„ივანიშვილი წინსწრებით ითხოვს მხარდაჭერას იმ მოვლენების დროს, რომლებსაც ის სავარაუდოდ ელოდება შემოდგომაზე,“ – პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ყაველაშვილის წერილის ადრესატი ტრამპი კი არა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.
„ყაველაშვილი საკუთარი ინიციატივით ალბათ მეუღლეს ვერ მისწერს წერილს, არათუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და მათი ბელადი. გარკვეულწილად ეს არის სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამოძახილი.
ძალოვან უწყებებშიც ხვდებიან, რას ნიშნავს ის, რომ ჩინეთმაც უარყო ივანიშვილი,“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა.
კიდევ რა იკითხება ყაველაშვილის ღია წერილიდან, რომლითაც მან ტრამპს მიმართა? – „ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, ლელა ჯეჯელავასთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ქალბატონო ლელა, მიხეილ ყაველაშვილის წერილი რას აჩვენებს თქვენთვის? თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა?
ის, რომ წერილის ავტორი და ინიციატორი მიხეილ ყაველაშვილი არ არის – ეს არც განიხილება. ყაველაშვილი საკუთარი ინიციატივით ალბათ მეუღლეს ვერ მისწერს წერილს, არათუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს.
ეს წერილი მთლიანად გადმოსცემს ივანიშვილის განწყობებს, პათოსს და მის მდგომარეობას. ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და მათი ბელადი.
მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ეს ჩანს ამ წერილის მთელი კონტექსტიდან. გარკვეულწილად, ეს არის სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამოძახილი.
წერილში იმის ხაზგასმა, რომ ამერიკელებს საქართველოს მეზობლებთან არაერთგზის ჰქონდათ შეხვედრა და მხოლოდ ჩვენ დაგვრჩით უყურადღებოდ, სწორედ ამას მიანიშნებს: ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ბიძინა ივანიშვილს თავისი მდგომარეობა და იზოლაციონიზმი, რომელშიც არის ახლა ქვეყანა.

ლელა ჯეჯელავა
როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ნელ-ნელა საცნაური ხდება, რომ მხოლოდ, ასე ვთქვათ, შიდა რეპრესიებით დიდხანს ვერ შეძლებს შეინარჩუნოს ეს ვითარება. ბუნებრივია, რომ იზოლაციაში მყოფი ქვეყანა პრაქტიკულად კარგავს ყველა იმ რესურსს, რომლითაც მას შეუძლია შიდა სტაბილურობა შეინარჩუნოს. საქართველო არ არის აზერბაიჯანი, რომელიც ენერგეტიკულ რესურსებზე დგას და რომელსაც თავისი ეკონომიკა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ, დავუშვათ, ავტორიტარიზმი ქვეყნის შიგნით შეინარჩუნოს.
მოთხოვნა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოთა ურთიერთობის კონტექსტში საქართველოს მიმართ ამჯერად არ არის ისეთი, როგორც აზერბაიჯანის ან სხვა ტიპის ქვეყნების მიმართ, რომლებიც დემოკრატიით არ გამოირჩევიან, მაგრამ სხვა ფუნქცია და დანიშნულება აქვთ.
- ყაველაშვილამდე ირაკლი კობახიძემ მიმართა აშშ-ს, როგორც აზერბაიჯანს არ სთხოვთ დემოკრატიას, ჩვენც ნუ მოგვთხოვთო.
ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს რეალურად. მას ჰგონია, რომ იდეოლოგიური თანხვედრა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ჰგავს ცნობილ თეზას – „დედა დედაა და მამა მამაა“. „ოცნების“ წარმოდგენით, ეს არის შეერთებული შტატების ღირებულებათა სისტემის ფუნდამენტი. არადა, ასე ნამდვილად არ არის.
წერილში ხაზგასმულია ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ „დიპ სტეიტთან“ და აშშ-ს წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით თანმხვედრი პოზიცია აქვთ და აი, ამ ყველაფრის მერე მაინც რატომღაც უგულებელყოფილი არიან.
ცოტა გაბუტულ მდგომარეობაშია ჩამდგარი ივანიშვილი.
- ყაველაშვილი წერს ამასაც: „ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით…“
დიახ, დატუქსვაც არ ავიწყდება, ეს მნიშვნელოვანი პასაჟია. აქ მთავარი ის არის, რომ ამ წერილს შიდა მოხმარების ფუნქცია აქვს მხოლოდ, თორემ ეს რომ დიპლომატიური ეტიკეტისთვის არ არის დამახასიათებელი, ივანიშვილმა ალბათ არ იცის, მაგრამ ვიღაცას უნდა ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხაზს უსვამს ყოველ ჯერზე, რომ როგორც თანასწორი თანასწორს, ისე მიმართავს.
მაგრამ ეს წერილი არის შიდა მოხმარებისთვის, რომ აი, ქოცურ ამომრჩეველს უთხრას, რომ „მე თანასწორი პოზიციებიდან ველაპარაკები შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც“.
ჩანს, რომ ივანიშვილს საერთოდ არ ესმის დიპლომატიური ეტიკეტის ნორმები და წარმოდგენა არ აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში ურთიერთობის წესებზე.
მარკო რუბიომ არაერთგზის გააკეთა განცხადება და კონკრეტული მოთხოვნებიც დააყენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინაშე – ეს უგულებელყვეს საერთოდ, ელჩი არ მიიღეს და აი, ამ ტიპის ეპისტოლარული ურთიერთობები აირჩიეს ამერიკასთან. მათ არ იციან, რომ ამას ძალიან მაღალი ფასი ექნება, ბუნებრივია, და რომ ასე არ „ლაგდება“ – ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებ – ურთიერთობები.
- ცდილობს კი ივანიშვილი ურთიერთობის დალაგებას აშშ-თან?
ივანიშვილს რაც უნდა, ეს მათ არაერთხელ განაცხადეს სხვადასხვა წერილში: დასავლეთმა და კონკრეტულად შეერთებულმა შტატებმა მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან.
- ანუ, დემოკრატიის გარეშე?
რასაკვირველია, დემოკრატიის გარეშე მიიღონ, როგორც ავტორიტარული რეჟიმი.
რაც შეეხება ამერიკის გეოსტრატეგიულ ინტერესებს, მაშინ ისინი მზად იქნებიან ამის უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმდენი კი არ იციან, რომ ამერიკელებს ამათი, ე.წ. დათმობების გარეშეც შეუძლიათ საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტ ყაველაშვილს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, ვინც დგას სინამდვილეში ამ წერილის უკან, არავინ მისცემს უფლებას, რომ ივაჭროს ისეთი თემებით, როგორიც არის საკუთარი მოსახლეობის ბედი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ამერიკის შეერთებული შტატები არსად, არცერთ ქვეყანაში არ უშვებს ადამიანის უფლებებით ვაჭრობას.
- თუმცა აზერბაიჯანი დემოკრატიის გარეშე თანამშრომლობს დასავლეთთან.
მაგრამ ვითარება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის – ჩვენ ეს ძალიან ხშირად გვავიწყდება – არის აბსოლუტურად განსხვავებული. ქართველი ხალხის მოთხოვნა დემოკრატიაზე და აზერბაიჯანელი ხალხისა, არის სრულიად განსხვავებული. საქართველო თავისი ისტორიით, ეთნოფსიქოლოგიით, თავისი გამოცდილებით, ბოლო 35-წლიანი ისტორიით არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა, ასევე თავისი ფუნქციით, რომელიც საქართველოს აქვს და ჰქონდა რეგიონში.
ასე რომ, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და მოთხოვნები დემოკრატიისადმი არის სხვა, აზერბაიჯანელი ხალხისა – სხვა და ამას ძალიან კარგად ხედავენ შეერთებულ შტატებში.
- თქვენი დაკვირვებით, ამ მოცემულობაში ივანიშვილს არ აქვს შანსი, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია აშშ-გან?
თითქმის გამოვრიცხავ ამ წერილის შემდეგ მიიღოს რამე ლეგიტიმაცია. პირიქით, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს წერილი კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ურთიერთობას აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის.
არ ვიცი, მართლა სჯერა თუ არა ივანიშვილს, რომ ტრამპი დილით „იმედის“ ნიუსებს უყურებს და ასე გაიგებდა ყაველაშვილის ამ წერილის შესახებ და პასუხსაც ასევე ღიად გამოუგზავნის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციის სპიკერი ნამდვილად გააკეთებს შესაბამის განმარტებას ამ წერილთან დაკავშირებით.
როდესაც საუბარია „სუფთა ფურცელზე“, „ოცნებაში“ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ სუფთა ფურცელს ჯერაც ატყვია ბიულეტენიდან გამოჟონილი შავი ლაქა და სანამ შავი ლაქა არის თეთრ ფურცელზე, მანამდე არანაირი ახალი ურთიერთობები არ იქნება.
ეს იყო გაცხადებული არაერთგზის ამერიკელების მიერ, როგორც ძველი, ისევე ახალი ადმინისტრაციის მიერ. აი, ამასთან ჯიუტად შერიგება არ უნდა ივანიშვილს და ამ წერილით ბირთვულ-ქოცურ ამომრჩეველს ეუბნება: „მე ყველაფერი ვცადე, ყველაფერი გავაკეთე და ეს არის, აი, ღია დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი ნებით არ უთქვამს უარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა თავად უარყო საქართველო გაურკვეველი მიზეზების გამო, იმიტომ, რომ თუ სხვას ეპატიება, მაშინ ჩვენ რატომ არ გვეპატიება?“
მაგრამ აზერბაიჯანში არასოდეს არ ყოფილა პრეცედენტი, რომ 300 დღის განმავლობაში ადამიანები დემოკრატიის მოთხოვნით ქუჩაში მდგარიყვნენ.
- თქვენი აზრით, რატომ ჩათვალა საჭიროდ ივანიშვილმა, რომ ამ ფორმით მიემართა „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის?
როგორც ჩანს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მათთვის ამ წერილის შექმნა, როდესაც ამოიწურა ევროკავშირის დედლაინი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და აქეთ, მეორეს მხრივ, როდესაც სრული ფიასკო განიცადა, დავუშვათ, ჩინეთისკენ „ოცნების“ სწრაფვამ და ასევე ამომრჩევლის დაიმედება: თუ არ იქნება ევროპა და შეერთებული შტატები, აგერ, მსოფლიოს უდიდეს ქვეყანასთან – ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობებიო.
სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა – ჩინეთმა რეალურად უარყო საქართველო და არ მიიწვია გამარჯვების აღლუმზე. თავის მართლება იმით, რომ თითქოსდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები ან დიალოგის ფორმატის მონაწილეები იყვნენ და დამკვირვებლები მიწვეული არ არიან, მართალი არ არის, იმიტომ, რომ სლოვაკეთი ან უნგრეთი არ წარმოადგენს წევრს და არც დიალოგის ფორმატში არიან, მაგრამ მიწვეულები იყვნენ.
ჩინეთში ღონისძიებები ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ერთი არის აღლუმი, რომელიც გაიმართება 3 სექტემბერს და მეორე, ეს არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი.
დღეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სამი ძირითადი მოთამაშე, რომელთა შორის წინააღმდეგობებსა და, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, როგორ აეწყობა ახალი საერთაშორისო დღის წესრიგი. ეს არის ჩინეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. რუსეთი აქ, როგორც თანასწორი სუბიექტი, აღარასოდეს აღარ დაჯდება ამ მაგიდასთან. ეს უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს.
- თუმცა რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს რეგიონული ლიდერის როლი. პუტინი შეხვდა ფაშინიანსაც, რომელმაც რუსეთს ზურგი აქცია. რა აჩვენა ამ შეხვედრებმა?
ამან ძალიან ნათლად აჩვენა, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს პოზიციებს და ებღაუჭება ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია. რუსეთს უნდა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთზე, ანუ კავკასიაში, მთლიანად არ დაკარგოს გავლენები. ამაში მას ჩინეთი გარკვეულწილად ხელს უწყობს, იმიტომ, რომ ჩინეთს არ აწყობს, რუსეთმა უცებ დაკარგოს სახე, მას თავისი ინტერესები აქვს და ნელ-ნელა, მეთოდურად მიუყვება რუსეთისადმი თავის პოლიტიკას.
„მე კვლავ ვარ კავკასიაში“ – აი, ამის ჩვენება სურდა გუშინ პუტინს ამ შეხვედრებით, მაგრამ ჩვენ, მეორე მხარეს, ვიხილეთ სრულიად სხვა სურათი, როდესაც ვხედავდით ალიევის, ფაშინიანისა და ერდოღანის ძალიან საინტერესო შეხვედრების ამსახველ კადრებს. ამიტომაც, კავკასიაში რუსეთის შემობრუნების შანსები არის მიზერული და მას ვერ უშველის ვერც ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. როდესაც თურქეთში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, დღევანდელი წერილის ავტორი, მას ძალიან ნათლად მიანიშნეს ეს და აუხსნეს გასაგებად.
ურთულესი მდგომარეობა აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას: მას არ აქვს არანაირი საყრდენი ქვეყნის გარედან. თქვენ იცით დავარდნილი მხედრის ამბავი, ხომ? – დავარდნილი მხედარი არავის უნდა. ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნების“ რეჟიმი. ის აღარ არის არავისთვის მისაღები: არც დასავლელი პარტნიორებისათვის, არც რეგიონში ჩვენი მეზობლებისა და მოკავშირეებისთვის – თურქეთ-აზერბაიჯან-სომხეთისათვის. ჩინეთმაც ამისი ძალიან მკაფიო დემონსტრირება გააკეთა და ცოტა ხანში, მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვისაც ის სრულიად მიუღებელი გახდება – დავარდნილი მხედარი, უფრო სწორად, მკვდარი მხედარი არავის არ უნდა.
- ივანიშვილის გადაწყვეტილებები, მისი მთავრობის რიტორიკა გამიზნული იყო იზოლაციისკენ, მას სხვა მოლოდინი ჰქონდა?
ის არ იყო დარწმუნებული, რომ ასეთი დამოკიდებულება შეხვდებოდა – მას ეგონა, რომ ვაჭრობაში შეჰყვებოდნენ.
ივანიშვილი თავისი გამოცდილებით ზომავს, რომლითაც ის იქცეოდა და ძალაუფლება ჰქონდა კრიმინალურ-მაფიოზურ სამყაროში. ზუსტად ამ თამაშის წესებით მოინდომა მან ურთიერთობა საერთაშორისო პოლიტიკაში და თან თავისზე გაცილებით მძიმეწონიან ფიგურებთან. ბუნებრივია, რომ ეს არ გამოვიდოდა. ასეთია დიქტატორების ხვედრი, მარტო ივანიშვილის არა – ისინი კარგავენ რეალობის საღად აღქმის უნარს.
- მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერით და მიტაცებული ძალაუფლებით, თქვენი აზრით, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის რისკი გაეზარდა?
ძალიან პატარა ბიძგი სჭირდება, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს და ეს უკვე ქართველი ხალხის გასაკეთებელია.
ძალოვან უწყებებშიც ხვდებიან, რას ნიშნავს ის, რომ ჩინეთმაც უარყო ივანიშვილი. ამიტომაც, ახლა სისტემა ეცდება თვითრეფლექსიას, რომ თავი გადაირჩინოს და არ ჩაყვეს ივანიშვილს. ეს პროცესები დაიწყება ახლა, იმიტომ, რომ უკვე აქტიური პოლიტიკური სეზონი დადგება არდადეგების შემდეგ, დღის წესრიგშია ბრიტანეთის სანქციები. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ესენი დეტონაციას რაღაცებს თავადვე უკეთებენ, იმის მაგივრად, რომ თავი აარიდონ საშიშ თამაშებს.
ბუნებრივია, ამ არადიპლომატიურ წერილსაც მოჰყვება თავისი შედეგები, ისე, როგორც იმ დემარშს, როცა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს.
- ფიქრობთ, ივანიშვილს აღარ აქვს იმედი, რომ ტრამპი მას ვაჭრობაში შეჰყვება?
მე ვეღარ დავინახე ამ წერილში ეს. ამ წერილში ვხედავ მხოლოდ ახსნას „ოცნების“ ამომრჩევლის მიმართ, რომ რაც მოხდა და რაც აწი მოხდება, ჩემი ბრალი არ არის. ეს ნიშნავს, პრინციპში, პრევენციულად, წინსწრებით მხარდაჭერის თხოვნას საკუთარი მოსახლეობისადმი და არა ტრამპისადმი.
ივანიშვილი წინსწრებით ითხოვს მხარდამჭერას იმ მოვლენების დროს, რომლებსაც ის სავარაუდოდ ელოდება შემოდგომაზე.






