საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებას ავრცელებს და გმობს მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის მისჯას.
„6 აგვისტოს ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი გამოცემების: „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, 2 წელი მიუსაჯეს მიკერძოებული სასამართლო პროცესის შედეგად, რასაც მრავალი პროცესუალური დარღვევა ახლდა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ასახავს საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ გადახრას.
ჟურნალისტი უნდა იქნას გათავისუფლებული“ – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების, 1991 წელის შემდეგ, პირველი ჟურნალისტი ქალია, რომელიც პოლიტიკური მოტივით იქნა დაკავებული.
„ბრალდება არაპროპორციულია: სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ორწლიანი სასჯელი ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სისტემის სულ უფრო აშკარა გამოყენების ნაბიჯია კრიტიკოსების გასაჩუმებლად.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაასრულოს მართლმსაჯულების ეს ფარსი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი“ – ამბობს ჟან კაველიე, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.
6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.






