჯანდაცვას, ჩვენი შვილები დადიან სკოლაში ან უნივერსიტეტში… შესაბამისად, იზოლირება, სრული განკვეთა საზოგადოებიდან არ ხდება.
აპოლიტიკური ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ამბობს, რომ ხმას ფასი არ აქვს, მისი ხმა არსად ისმის და ის გავლენას ვერ ახდენს იმაზე, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ადამიანები, რომლებიც არიან აპათიაში და უიმედობაში, ძალიან ვიწრო გადმოსახედიდან უყურებენ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. სინამდვილეში დემოკრატიულ ვითარებაში ადამიანი, ინდივიდი, ამომრჩეველი არის მთავარი სუბიექტი და მოქმედი პირი“, – უთხრა ირაკლი ქობალიამ „ბათუმელებს“.






