მთავარი,სიახლეები

სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის

15.10.2016
სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებიც ამ სამინისტროსგან სასწავლო თანადაფინანსებას იღებენ, დაფინანსება მოეხსნებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველ სემესტრში ვერ დააგროვებენ აკადემიური ქულების 71 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 17-მა სტუდენტმა ვერ დააგროვა ქულათა განსაზღვრული რაოდენობა, 4-მა კი – წელს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის განმარტებით, გრანტის მიზანი სტუდენტების სტიმულირებაა. „გრანტს ვერ გავცემთ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველია ან ობოლი. გრანტი რომ მიიღოს, სტუდენტი ნამდვილად წარმატებული უნდა იყოს“, – გვეუბნება მინისტრი.

მისი აზრით, კარგი იქნება, თუ საქართველოს განათლების სამინისტროც გადახედავს საგრანტო პოლიტიკას და მხოლოდ წარმატებულ სტუდენტებს დააფინანსებს.

„ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს საგრანტო პოლიტიკა და მხოლოდ ეროვნული გამოცდების ქულათა მონაცემებით არ უნდა გაგრძელდეს დაფინანსება. სტუდენტი, რომელიც ვერ შეინარჩუნებს მაღალ აკადემიურ მოსწრებას, მას უნდა შეუწყდეს სახელმწიფო დაფინანსება და მიეცეს იმ სტუდენტს, ვინც კარგად სწავლობს; ვინც ეროვნული გამოცდების შედეგებით ვერ მიიღო დაფინანსება, თუმცა სტუდენტობის დროს მიაღწია მაღალ აკადემიურ დონეს“, – ამბობს მინისტრი.

აჭარის განათლების სამინისტროს პოზიციაა, რომ 71 ქულაზე ნაკლები თუ აქვს ჯამურად სტუდენტს პირველ სასწავლო სემესტრში, მას აღარ გაუგრძელდეს სახელმწიფო დაფინანსება.

აჭარის განათლების სამინისტროს, განათლების დეპარტამენტის უფროსის ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის ინფორმაციით, 2015 წელს, იმ 920 სტუდენტიდან, რომელთაც აჭარის განათლების სამინისტრო უფინანსებდა სწავლებას, 17-მა ვერ დააგროვა ქულათა მინიმალური რაოდენობა (71 ქულა), მიმდინარე წელს კი – 4-მა სტუდენტმა.

„დაფინანსების თაობაზე აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსი წელიწადში ორჯერ – აგვისტოსა და იანვარში ცხადდება. წლის დასაწყისში ანუ იანვარში კონკურსი ცხადდება პირველკურსელებისთვის, აგვისტოში კი პირველ-მეორე და მესამე კურსელებისთვის, ანუ მათთვის, ვინც წინა წლებშიც ჩაირიცხა.

2016 წელს ვინც ჩაირიცხა, მათთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის იანვარში. იმ სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოპოვებული აქვთ დაფინანსება და პირველ სასწავლო სემესტრში შეინარჩუნებენ მაღალ აკადემიურ მოსწრებას (მინიმალურ 71 ქულას), აჭარის განათლების სამინისტრო გაუგრძელებს დაფინანსებას, ხოლო ვინც ვერ შეინარჩუნებს, მათ შეუწყდებათ დაფინანსება და მიიღებენ ისინი, ვისაც საკონკურსო კომისია შეარჩევს“, – გვეუბნება ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისივე ინფორმაციით, საკონკურსო პირობების მიხედვით, შესაძლებელია სტუდენტს ჰქონდეს 71 ქულა, თუმცა „თუ ათი ადგილია გამოყოფილი, კონკურენციიდან გამომდინარე, საუკეთესო ათი მიიღებს დაფინანსებას“, – ამბობს განათლების დეპარტამენტის უფროსი.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 893 სტუდენტია დაფინანსებული. საგრანტო ბიუჯეტი კი 909, 767 ლარს შეადგენს.

2015 წელს 920 სტუდენტი დაფინანსდა, ბიუჯეტი 775,200 ლარი იყო; 2014 წელს 790 სტუდენტი  -ბიუჯეტი 664 ათასი ლარი იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: