მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო სამ როლექსის საათს ყიდის

13.03.2026
სახელმწიფო სამ როლექსის საათს ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის სამ ძვირადღირებულ მაჯის საათს.

ელექტრონული აუქციონის საიტზე სააგენტომ საათები გასაყიდად 11 მარტს დადო.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია სამი Rolex-ის ფირმის საათი.

149 600 ლარად იყიდება Rolex-ის ვარდისფერი ოქროს საათი [MODEL 126715CHNR, SERIAL 664177K8], რომელსაც სამაჯურზე დატანილი აქვს გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750,  8GY, ROLEXSA. [აუქციონზე ვაჭრობის ბიჯია 2 992 ლარი].

48 900 ლარადაა შეფასებული და ყუთის გარეშე იყიდება როლექსის ფირმის საათი [MODEL 136660, SERIAL 641N9337], რომელსაც სამაჯურზე დატანილი აქვს გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA. [ბიჯი 978 ლარი].

45 800 ლარადაა შეფასებული როლექსის ფირმის საათი, სერიული ნომრით G504P034, მოდელის ნომერი:278273, რომელსაც აქვს სამაჯური უჟანგავი ფოლადით და 18K ოქროს მოპირკეთებით. საათი იყიდება ყუთით და ბარათებით, მუშა მდგომარეობაში. [ბიჯი 916 ლარი].

ჯამურად გასაყიდად გამოტანილი საათების საწყისი გასაყიდი ღირებულება 244 300 ლარია.

ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით საათების ყიდვის ინტერესი ჯერ არავის გამოუხატავს.

აუქციონები 2026 წლის 25 მარტს უნდა დასრულდეს.

უცნობია როგორ აღმოჩნდა ეს საათები სახელმწიფო ქონების ბალანსზე.

დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ძვირადღირებული საათი იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფო ქონების სააგენტოს ბალანსზე თუკი სასამართლომ მოახდინა მისი კონფისკაცია; აღიარებულია უკანონო ან დაუსაბუთებელ ქონებად; იყო ნივთმტკიცება და სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა; გახდა უპატრონო ან სახელმწიფოს ნებაყოფლობით გადასცეს.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საპრივატიზებო ქონების გატანა – ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

მყიდველი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს  ცხელ ხაზზე (1420) და შეათანხმოს მოგებული ქონების გატანის სავარაუდო დრო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.