მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა ადმინისტრაციული შენობის რემონტს იწყებს – ტენდერი 293 000 ლარით

09.07.2025
აჭარის მთავრობა ადმინისტრაციული შენობის რემონტს იწყებს – ტენდერი 293 000 ლარით

აჭარის მთავრობის აპარატმა ადმინისტრაციული შენობების შიდასარემონტო სამუშაოებზე 293 000 ლარით ტენდერი გამოაცხადა.

სარემონტო სამუშაოები ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის ორ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა ჩატარდეს – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N9-ში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტია და მთავრობის სხდომები იმართება და ახმედ მელაშვილის ქუჩა N26-ში.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად და მთავრობის აპარატის საქმიანობის პარალელურ რეჟიმში [საქმიანობის შეუფერხებლად].

ამასთან, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ძალებით რემონტს დაქვემდებარებული ცალკეული საოფისე ოთახების ავეჯისგან გამოთავისუფლება [დაუზიანებლად] და დასრულების შემდეგ კვლავ საწყის მდგომარეობაში დაბრუნება“.

ტენდერში გამარჯვებულს მოუწევს სხვადასხვა, მათ შორის სადურგლო და სახუროო, იატაკისა და კედლის საფარის, ღებვა-შემინვის, ელექტრო-სამონტაჟო და შენობის მოწყობის სხვა სამუშაოების ჩატარება.

ტენდერს თან ახლავს სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, რომლის მიხედვითას მელაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში ძირითადად „კორესპონდენციის განყოფილების [მოქალაქეთა მიღების] ოთახის შიდასარემონტო სამუშაოები“ ჩატარდება;

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე შენობაში კი – გაარემონტებენ კაბინეტებს სხვადასხვა სართულზე; ასევე სველ წერტილებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 15 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს შეწყდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.

აჭარის მთავრობისთვის 6 406 500 ლარია გათვალისწინებული 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. აქედან 2,9 მილიონი ლარი მთავრობის აპარატში დასაქმებული 64 საჯარო მოხელის ხელფასებში დაიხარჯება; დანარჩენი კი – აპარატის სხვა ხარჯებია.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: