დღეს ბათუმში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით რეგიონული სამინისტროთაშორისი სემინარი იმართება, სახელწოდებით „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“.
სემინარში მონაწილეობენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ევროპის 13 ქვეყნიდან, ასევე საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 75%-ის და შიდა ვაჭრობის 31%-ის დამუშავებით, პორტები ხელს უწყობენ კეთილდღეობას ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებთან, თუმცა ასევე განსაკუთრებით დაუცველები არიან კრიმინალური საფრთხეების მიმართ.
საზღვაო ტრანსპორტი კი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ გამოყენებული ვექტორია, განსაკუთრებით ნარკოტიკებით ვაჭრობის სფეროში.
სემინარის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ.
„ბათუმში იმართება ნარკოტრაფიკთან ბრძოლის შესახებ სემინარი.
ეს არის უმნიშვნელოვანესი, პრიორიტეტული საკითხი ფრანგული მთავრობისთვის. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ამ თემას მიანიჭეს უმაღლესი მნიშვნელობა.
უნდა გვესმოდეს, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი საზოგადოებებისთვის, ჩვენი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის. ნაღდი ფულის უზარმაზარი ოდენობა, ნარკოტიკების უზარმაზარი ნაკადი აღწევს ჩვენს საზოგადოებებში და ანგრევს ჩვენს ახალგაზრდობას. სწორედ ამიტომ დავაყენეთ ეს საკითხი ყველაფერზე წინ.
ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს. პირველი განზომილება: ეს არის გუნდური საქმე. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაართმევს ამას თავს მარტო. ამიტომაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ მოქმედება იყოს კოლექტიური და გაიმართოს ამგვარი სემინარები და კონფერენციები რეგიონული უსაფრთხოების ძალების პროფესიონალების მონაწილეობით.
მეორე – ეს არის სპეციფიკური ზონა, ძალიან მნიშვნელოვანი ზონა. და საქმე მხოლოდ ნარკოტიკებს არ ეხება.
სამხრეთ კავკასია ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გზაჯვარედინი – საუკეთესო თვალსაზრისითაც და უარესითაც. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონული აქტორის ჩართულობა შენარჩუნდეს ამ ზონაში ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვმსჯელობთ შავ ზღვაზე, უზარმაზარ და მზარდ კავშირგაბმულობაზე სამხრეთ კავკასიით და იმ აუცილებლობაზე, რომ წინასწარ ვივარაუდოთ ევროპაში ნარკოტიკების შემოსვლა.
როგორც ვიცე-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არ არის ნარკოტიკების მწარმოებელი ადგილი, არამედ სატრანზიტო ქვეყანაა. სწორედ ამიტომ ვაფასებთ ამ სფეროში თანამშრომლობას,“ – თქვა ოლივიე კურტომ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.
როგორც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, სემინარი „საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით“ გაიმართა.
სემინარს „ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ ჩოკოშვილი ესწრებოდნენ.






