მთავარი,სიახლეები

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან 76 ბავშვი, 5 წლამდე ასაკისაა

03.04.2026
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან 76 ბავშვი, 5 წლამდე ასაკისაა

საქართველოში ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევები ისევ მაღალია. მაგალითად, ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი ცნეს დაზარალებულად.

აქედან, 219 ბავშვი განაცალკევეს ბიოლოგიური ოჯახისგან.

დაზარალებულად ცნობილი ბავშვებიდან 76 ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა, 188 ბავშვი 5-იდან 10 წლამდე, 191 ბავშვი 11-15 წლის და 78 ბავშვი, რომელზეც იძალადეს, 16-17 წლისაა. 

როგორც სახალხო დამცველი წერს ანგარიშში, ეს მონაცემები მაინც არ ასახავს რეალურ სურათს, სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„2025 წლის საქმისწარმოების ფარგლებში, 70 საქმე შეეხებოდა ბავშვთა მიმართ ოჯახში სხვადასხვა ფორმით ძალადობას. შესწავლის შედეგები მიუთითებს პოზიტიური მშობლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.

განსაკუთრებით პრობლემურად რჩება ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეები, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები წლების განმავლობაში განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მანიპულირებას მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

ეს გამოწვეულია შესაბამისი სერვისების სიმწირით, დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირებით,“- წერს ომბუდსმენი.

სქესობრივი ძალადობა

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის და სექსუალური ექსპლოატაციის 176 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

„გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 189 ბავშვი ცნეს დაზარალებულად.

კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის დასახვეწად თუ არსებული პრაქტიკის, სერვისების გასაძლიერებლად, არც 2025 წელს გადადგმულა,“- წერს სახალხო დამცველი.

მისივე ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა, კვლავ საჭიროებს დახვეწას საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.

ბავშვებზე სქესობრივი ძალადობის მაჩვენებელი ასაკის და სქესის მიხედვით.
წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.

„პრობლემას წარმოადგენს ძალადობაზე, ძალადობის მუქარასა და უმწეო მდგომარეობის გარემოებებზე დაფუძნებული კვალიფიკაცია, აგრეთვე ქვედა ასაკობრივი ზღვრის არარსებობა, რომლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური ხასიათის შეღწევა პირდაპირ გაუპატიურებად დაკვალიფიცირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ  ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკის გამკაცრების, მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის, პრევენციისა და ბავშვების მხარდაჭერის კუთხით, ჯერ კიდევ 2024 წელს ინიცირებული ღონისძიებები ამ დრომდე არ განხორციელებულა.

წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება სექსუალურ ძალადობა განცდილი ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგრად მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების მისაწვდომობა.

ერთადერთი სერვისი, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედარებით ბავშვზე მორგებულ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას იძლევა და მათ გრძელვადიანი რეაბილიტაციის მომსახურებას აწვდის, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრია”, რომელიც მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს.

შესაბამისად, სერვისი გეოგრაფიულად მისაწვდომი არ არის,“- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთანავე, როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებული  გამოწვევები კვლავ უცვლელია.

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში მყოფ ბავშვებს ისევ საათობით უწევთ მგზავრობა ცენტრში მისასვლელად, რაც ცალსახად არ შეესაბამება მსხვერპლზე მორგებულ, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომასა და მნიშვნელოვნად ზრდის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს,“-ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

_____________________

მსგავს თემაზე:

სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: