კიევში ვიზიტისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით შეძენილი 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების იარაღი და სხვა სამხედრო დახმარება გადაეცა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ თანხით უკრაინას მიეწოდა ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი, ასობით საზენიტო რაკეტა და იარაღის სათადარიგო ნაწილები. ასევე, უკრაინას საშუალება მისცა დაედო ახალი კონტრაქტები აღჭურვილობისა და სამხედრო ტრანსპორტის მოვლა-პატრონობისა და შეკეთებისთვის.
განცხადების თანახმად, ბოლო 50 დღეში უკრაინამ ბრიტანეთისგან მიიღო 4.7 მილიონი ჭურვი, 60 ათასი საარტილერიო ჭურვი, რაკეტები და სარაკეტო სისტემები, 2,500-ზე მეტი დრონი, 200-ზე მეტი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა, 100 ერთეული მსუბუქი შეიარაღება, 30 სატრანსპორტო საშუალება და დამატებითი აღჭურვილობა დრონებისა და საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ.
მიმდინარე წელს ლონდონმა უკრაინის დასახმარებლად 4.5 მილიარდი ფუნტი გამოყო.
ასევე, ბრიტანეთმა ახალი სანქციები დააწესა სამი რუსული ორგანიზაციისა და რვა პირის მიმართ, მათ შორის — რამზან კადიროვის დედის, აიმან კადიროვის და „ახმატ კადიროვის ფონდის“, პროკრემლისტური ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულები არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანასთან.






