ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს და კიდევ 6 ბრალდებულს, რომლებიც „4 ოქტომბრის საქმეზე“ დააკავეს, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს გაიმართა.
„მთელი ცხოვრების განმავლობაში პატიოსან, კანონმორჩილ ადამიანად ვითვლები. ჩემში არ ზის მოძალადე. ვთვლი, რომ სიყვარულის დესპანი ვარ. ჩემი პიროვნება არ უნდა შეისწავლონ? უამრავი მასალა დევს ჩემზე სუსში“, – მიმართა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს ზურაბ ჭავჭანიძემ.
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად დღევანდელ პროცესზე კიდევ 6 პირს: ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, კონსტანტინე კოკაიას და კობა ეპიტაშვილს შეუფარდეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.
ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ ბრალდებულის გათავისუფლება გირაოს საფუძველზე მოითხოვა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„4 ოქტომბრის საქმეზე“ პროკურატურამ 45 ადამიანი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამ თემაზე:
„განზრახვაც კი არ მქონია ძალადობისო, შეშფოთდა, როცა ბრალი წაუკითხეს“ – ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი






