მთავარი,სიახლეები

რატომ ითხოვს „ოცნება“ ბოდიშს სინდისის პატიმრებისგან – „სისტემას არ უნდა, რომ გმირი არსებობდეს“

29.07.2025
რატომ ითხოვს „ოცნება“ ბოდიშს სინდისის პატიმრებისგან – „სისტემას არ უნდა, რომ გმირი არსებობდეს“

„რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად და ხშირად მოდის ინფორმაცია და სურვილი, მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ. ეს ეხებათ დანარჩენებსაც. და მათაც უნდათ ამაზე აზრის გამოთქმა.

სინამდვილეში საკითხი დგას ასე. ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს. ეს შეწყალება შესთავაზონ რუსთაველზე რომ დარბოდნენ, იმ პოლიციელებს. მე შეწყალება არ მჭირდება. ბრალდება მოგონილია. ვიდეომტკიცებულებები, რაც აქვს წარმოდგენილი პროკურატურას, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, ამით დანაშაული არ დგინდებოდა და მოიგონეს ჯგუფურობა და უფრო დიდ ჩიხში შეიყვანეს თავი“ – ეს სიტყვები მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ დღეს, 29 ივლისს, საკუთარ სასამართლო პროცესზე წარმოთქვა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროევროპულ აქციებში მონაწილე 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ირაკლი ქერაშვილს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ვაკო თეთრაშვილს, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკს, რუსლან სივაკოვსა და რეზო კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ასამართლებენ.

29 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ლუკა ჯაბუამ, ირაკლი ქერაშვილმა, გიორგი ტერიშვილმა და ჯანო არჩაიამ ანდრო ჭიჭინაძის მსგავსად მკაფიო განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ არ აპირებენ სინანულს და ბოდიშის მოხდას, რადგან „უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ სანანებელი და არაფერზე აქვთ ბოდიში მოსახდელი“.

რატომ ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოდიშს სინდისის პატიმრებისგან? – „ბათუმელები“ ამ თემაზე მწერალ ლაშა ბუღაძეს ესაუბრა.

„გამაოგნებელი სიდიადეა! აღარც მეგონა, ჩვენს ვაჭრულ დროში ასეთი ნების ადამიანებიც თუ გვყავდა“ – ასე გამოეხმაურა მწერალი დღეს, სინდისის პატიმრების განცხადებას, რომ ისინი არ აპირებენ ბოდიშის მოხდას, რადგან უდანაშაულოები არიან და არაფერი აქვთ საბოდიშო.

  • ბატონო ლაშა, როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სინდისის პატიმრებისგან ბოდიშს?

ჩემი აზრით, პრობლემა აქვთ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების უმრავლესობისთვისაც კი დისკომფორტია სინდისის პატიმრების ციხეებში ყოფნა. ყველა გამოკითხვა და ყველა კვლევა აჩვენებს ამას, რომ ეს ადამიანებიც არ გრძნობენ თავს მშვიდად სინდისის პატიმრების ციხეში ყოფნით.

მათ რაღაცნაირად უნდათ სიტუაციის ნორმალიზება. „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, უჭირს მისჯა მათთვის [პოლიტიკური პატიმრებისთვის], განცდა მაქვს, რომ ამიტომ ჭიმავენ ამ პროცესს.

ამასთან, „ოცნების“ მზაკვრული ქცევის მოდელსაც ვხედავთ, რომელიც სათავეს იღებს საბჭოური „კაგებეს“ და რუსული „ეფესბეს“ ტრადიციებიდან – უდანაშაულო ადამიანს აღიარებინო რაღაც და შემდეგ უფრო გაგიადვილდეს მისი წნეხში მოქცევა.

მათ შორის მორალური თვალსაზრისით, რეპუტაციულად უნდათ შებღალო ისინი. ბოდიშის მოხდა არის ერთგვარი აღიარება. ეს ძალიან დიდი ტრადიციაა.

ჩვენ ეს ვიცით ისტორიიდან, უახლესი ისტორიიდანაც, დაწყებული ცნობილი მონანიების მოთხოვნები საბჭოთა „კაგებეს“ მიერ დისიდენტების მიმართ და ახლაც, თანამედროვე რუსეთში, კადიროველების ქცევა იქნება, სხვა თუ სხვა, სადაც ვიდეოებზე აწერინებენ მონანიებებს და ბოდიშებს, ეს ერთი ლოგიკის ნაწილია.

უნდა გატეხო მორალურად პატიმარი, იმისათვის რომ შემდეგ გააძლიერო წნეხი, მათ შორის საზოგადოებაზე – „აი, თქვენი გმირებიც კი აღიარებენ დანაშაულს“.

  • ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს სინდისის პატიმართა პერსონალურ დემორალიზებას. როგორი ტიპის მმართველებს სურთ ადამიანების ასე განადგურება?

ავტორიტარიზმი არის რეპრესიული სისტემა, სადაც ყველაფერი ჩამოკიდებულია ავტორიტარზე. დანარჩენ შემთხვევაში, ვინც ამ სისტემის ვერტიკალშია, არ ფლობს ინდივიდუალობას. ის, ვინც ამ სისტემას უპირისპირდება, მათ შორის სინდისის პატიმრები, ვინც იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ისინი არიან ინდივიდები.

მზია ამაღლობელი ინდივიდია, ანდრო ჭიჭინაძე ინდივიდია, ვეფხია კასრაძე ინდივიდია, ყველა სინდისის პატიმარი ინდივიდია, რომელთა სიმტკიცეზე, ნებელობაზე და პიროვნულ თვისებებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ მათში სწორედ ამ ინდივიდის ჩაკვლას ცდილობენ უპირობო და უსახო ავტორიტარიზმის სასარგებლოდ.

წარმოიდგინეთ, როგორ უჭირთ იქ, სადაც ბოდიშებს და მადლობებს იხდიან წინასასიკვდილო წერილებშიც კი, „ქართული ოცნების“ სატრაპები და პოლიტიკური მარიონეტები.

ე.წ. მონანიების პროცესი მახსენებს ზვიად გამსახურდიას დემორალიზების მცდელობას.

ე.წ. მონანიება – ეს ტერმინიც საბჭოთა პროპაგანდამ შემოიტანა ბრეჟნევის დროინდელ საბჭოთა კავშირში და შემდეგ თავადვე დაიწყეს ამ ტერმინის დამუშავება და დამკვიდრება, [თუ როგორი მოინანია დისიდენტმა]. ეს ძალიან ჩვეულებრივი და კლასიკური შემთხვევაა.

ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემი მაგალითი უნდა მოვიყვანო. წიგნიც მაქვს დაწერილი „პატარა ქვეყანა“, როდესაც მკაცრი ცენზურის განხორციელების მცდელობა ჰქონდათ ჩემს მიმართ, ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციაში, ვგულისხმობ საქართველოს საპატრიარქოს.

მომიწოდებდნენ ბოდიში მომეხადა მოთხრობა „პირველი რუსის“ დაწერის გამო, თითქოს [ამ მოთხრობით] შევბღალე რუსეთი. მე მახსოვს ორი თვის განმავლობაში რამხელა წნეხი იყო ჩემზე, რომ ბოდიში მომეხადა.

კიდევ ერთხელ ბოდიში, რომ საკუთარი მაგალითი მომყავს, მაგრამ აქ ჩემზე არაა მხოლოდ საუბარი. ამბავი ისაა, თუ როგორ გაწვება სისტემა.

სისტემას უნდა გაგტეხოს. სისტემას არ უნდა, რომ არსებობდეს გმირი, იმიტომ, რომ ახლა არის ანტიგმირების დრო და ანტიგმირებში ადვილად ბალახობს ივანიშვილი. არარაობებში ის ყოველთვის გამარჯვებულია.

ცნობილი თეზისია, რომ მზესუმზირებს თავები უნდა წააჭრა, რასაც ტირანია აკეთებს არისტოტელესეული მეტაფორით.

შემდეგ ადვილია სარეველაში რაღაც შენთვის მოიპოვო. აი, ეს მეტაფორაა. ამიტომ ეს უნდათ.

სინდისის პატიმრები ჩვენი დროის დისიდენტები არიან. მზია ამაღლობელი ჩვენი დროის დისიდენტია, დიდი. ისტორიაშია უკვე შესული. ის გვანიჭებს იქიდან გამძლეობას ჩვენ, აქეთ. ამიტომ ავტორიტარულ სისტემაში ამ გმირის რაღაცნაირად დაბეჩავება უნდა მოხდეს. „ქართული ოცნების“ სურვილი ასეთია, მაგრამ ეს არ გამოსდით. მოულოდნელია მათთვის სინდისის პატიმრების ქცევა.

იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მონა ხომ ძალიან მალევე ხდება მონა. წუთებიც კი არ სჭირდებათ იმისათვის, რომ იღოღონ ბოდიშებით და მათ წინაშე იფოფხონ.

მათი ქცევა მოულოდნელია და ივანიშვილი ვერ კითხულობს მათ ლოგიკას. მით უმეტეს, ვერცერთი რუსული ტიპის ავტორიტარი ვერ კითხულობს. პუტინმაც ვერ წაიკითხა პოლიტკოვსკაიას და ნავალნის ლოგიკა.

დიქტატორები ბანალურები და მშიშარები არიან. ამიტომ ცდილობენ, რომ მათში ეს ნებელობა ჩაკლან.

  • დღეს ვნახეთ სინდისის პატიმრების განცხადება, რომ არ აპირებენ ბოდიშის მოხდას. ერთმა პატიმარმა მაინც რომ ისარგებლოს შეთავაზებით, თქვენი აზრით, ამას როგორ გამოიყენებს პროპაგანდა?

სინდისის პატიმრებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მათი ტყვეობა არის ბრძოლის ნაწილი. ანდრო ჭიჭინაძემ ძალიან მართებულად და გონივრულად ახსენა იოზეფ კა, ფრანც კაფკას „პროცესიდან“, მაგრამ კაფკას „პროცესისგან“ განსხვავებით, სინდისის პატიმრები არიან თანმიმდევრულები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

სინდისის პატიმრებმა, მზია ამაღლობელის ჩათვლით, იციან, რომ მათი ბოდიში, ეს არის უდიდესი სტრატეგიული უკან დახევა ამ ბრძოლის პროცესში. ეს მხოლოდ ინდივიდუალურ აქტი და უკან დახევა კი არ არის, ამ ადამიანების როგორც მებრძოლების, ტაქტიკურ-სტრატეგიული პოზიციაა ივანიშვილთან დაპირისპირების პროცესში.

ამით განა იმას ვამბობ, რომ ღმერთმა დამიფაროს, ვიღაცას მოვუწოდო ან ასე ქნას, ან ისე. არ მინდა ჩემი ეს ნათქვამი პროპაგანდამ სათავისოდ გამოიყენოს.

არსობრივად რთულია ვილაპარაკოთ გარეთ მყოფებმა ციხეში მყოფ ადამიანებზე რა როგორ უნდა ქნან. ისინი დიდ წნეხში არიან და მართლა უმთავრესზე ამბობენ უარს – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაზე. ეს ბრძოლის ნაწილია. ისინი იბრძვიან.

ყველა სიტყვას, ყველა გამოსვლას, აქვს სიმბოლური დატვირთვა და არამხოლოდ ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების პროცესში.

აქ არის დიდი, პოლიტიკური, ისტორიული ბრძოლა.

როდესაც ქვეყანას ამდენი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით, ვაჭარი, გაყიდული, უსინდისო, უზნეო ადამიანი ჰყავს, რაზეც სამწუხაროდ დგას რეჟიმი, რეჟიმს აბსოლუტურ შოკში აგდებს სინდისის პატიმრების ძალიან ფხიზელი, გაცნობიერებული და პოლიტიკურად ძალიან გამართული პოზიცია. ძალიან მყარები არიან ისინი.

ეს მაშინ, როცა რეჟიმის პროპაგანდისტებს, რეჟიმის დასანქცირებულ მოსამართლეებს, ძალიან ცუდად აქვთ ნიღბები მორგებული და უკვე ავლენენ შფოთვის ნიშნებს.

ისინი არ გრძნობენ თავს მშვიდად.

______________

მთავარ ფოტოზე: სინდისის პატიმრები. 15 მაისი, თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო: „პუბლიკა“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.