მთავარი,სიახლეები

ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა

24.02.2026
ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა

დიდმა ბრიტანეთმა 50 ნავთობტანკერი დაასანქცირა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსული წარმოების ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში.

დასანქცირებულ გემებს შორისაა ნავთობტანკერი ALTURA – (IMO 9292199), რომელიც 2025 წლის 6-7 ოქტომბერს ყულევის პორტშიც იმყოფებოდა.

გემს მაშინ KAYSERI ერქვა, პანამის დროშის ქვეშ ცურავდა და საქართველოში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა.

ნავთობტანკერის მიერ შემოტანილ ტვირთზე შემოსავლების სამსახურმა 21 ოქტომბერს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც საერთაშორისო სააგენტო როიტერსმა დაწერა, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა.

„ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი“, – განმარტა 2025 წლის 21 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა.

მიმართვის მიუხედავად, უწყებამ დამატებითი ინფორმაცია არ გასცა და არ განმარტა, სად წავიდა რუსეთიდან შემოტანილი  ტვირთი. შემოსავლების სამსახურმა ეს „საგადასახადო საიდუმლოებით“ ახსნა.

ნავთობტანკერის ყულევში ყოფნა დაადასტურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც, თუმცა განმარტა, რომ იმ დროისათვის გემი არ იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებდა არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში.

დღეს, 24 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სხვა 50 გემთან ერთად დაასანქცირა კაისერი, რომელსაც სახელი აქვს გადარქმეული, ახლა ALTURA ჰქვია და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ ცურავს.

„გვაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ALTURA – IMO 9292199 იყო ან შესაძლოა ჩართული იყოს საქმიანობაში, რომლის მიზანი ან შედეგია უკრაინის დესტაბილიზაცია ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის შერყევა ან მათთვის საფრთხის შექმნა, ან რუსეთის მთავრობისთვის სარგებლის მოპოვება ან მისი მხარდაჭერა. კერძოდ, ALTURA ჩართულია რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსეთში წარმოებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში,“ – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დასაბუთებაში, თუ რატომ დაედო კონკრეტულ გემს სანქცია.

დასანქცირებულ გემს ეკრძალება გაერთიანებული სამეფოს პორტში წვდომის მიღება, მისი კაპიტნის ან ლოცმანის მიერ პორტში შესვლა. შესაძლებელია გემის რეგისტრაციის გაუქმება გაერთიანებული სამეფოს გემების რეესტრში.

დიდი ბრიტანეთის სანქციებში მოხვედრამდე, ALTURA – იგივე KAYSER ევროკავშირმა დაასანქცირა.

KAYSER – IMO 9292199 მონიშნეს, როგორც ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი, რომელიც მონაწილეობდა რუსული ნავთობის ყიდვა-გაყიდვასა და ტრანსპორტირებაში.

ევროკავშირის სანქციების დადების შემდეგ გემმა შეიცვალა სახელწოდება, დროშა და კომპანია. სახელწოდების და დროშის შეცვლა სანქციებისგან თავის არიდების გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა ამის მიუხედავად, IMO 9292199 ბრიტანული სანქციების ქვეშ მაინც მოხვდა.

დიდმა ბრიტანეთმა დაწესებული სანქციების შესახებ დღეს, 24 თებერვალს განაცხადა.

დღესვე გამოქვეყნდა დასანქცირებული გემების, კერძო კომპანიების და ინდივიდუალური პირების ჩამონათვალიც.

გამოქვეყნებული სიის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შემდეგი გემები:

EVERDINE – IMO9382073, EVALI – IMO9400980, ETHERA IMO9387279, ESTELLA – IMO9308170, DENVER – IMO9382712, CHONGCHON – IMO9294123, CELINE – IMO9252400, CAROLINE BEZENGI  – IMO9224439, BRIONT – IMO9252955, BREEZ – IMO9247778, BOLU – IMO9439539, GARUDA – IMO9272931, GENERAL SKOBELEV – IMO 9503304, GRIF – IMO9332028, GUANYIN – IMO9299707, INDRI – IMO9247429, KATY – IMO9323326, LUMIN – IMO9330599, FENGHUANG – IMO9236248, MANASLU – IMO9388027, MAVERICK – IMO9321562, MYRA – IMO9336490, NEMRUT – IMO9439541, NILANGA – IMO9412452, URIEL – IMO9336517, VELORA – IMO9290373, AS CALCUTTA – IMO9037123, HANSON – IMO9237412, INNOVATOR – IMO9306809, JEWEL – IMO9419450, JIN HUI – IMO9430272, TYCHE 1 – IMO9308077, ADITYA – IMO9323314, ALTURA – IMO9292199, APATE – IMO9433016,  AURA 1 – IMO9472634, BLUEBELL – IMO9251810,  NOVA CREST – IMO9292046, ORVI – IMO9321718, PRISMA – IMO9299678, PROMETEI – IMO9296597, SAMOS – IMO9408190, LNG SOARS – IMO9307205, KUNPENG – IMO9247194, SARASWATI – IMO9383869, SEGINUS – IMO9256028, SKADI – IMO9230971, STANISLAV GOVORUKHIN – IMO9621596, TAGOR – IMO9282481, TASSOS – IMO9408695.

მთავარი ფოტო:   ALTURA – IMO 9292199-ის სახელის ქვეშ მცურავი გემი, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. ნავთობტანკერს 2005 წელს ერქვა – BESIKTAS DARDANELLES  და ცურავდა თურქეთის დროშის ქვეშ,  2024 წელს დაირქვა Kayseri და ცურავდა პანამის დროშის ქვეშ,  2025 წელს, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა დაასანქცირა, დაირქვა ALTURA  და ცურავს სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: