პროკურატურის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.
საუბარია 2026 წლის 6 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარ შემთხვევაზე.
შსს-ს გამოძიების თანახმად:
„სოფელ ყალაჯალაში, მამის ცემის გამო გაბრაზებული ბრალდებულები, დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და მამა-შვილს სცემეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულებს რამდენჯერმე განზრახ დააჯახა ავტომობილი.
მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა მოხერხდა“.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩადენილი ჯგუფურად ონი ან მეტი პირის მიმართ), 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 19,109-ე მუხლის „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






