დღეს, 11 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილეს მზია ამაღლობელის საქმე. ამჯერად საქმე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების დადგენას ეხებოდა.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის 16 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.
მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.
„თავისუფლება მზიას“- შეძახილებითა და ტაშით დახვდა გულშემატკივრებით და მოქალაქეებით სავსე დარბაზი დღეს მზია ამაღლობელს.
„სიჩუმე დარბაზში“ – ხმადაბლა გაისმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ხმა, რომელსაც უკვე დაეკავებინა მოსამართლის სავარძელი.
ცისფერ პერანგში გამოწყობილი მზია ამაღლობელი ხელის აწევით მიესალმა შეკრებილებს, გაიღიმა და ისევ უარი თქვა დამჯდარიყო ბრალდებულისთვის განკუთვნილ სკამზე.
სხდომის დასაწყისში მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ნინო ხუციშვილმა მოსამართლეს მიმართა, ნება მიეცით მზია ამაღლობელს ჩემ გვერდით დაიკავოს ადგილიო. მოპასუხე მხარის პოზიცია არც კი მოუსმენია, ისე თქვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
ადვოკატმა პროცესზე ასევე მოითხოვა საქმისთვის იმ ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებების სახით დართვა, რომლებითაც დასტურდება, როგორ დააკავეს მზია ამაღლობელი უკანონოდ და როგორ გააყალბეს მისი დაკავების საქმე.
„როცა თქვენ არ განიხილეთ სარჩელი და შემდეგ სააპელაციომ უკან დაგიბრუნათ, თქვენ აცილება არ მოითხოვეთ… რადგან თქვენ არ მოითხოვეთ აცილება, არც ჩვენ მოვითხოვეთ ეს, იმიტომ, რომ მთელი ეს პროცესები სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვის რიტუალს დაემსგავსა, სამწუხაროდ“ – მოსამართლეს მიმართა მზია ამაღლობელმა და ვიდრე აქციაზე მისვლას და სტიკერის გაკვრის გამო დაკავებას გაიხსენებდა, დარბაზში შეკრებილ ადამიანებს გადაუხადა მადლობა – თქვენი ყოველდღიურობა სავსეა საფრთხეებით და მაინც არ მტოვებთ მარტოო.
„ვიდრე არსებობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიც საიაა, არ უნდა დავკარგოთ რწმენა, რომ გვექნება დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა…“- აღნიშნა მზია ამაღლობელმა და მერე აღწერა, როგორ შექმნეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა მის საქმეში სიყალბე, „პარალელური რეალობა“.
„ფაქტი იყო ის, რომ არ იყო არანაირი მოწოდება, მე გავაკარი სტიკერი შსს-ს გალავანზე სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად…“- რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება მზია ამაღლობელმა. მან გაიხსენა, რომ იმ საღამოს, როცა თავდაპირველად აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს საჯარო სივრცეში, ასფალტის საფარზე გაკეთებული წარწერისთვის, თავად ოფისში იყო და თავის საქმეს აკეთებდა.
მზია ამაღლობელი აქციაზე მივიდა მას შემდეგ, როცა გაიგო, რომ იქ მოქალაქე დააკავეს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების სარგებლობისთვის.
„ადგილზე რომ მივედი, გავიგე, რომ კიდევ 7 პირი იყო დამატებით დაკავებული…
მე დამაკავა გრიგოლ ბესელიამ, ეს არ ყოფილა ამოცნობის გამო… ჩემთან კომუნიკაციაში არავინ შემოსულა, ვიდრე არ ამიყვანეს პოლიციის მე-3 სართულზე.
მთელი ეს სიყალბე მოდის იქიდან, რომ პირი, რომელმაც დამაკავა, იყო რეგიონის პოლიციის უფროსი და მან სტიკერის გაკვრის გამო დამაკავა… არც დაკავების დროს და არც შემდეგ არავის განუმარტავს, რატომ დამაკავეს“,- აღნიშნა მზია ამაღლობელმა დღევანდელ პროცესზე.
სიყალბე რამდენიმე გარემოებით დასტურდება:
პირველი: უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, თუმცა ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი გოჩა ვანაძემ დააკავა. კადრებში ჩანს, რომ გოჩა ვანაძე არც კი მიახლოვებია მზია ამაღლობელს.
მეორე: მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე – ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი განმარტავს, რომ მზია ასკ-ის 150-ე მუხლით დააკავეს (შენობის იერ-სახის დამახინჯება), მაგრამ ეს მუხლი პირის დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს.
საბოლოოდ, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის ორჯერ გაასამართლეს, რაც კანონის დარღვევაა. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა ცრუ ჩვენებების მიცემით დაკავდნენ შს მაღალჩინოსნები, მათ შორის, გრიგოლ ბესელია, რომელმაც თქვა, რომ 150-ე მუხლის დარღვევაზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი. ბესელიას ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ოქმი შეადგინეს.
„მე 15 წელია მოსამართლე ვარ, როგორ ფიქრობთ, ცნობადი ვარ?“- საიას ადვოკატს მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
„დიახ“- წამოიძახეს დარბაზში.
„პატრულიც მაჩერებს და საბუთებს მთხოვს“- მაგალითი დაასახელა მოსამართლემ.
ეს შეკითხვა მოსამართლეს შსს-ს ვერსიის გასამყარებლად დასჭირდა: თითქოს მზია ამაღლობელი პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით დააკავეს და სამართალდარღვევის აღკვეთისთვის. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება შსს-ს არ წარმოუდგენია.
„ჩემთვის პირადობა არავის მოუთხოვია… იურისტი არ მოუთხოვიაო, არადა აქციაზე იურისტის გარეშე არ მივედი, რომ დაკავებულს შეხვედროდა იურისტი. როგორ ფიქრობთ, მე არ მოვითხოვდი ამ დროს იურისტს?“ – განხილვაში ჩაერთო ისევ მზია ამაღლობელი.
„დამღალა ამ უსამართლობამ“- წამოიძახა დარბაზში მყოფმა მოქალაქემ, დარეჯან რუხაძემ. მან თქვა, რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს, პაუზის შემდეგ კი დაამატა, ვიდრე მოსამართლის მითითებით დატოვებდა დარბაზს:
„დამღალა ივანიშვილმა, როგორ ჭამთ პურს? როგორ არ იხრჩობით?“- მოსამართლეს მიმართა ქალმა.
საიას ადვოკატმა, ნინო ხუციშვილმა მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება: მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რომელმაც გასულ წელს განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, მიიჩნია, რომ არ დასტურდება მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების ლანძღვა-გინება – ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელებს შეურაცხყოფდა და სწორედ ამის გამო დააკავეს.
მოსამართლე სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებით, მზია ამაღლობელი პოლიციელებს ხელს უშლიდა დაკავებაში და ეს იყო სამართალდარღვევა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა „ბათუმელების“ თანამშრომლებს: ეკა ბერიძესა და არჩილ კახაძეს, წესრიგს არღვევთო.
„შავი მაიკით რომ ხართ, აბრძანდით“- მიმართა მოსამართლემ არჩილ კახაძეს.
„მაიკით არა, მაისურით“- მოსამართლეს შეუსწორეს დარბაზიდან.
„მადლობა, რომ არ მასმენინებთ ამ სიყალბეს“- უთხრა მოსამართლეს არჩილ კახაძემ, ვიდრე სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა.
„გრიგოლ ბესელიას მოქმედება რა იყო, შეგიძლიათ გვითხრათ?“ – შსს-ს იურისტებს მიმართა ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა. მან იმ კადრზე მიუთითა, რომელშიც ჩანს, რომ გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელს აკავებს და პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეჰყავს.
„ეს სამართლებრივი შეფასებაა“- შეკითხვას არ უპასუხა შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ.
დღევანდელ პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა განავითარეს ვერსია, რომ მზია ამაღლობელი თითქოს თავისი ნებით მიყვებოდა გრიგოლ ბესელიას. საპირისპირო რამ ჩანს უწყვეტ კადრებში.
„თავისუფალ მდგომარეობაში გადაადგილდებოდაო, მომწონს თქვენი ეს განმარტება“- შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა.
შსს-ს იურისტებმა დღევანდელ პროცესზე განმარტეს – ჩვენ პოლიციელ გოჩა ვანაძის ჩვენებას ვეყრდნობით და მზია ამაღლობელი დააკავეს იდენტიფიცირების გამო და არა სამართალდარღვევის აღკვეთის გამოო.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მზია ამაღლობელს არ დაუმალავს რომელიმე პოლიციელისთვის საკუთარი ვინაობა, იდენტიფიცირების დადგენის გამო კი პირის დაკავება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა პირი უარს ეუბნება სამართალდამცველებს იდენტიფიცირებაზე.
„მხოლოდ სახელის და გვარის თქმა არაა საკმარისი იდენტიფიცირებისთვის“- აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ. მას არ დაუზუსტებია, დამატებით რა გააკეთეს პოლიციელებმა, მაგალითად, პოლიციის შენობაში მზია ამაღლობელის ვინაობის დასადგენად.
„მხარის მიერ ხდება კადრების ინტერპრეტირება“- თქვა შსს-ს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ. მისი მტკიცებით, გრიგოლ ბესელიას არ დაუკავებია მზია ამაღლობელი და რასაც ვიდეოკადრებში ვხედავთ, ამას არ უნდა დავუჯეროთ.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი სიყალბე: ამ ადმინისტრაციულ საქმეში შსს-მ წარმოადგინა ის კადრი, რომელიც მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდეა გადაღებული. ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. კადრების გაყალბება შსს-ს იმიტომ დასჭირდა, ეჩვენებინა, თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს ხელს უშლიდა ვინმეს დაკავებაში.
საბოლოოდ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მზია ამაღლობელის დაკავება კანონიერად მიიჩნია. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამით დასრულდა.
- რა ხდება?
ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რამდენიმე თვის წინ უარი თქვა იმ მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და არ არსებობდა დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები.
თუმცა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო დააკავეს. სწორედ აღნიშნული დაკავების კანონიერების დასადგენად ჩატარდა დღეს, 11 მაისს სასამართლო სხდომა.
მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში 3 საქმეს აწარმოებს და გასაგზავნად ამზადებს მე-4 საჩივარს.
ამ თემაზე:
ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს






