მთავარი,სიახლეები

ონიანის სიკვდილამდე მიმყვანსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და მზია ამაღლობელსაც – იურისტი

20.05.2025
ონიანის სიკვდილამდე მიმყვანსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და მზია ამაღლობელსაც – იურისტი

„ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სამართალმცოდნე. სამართლის დოქტორი, პროფესორი კახა ურიადმყოფელი.

31 წლის სპორტსმენი ბექა ონიანი ხელოვნურ კომაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბექა ონიანს რამდენიმე დღის წინ, 2025 წლის 16 მაისს,  თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად სცემეს.

ამ შემთხვევისთვის ბრალდებულ ივა ტყეშელაშვილს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ისევე როგორც მზიასამაღლობელს, რომელსაც სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და მასაც 7 წლით უპირებენ ციხეში გაშვებას.

„არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ადამიანობის იმაზე დიდი საზომი, ვიდრე ემპათიისა და სამართლიანობის განცდა.

დღეს ვიგებთ, რომ ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს.
ივა ტყეშელაშვილი ჩუმად ჩაუსაფრდა ბექას, თავში გამეტებით ურტყა, წაქცეულზე სავარაუდოდ ზემოდანაც იხტუნავა და გათიშული პარკინგზე მიატოვა. მიზეზი – ფეხბურთის თამაშის დროს რაღაც არ მოეწონა…
თავდამსხმელის სახელი თავიდანვე იცოდა გამოძიებამ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის პოლიციელის შვილია და მსგავსი ინციდენტები მისთვის უცხო არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს ტყეშელაშვილი, რაც ოჯახმა მედიას სთხოვა დახმარება და ბექას ამბავზე ყველამ დაიწყო საუბარი.
ძალიან მეფიქრება და მაშინებს – როგორ შეგიძლია შენ, ამ ქვეყნის შვილს – უკანასკნელი სიტყვებით ლანძღო მზია ამაღლობელი, უწოდო მას ქვეყნის მტერი და უსურვო ციხეში ამოლპობა, ხოლო ბექას მსგავს ტრაგედიებზე ოდნავაც არ გქონდეს რეაქცია.

და საერთოდაც, როგორ შეგიძლია, ასეთ ყოველდღიურობას ეძახდე მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას…

ბექა ახლა კომაშია და სიკვდილს ებრძვის. შენ კი შეგიძლია საკუთარ სინდისს შეებრძოლო და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტო – გაქვს თუ არა შერჩენილი სულ მცირედი ემპათიისა და სამართლიანობის განცდა მაინც და საერთოდ – ხარ თუ არა ადამიანი,“ – წერს კახა ურიადმყოფელი.

პროკურატურამ ივა ტყეშელაშვილს ბრალდება 2025 წლის 18 მაისს წარუდგინა. დღეს, 20 მაისს ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენჯერმე დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს პოლიციელზე თავდასხმაც – ეს სასჯელი ელის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბრალის დადასტურების შემთხვევაში.

მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელი და დირექტორია, იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში რჩება.

ფოტოზე: ბექა ონიანი

__

ამ თემაზე:
„არაფერი არ ტკენია [დგებუაძეს], ამას ვერც კი გაიგებდა. ეწყინა“ – ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: