განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [გდდ] აჭარის სამმართველოში საშტატო ცვლილებების გამო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „დღის წესრიგში დადგა პირადი შემადგენლობისთვის შესაბამისი სამუშაო სივრცეების მოწყობა“.
გდდ-ს აჭარის სამმართველო დაბა ჩაქვში, ზღვის პირას, სასტუმრო „ოაზისთან“ ახლოს არის განთავსებული. პირადი შემადგენლობისთვის „სამუშაო სივრცეების მოწყობა“ კი, შსს-მ იმ შენობებში გადაწყვიტა, რომლებსაც აქადე აჭარაში დამატებითი ძალების მობილიზებისას დროებით საცხოვრებლად იყენებდნენ.
ახალი სამუშაო სივრცეებისთვის საჭირო 51 ცალ კონდიციონერს კი შსს ჯამში 48 960 ლარად ტენდერის გარეშე [გადაუდებელი აუცილებლობით] იყიდის. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
კონდიციონერების შეძენის აუცილებლობას შსს იმით ხსნის, რომ „ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, შესაბამისი დანაყოფი არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი მინიმალური სამუშაო პირობებით, რაც ართულებს მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობების შესრულებას. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ მოცემული ობიექტი განთავსებულია აჭარის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა მაღალი ტენიანობით, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სამუშაო პირობებს“.

წყარო: შესყიდვების პორტალი
შსს შესყიდვების სააგენტოს იმასაც წერს, რომ „როგორც წესი, საშტატო ცვლილებები იგეგმება წინსწრებით, ხდება შესაბამისი კაპიტალური ან დროებითი შენობა ნაგებობის აშენება/გარემონტება, შესაბამისად აღნიშნული სამუშაოების პარალელურად ხდება სხვადასხვა ტექნიკის მათ შორის კონდიციონერების შესყიდვა სატენდერო პროცედურების მეშვეობით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა შესაბამისი პროცედურების დაჩქარება, რის გამოც არსებული ვადა არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების განსახორციელებლად“.
რაც შეეხება „გამოწვევებს“, შსს ირწმუნება, რომ „უკანასკნელ პერიოდში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ განვითარებული მოვლენების გამო, იქნება ეს ტურისტების რაოდენობის ზრდა, თუ მიგრანტების ნაკადის გაზრდა, დღის წესრიგში დადგა აჭარის რეგიონში საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებების განხორციელება. ამასთან მოხდა არსებული შტატების დაკომპლექტება, რის გამოც საჭირო გახდა პირადი შემადგენლობისთვის დამატებითი სამუშაო სივრცეების მოწყობა.“
შსს ასევე წერს, რომ „საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით“ ჩათვალეს, რომ ახალი კაპიტალური ან დროებითი ადმინისტრაციული შენობის აშენების ნაცვლად თავისუფალი სივრცეები აეთვისებინათ.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, სამუშაო სივრცეები მოწყობილიყო იმ ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც მოცემული მომენტისთვის ნაკლებად გამოიყენებოდა, შენობა ძირითადად გამოიყენებოდა აჭარის რეგიონში დამატებითი ძალების მივლენის დროს პირადი შემადგენლობის დროებით საცხოვრებლად.
მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს საკუთარი ძალებით აღნიშნული საცხოვრებელი სივრცეების სამუშაო ოთახებად [საოფისე ფართებად] გადაკეთება. ასევე არსებული რესურსით ხდება საჭირო საოფისე ავეჯისა და კომპიუტერული ტექნიკის მობილიზება. რაც შეეხება კონდიციონერებს, მისი მარაგი შს სამინისტროში არ არსებობს… შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოება ვერ იქნებოდა წინსწრებით გათვალისწინებული“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბათუმის ქუჩა N20-ში მდებარე 34 627 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 შენობა-ნაგებობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და ის 2019 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროზეა გადაცემული სარგებლობაში [შსს-ს არსებობის ვადით].

გდდ-ს ბაზა ჩაქვში
რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საშტატო ნუსხას, როგორც ადრე შსს-მ „ბათუმელებს“ მოგვწერა, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას წარმოადგენს.
„ბათუმელებმა“ მაშინ ისიც გაარკვია, რომ სამინისტრომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების [2023 წლის 7-8 მარტის მოვლენების] შემდეგ დაიწყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობის [სპეცრაზმელთა რაოდენობის] გაზრდაც.
ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:
სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან






