უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 9 ივლისს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინას 741 საჰაერო თავდასხმის აპარატით შეუტია. უკრაინის თავდაცვამ მათგან 718-ის განეიტრალება შეძლო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძირითადი დარტყმა ლუცკს მიაყენეს. სამიზნე იყო ასევე დნეპრის, ჟიტომირის, კიევის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები.
„ეს დემონსტრაციული თავდასხმაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მშვიდობის მიღწევის, ცეცხლის შეწყვეტის ამდენი მცდელობა იყო და მხოლოდ რუსეთი უარყოფს ყველაფერს. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სანქციებია საჭირო – მტკივნეული სანქციები ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვის საომარ მანქანას სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფულით ავსებდა ომის დროს. მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ნავთობს ყიდულობს და მკვლელობებს აფინანსებს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელებში.
მან მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულების, ნგრევისა და ხანძრის შესახებ.
კიევის ოლქში, რუსული თავდასხმის შედეგად, სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 8000 კვადრატული მეტრი მოიცვა.
________
ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური. ДСНС України/facebook






