სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია ტენდერებს იგებს – „გამჭვირვალობა“

31.03.2026
ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია ტენდერებს იგებს – „გამჭვირვალობა“

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2025 წლებში 3 მილიონ 848 ათას 985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო.

შპს „კომპასი ჯ.კ“-მ რამდენიმე ტენდერი მანამდეც მოიგო, ვიდრე გიორგი ლომთათიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდებოდა. 2019-2021 წლებში კომპანიამ მხოლოდ 762 432 ლარი მიიღო. ბოლო 7 წლის მანძილზე კი ტენდერიდან შპს „კომპასი ჯ.კ“-ს შემოსავალმა ჯამში 4 614 417 ლარი შეადგინა.

საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიის შემოსავლებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა. 

გიორგი ლომთათიძე, 2021 წლიდან დღემდე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“ – დეპუტატობის პერიოდში, 2021-2025 წლებში მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ,  „კომპასი ჯ.კ“-მ 3 848 985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო.

შპს „კომპასი ჯ.კ“-ს 100% წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ლომთათიძის დის მეუღლე, გიორგი ხელაძეა.

თავდაპირველად ამ კომპანიას გიორგი ლომთათიძის და, ეკატერინე ლომთათიძე ფლობდა, შემდეგ – გიორგი ლომთათიძის მამა, დამირ ლომთათიძე, რომელმაც 2019 წლის 18 თებერვალს კომპანიის 100% წილი უსასყიდლოდ გადასცა თავის სიძეს, გიორგი ხელაძეს. ეს კომპანია მონაწილეობს მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში.

1 მილიონ 084 272 ლარის ჯამური ღირებულების ტენდერი (NAT260001302NAT250016580 და NAT240017814) შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირებისგან მიიღო.

ამ იურიდიული პირების და, მთლიანად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, კონტროლი გიორგი ლომთათიძის, როგორც საკრებულოს წევრის ვალდებულებაა, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით.

მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა და ინტერესთა კონფლიქტის ნათელი გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ასევე მოიგო სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებული 420 878 ლარის ჯამური ღირებულების ტენდერი (NAT250001679 და NAT230006457) და ამ დროს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილე და სატენდერო კომისიის წევრი გიორგი ლომთათიძის მეუღლე, სოფიკო გუჯაბიძე იყო.

მეტიც, სოფიკო გუჯაბიძემ ორივე შემთხვევაში შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერით დააფიქსირა პოზიცია, რომ მას და შპს „კომპასი ჯ.კ“-ს ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნიათ. სოფიკო გუჯაბიძე 2015-2018 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.