მთავარი,სიახლეები

„ოცნება აპირებს მოქალაქეები ფიქრების გამო დასაჯოს“ – ინტერვიუ

04.02.2026
„ოცნება აპირებს მოქალაქეები ფიქრების გამო დასაჯოს“ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ „თუ პარლამენტი თანახმა იქნება”, გრატების შესახებ კანონპროექტში დაამატებს დებულებას, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს ან პარტიებს, ვინც „საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია“.

ამ ინიციატივას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა დღეს, 4 თებერვალს და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა“.

„ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული“, – თქვა კობახიძემ.

მიაღწევს „ოცნება“ ლეგიტიმაციას ამ გზით და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მორიგმა რეპრესიებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ მიხეილ სარჯველაძეს ესაუბრა.

  • ბატონო მიხეილ, ფაქტობრივად ახალი რეპრესიები დააანონსა „ქართულმა ოცნებამ“, ამბობს, რომ სისხლის სამართლის წესით უნდა დასაჯოს ყველა, ვინც არ აღიარებს „ოცნების“ ხელისუფლებას და მათ არალეგიტიმურს უწოდებს. რამდენად შესაძლებელია აიძულო ადამიანს აღიაროს ის, რის გამოც აქვს პროტესტი?

იურისტი არ ვარ, თუმცა, როგორც ვიცი, სისხლის სამართალში არსებობს ასეთი ფორმულირება, რომელსაც ნებისმიერი იურისტი სწავლობს პირველივე სემესტრში და ალბათ ბატონი გორდულაძეც ისწავლიდა, რომ თუ დანაშაული არ არსებობს, არ არსებობს სასჯელიც.

რის გამო უნდა დასაჯონ ადამიანები – ფიქრების და პოზიციის დაფიქსირების გამო? მაშინ, როცა ეს ადამიანები, მოქალაქეები, ვინც აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობას, ამბობენ, რომ მოხდა არჩევნების მანიპულაცია. შესაბამისად, დაირღვა ჩვენი დემოკრატიული უფლებები და ამ მთავრობას ლეგიტიმურად არ აღვიქვამთ.

ეს არის ადამიანის, ნებისმიერი მოქალაქის სრული უფლება, თუკი ის ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა. პირიქით, „ქართული ოცნების“ ავტოკრატული პოლიტიკის გაპროტესტებით დემონსტრანტები იცავენ საქართველოს კონსტიტუციას. არჩევნების მანიპულაცია და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების შეზღუდვა არის დანაშაული.

მიხეილ სარჯველაძე

  • „ქართული ოცნება“ არალეგიტიმური ხელისუფლებაა – ეს არის მოქალაქის შეფასება და ამ შეფასების გამო უნდათ, რომ დასაჯონ?

რა თქმა უნდა. არ შეიძლება ადამიანი მისი ფიქრების და სამოქალაქო პოზიციების გამო დასაჯო, როცა ის რეალურად დანაშაულს არ ჩადის. ეს არის იურიდიული ნონსენსი და სრული აბსურდი, როცა ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და ამის გამო შეიძლება დასაჯოს სახელმწიფომ.

პარლამენტში გორდულაძის ამ აზრის გამოთქმის დროს, როგორც მახსოვს, მაჭავარიანმა მოიყვანა გერმანიის „რაიხსბიურგერების“ (ანუ, ქართულად რომ ვთარგმნოთ, ეს არის „იმპერიის მოქალაქეების“) პოლიტიკური მოძრაობა, რომ თითქოს გერმანიის მთავრობამ ეს მოძრაობა აკრძალა და რატომ არ შეიძლება, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ იგივე გააკეთოსო.

  • მანიპულაციურია ეს მაგალითი?

დიახ, სრული მანიპულაციაა, რადგან საქართველოში იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებენ, ეს მოძრაობა, ზოგადად, გერმანიის როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას არ აღიარებს. ეს მოძრაობა ამბობს, რომ გერმანიის იმპერია აგრძელებს არსებობას და გერმანია, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, არ არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება.

გარდა ამისა, გერმანიაში ამ მოძრაობის წევრები უარს ამბობენ, მაგალითად, გადასახადების გადახდაზე და როგორც უკვე ვთქვი, უარყოფენ გერმანიის როგორც სახელმწიფოს არსებობის იდეას. ამიტომ არის ამ მაგალითის მოყვანა მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მიერ, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ჯგუფსა და საქართველოში არსებულ პროტესტს შორის.

საქართველოში მოქალაქეები არ აღიარებენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სახელმწიფო აქვს მიტაცებული, გერმანიაში კი ეს ჯგუფი, ზოგადად გერმანიის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას უარყოფს. უარყოფენ კონსტიტუციას და უარყოფენ, მათ შორის, ჰოლოკოსტის არსებობას.

  • პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოუწოდებენ „ოცნებას“, რომ დაიცვან კონსტიტუცია და ქართული სახელმწიფოს ინტერესები. რეალურად ამ ფაქტის ანტიპოდი მოიყვანეს მაგალითად?

ზუსტად. საქართველოში ხალხი იცავს კონსტიტუციას „ქართული ოცნებისგან“, რომელიც არღვევს და ძირს უთხრის მას – ილაშქრებს კონსტიტუციაში გაწერილი მიზნების წინააღმდეგ, როგორიცაა, მაგალითად, საგარეო პოლიტიკური მიზნები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.

ძირს უთხრიან დემოკრატიას ქვეყანაში, ფუნდამენტურ უფლებას ართმევენ ხალხს – ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ ადამიანებს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ხელს ვერაფერი შეუშლის, რომ მსგავსი იურიდიული ნონსენსის ფარგლებში მიიღოს დრაკონული კანონები იმის გამო, რომ ქვეყანაში დათესოს შიში და თავიდან მოიშოროს ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იცავენ დემოკრატიას.

თუ „ქართული ოცნების“ ლოგიკას მივყვებით, მაშინ ის ფაქტი, რომ, ვთქვათ, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები 90-იანი წლების დასაწყისიდან არ აღიარებენ არცერთ მთავრობას, რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ იყო ქვეყნის სათავეში, „ოცნების“ ლოგიკის მიხედვით, მაშინ ეს ადამიანებიც უნდა დაიჭირონ, რადგან არც ისინი აღიარებენ არცერთი შემდგომი მთავრობის ლეგიტიმურობას.

ეს მაგალითიც კარგად აჩვენებს იმას, რომ რეალურად „ოცნების“ განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს – ამ დრაკონული კანონების მეშვეობით მოაშთოს, დაახრჩოს საქართველოში თავისუფალი აზრი და გააქროს ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ არ დაკარგონ თავისუფლება.

  • ეს ინიციატივა რას აჩვენებს – „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ მათ არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობა?

ეს მათთვის მტკივნეულია არა მორალური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ქართული ოცნების“ მიზანია საბოლოოდ და გრძელვადიან პერსპექტივაში დაამყაროს ავტოკრატიული მმართველობა, რომელსაც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო თუ ორგანიზაცია აღიქვამს როგორც ერთადერთ რეალობას. შესაბამისად, მათ მიზნებშია ის, რომ აღარ იარსებოს საქართველოში საპროტესტო მოძრაობამ, აღარ იარსებოს თავისუფალმა აზრმა, რომ ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს უთხრას – „მხოლოდ ჩვენ ვართ, არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა და სხვა გზა აღარ გაქვთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაღიაროთ“.

  • ტერორით მიღებული „აღიარება“ იქნება კი იმის გარანტია, რომ მაგალითად ევროკავშირის ქვეყნები ან აშშ დაელაპარაკება მათ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას?

მსგავსი ნაბიჯები ემსახურება იმ მიზანს, რომ ერთი მხრივ ქვეყანაში აღარ იყოს შიდა ოპოზიცია, აღარ არსებობდეს შანსი იმისა, რომ გაღვივდეს საპროტესტო მუხტი და მეორე მიზანი არის ის, რომ სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააგრძელოს მათთან, როგორც სახელმწიფოსთან ერთადერთ, უალტერნატივო წარმომადგენელთან ურთიერთობა. „ქართულ ოცნებას“ უკვე ჰყავს საკუთარი ფსევდო-ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა მეშვებით აპირებს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების თუ პოლიტიკური ძალებს ჩანაცვლებას.

თუმცა, მსგავსი ანტიდემოკრატიული ქმედებების საფუძველზე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია დემოკრატიულ სამყაროში უფრო გაიზრდება და გაძლიერდება. თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის საქართველოს ურთიერთობებს, ვთქვათ, ავტორიტარულ ალიანსებთან – პირიქით. სწორედ ამიტომ არის ავტოკრატიის წინააღმდეგ პროტესტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოში დემოკრატიის და, ზოგადად, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გადასარჩენად.

„ოცნების“ ხელისუფლება ამოვარდნილია დღის წესრიგიდან, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში თუ შავი ზღვის რეგიონში სწორედ მისი არათანმიმდევრული, ავტოკრატიული და შეთქმულების თეორიებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკის წყალობით.

  • დღეს შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ბრიუსელისგან ჩვენ უკვე აღარაფერს აღარ ველოდებითო“. ეს რას ნიშნავს, რას ელოდნენ აქამდე, თუ დარწმუნდნენ იმაში, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის ყველა გზა მოჭრილია? 

„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების საბოტაჟი. მან გაყინა ევროინტეგრაცია. თუმცა, „ქართული ოცნებისთვის“ ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

სწორედ ამიტომ მათ არ სურთ, რომ პროცესები პარტიის სრული იზოლაციით დასრულდეს. მაგრამ როცა საქმე ეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს და ინტეგრაციას ევროკავშირთან, „ქართული ოცნება“ ყოველთვის საპირისპირო მიმართულებით წავა, რადგან დემოკრატია ძალაუფლების დანაწილებას და ბალანსს გულისხმობს და არა უზურპაციას.

პროპაგანდის ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობის გასაგონად ამბობს ამას ბატონი პაპუაშვილი, რადგან ევროკავშირისთვის დიდი ხანია ცხადია, რომ „ოცნების“ მიზანს დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება არ წარმოადგენს. პირიქით „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ევროკავშირს დააბრალოს. სწორედ ეს არის „ოცნების“ პროპაგანდის მიზანი.

  • როგორც თქვენ თქვით, „ქართული ოცნება“ გადადის იმ ეტაპზე, როცა ადამიანების დასჯას აპირებს ფიქრების გამო. რამდენად მიღწევადია ეს?

ეს იქნება სწორედ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის და ფიქრების გამო დასჯა პირდაპირი მნიშვნელობით. რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა, რა თქმა უნდა. ამ ყველაფრისგან ჩვენ შორს არ ვართ. პირიქით, კიდევ უფრო ვუახლოვდებით იმ ზღვარს, როცა ძალაუფლების სათავეში მყოფი ჯგუფი მაქსიმალურად გააკონტროლებს საკუთარ მოქალაქეებს და შეეცდება, რომ თავისუფალმა აზრმა აღარ იარსებოს ქვეყანაში – არც მედიამ, არც არასამთავრობო სექტორმა და რაც მთავარია, უბრალო მოქალაქეებმა, რომლებიც საკუთარ სახელმწიფოს იცავენ კონკრეტული პარტიის მიერ სახელმწიფოს მიტაცებისგან.

თუ ზოგადი სურათის აღქმა გვსურს, უნდა დავაკვირდეთ ავტორიტარულ ალიანსებს, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას საფრთხედ აღიქვამენ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა შემთხვევით არ მოდის თანხვედრაში კრემლის პოლიტიკასთან.

გერმანიაში არსებობს პრორუსული პოზიციების მქონე, ევროსკეპტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ბოლო ხანებში გერმანიის მთავრობისგან დაჟინებით ითხოვს გაამხილოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდებები, რომლებთანაც გერმანიის მთავრობა საქართველოში თანამშრომლობს.

გერმანიის მთავრობა აღნიშნულ პარტიას არ აწვდის ამ ორგანიზაციების დასახელებებს, რადგან თვლის, რომ მათ შესაძლოა საფრთხე შეექმნათ.

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ ცდილობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მსგავსი ინფორმაციის მიღებას იმ ფონის გათვალისწინებით, რომ სწორედ აღნიშნულმა პარტიამ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“- რეზოლუციებით ბუნდესტაგში, თუ ევროპარლამენტში.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“, კრემლთან მჭიდრო კონტაქტების ფონზე, მსგავსი ნაბიჯებით საქართველოში, იმ ორგანიზაციების და ადამიანების გაქრობას ემსახურება, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან დემოკრატიის სადარაჯოზე.

ეს ერთ-ერთი მაგალითია, თუმცა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენება ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს. მათ შორის, ისეთი აბსურდული კანონების მიღებაც, რომლებიც სწორედ თავისუფალი მოქალაქის გაჩუმებას, შეშინებას ემსახურება და სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში.

________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში. ფოტო: „ნეტგაზეთი“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: