მთავარი,სიახლეები

ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

05.10.2025
ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გუშინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მაშინ როცა საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, დაშავდნენ ჟურნალისტები. ამასთან დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს,” – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დეტალურად აქვეყნებს სად და რა ვითარებაში დაშავდნენ ჟურნალისტები;

“ორჯერ დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია.  ვიდეოში ჩანს, რომ მას სუნთქვის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

ოპერატორმა მუშაობა გააგრძელა, რა დროსაც მას ფეხზე, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა მოხვდა.

“ტვ პირველის” ჟურნალისტს ირაკლი ბახტაძეს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დამიზნებით ესროლეს, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა.

ჟურნალისტი მძიმე დაზიანებისგან ჩაფხუტმა იხსნა.

პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ჟურნალისტს აგინებენ, ხელს ჰკრავენ და ტერიტორიიდან აგდებენ.

გიორგი დიასამიძეს ჰქონდა პრესის მაინდენტიფიცირებელი ნიშნები და ის პოლიციელებს ეუბნება კიდეც, რომ მედიას წარმოადგენს. თუმცა ეს გარემოება პოლიციელებს არ აჩერებს.

დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო.

მან „მედიაჩეკერს“ უთხრა: „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”.

„სტუდია მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის თქმით, კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა იმ დროს, როცა ის იღებდა, თუ როგორ მისდევდნენ პოლიციელები მოქალაქეებს დასაჭერად.

პოლიციელები ჟურნალისტს უყვიროდნენ და ეჯაჯგურებოდნენ. ქეთი თუთბერიძემ პოლიციელებისგან თავი კოლეგების დახმარებით დაიხსნა.

რუსთაველის გამზირზე დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64-მა”, “ნეტგაზეთმა” და “მაუწყებელმა”.

ჟურნალისტებს დრონები ამ დრომდე არ უპოვნიათ.

აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი სითხე, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, შეასხეს „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს  – შალვა სუმბაძეს, ნიკა ცირიკიძეს და ვახო ლეკიაშვილს.

ჟურნალისტ შალვა სუმბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მათგან გადაღების შეწყვეტას ითხოვდნენ. ის პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა და დამცავი საშუალება – აირწინაღი, მოიხსნა, რითაც თავდამსხმელებმა ისარგებლეს.

აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მათ მანამდე ხელითაც შეეხნენ. წამყვანის თქმით, დაზიანდა ტექნიკაც.სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფსაც“,- წერს ქარტია.

როგორც ქარტიისთვის გახდა ცნობილი, პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, ასეთივე ოპერატიულობით შეუდგეს პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებისა და დრონების გატაცების ფაქტების გამოძიებას და მედიასაშუალებებს დრონების დაბრუნებაში დაეხმაროს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: