მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ქალის მიერ კაცისთვის გაწნული სილა იმის ნიშანია, რომ კაცი უღირსია – ბექა ქურხული

10.07.2025
ქალის მიერ კაცისთვის გაწნული სილა იმის ნიშანია, რომ კაცი უღირსია – ბექა ქურხული

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწვნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ეს და კიდევ სხვა რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა მწერალ, ლიტერატურათმცოდნე ბექა ქურხულს.

ბექა ქურხული: „სიმართლე გითხრათ, ეს ისეთი, გამაოგნებელი და მეტიც, შემაძრწუნებელი ფაქტია, პასუხიც არ მაქვს!

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ აჭარაში, ბათუმში და დანარჩენ საქართველოშიც, დედის და ქალის კულტია… ძალიან მაინტერესებს ეს მომჩივანი პოლიციელი, თუ არ ვცდები დგებუაძე გვარად, თავის საკუთარ დედას როგორ უყურებს თვალებში!

როდესაც ქალი სილას აწვნის კაცს, თუ ეს, რა თქმა უნდა, სასიყვარულო ამბავი ან ეჭვიანობის სცენა არ გახლავთ, ერთმნიშვნელოვნად იმის  ნიშანია, რომ კაცი არის უღირსი.

წარმოუდგენელია, კაცი ისე როგორ უნდა მოიქცე, რომ ქალმა ხელის გარტყმა გაკადროს. „ყური გამიწითლდა“, „ლოყა გამიწითლდაზე“ წუწუნი, მოთქმა-ვაება და ჩივილი, უბრალოდ, მთლად სულიერი დეგრადაციის, დაცემის, ფსიქოლოგიური და მორალური ეროზიის ტოლფასია.

არ მესმის, ასე არა მარტო ქალბატონი მზია ამაღლობელის, არამედ საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და შთამომავლობის გამეტება. ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ასეთი საქციელი, თითით საჩვენებლად და უმაგალითო სირცხვილად დარჩება კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში…

სიმართლე გითხრათ, ასეთი სამარცხვინო ნაძირლობა არც ფილმში, არც ლიტერატურაში არ მახსენდება. ერთადერთი ისტორიული პარალელი თუ მაგალითი შემიძლია მოვიყვანო – საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის მეუღლემ, დედოფალმა მარიამ ციციშვილი – ბაგრატიონისამ, 1803 წლის 3 აპრილს სატევრით განგმირა რუსის გათავხედებული „ნამესტნიკი“ ლაზარევი და ასე დაიცვა საკუთარი, ქართლ-კახეთის სამეფოს, ბაგრატიონთა დინასტიის ღირსება.

მზია ამაღლობელის პატიმრობა ჩემი, პირადი, ეროვნული ღირსების შელახვაა და მკაფიო დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოღალატური და კოლაბორაციონისტული რეჟიმი ლაზარევების, ციციანოვების, ლენინის, სერგო ორჯონიკიძის და პუტინის ტოლფარდი მტრები არიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ქართველი ერის… ამიტომაც ვებრძვი ამ რეჟიმს ასე დაუნდობლად, უკომპრომისოდ და არასოდეს არ შევურიგდები, ვიდრე ცოცხალი ვარ.

ქალბატონი მზია ამაღლობელი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, დარწმუნებული ვარ მთელი საქართველოსთვის და მისი უახლოესი ისტორიისთვის, დარჩება როგორც სიმამაცის, სამოქალაქო გმირობის და თავდადების მაგალითი.

ისევე როგორც, ეს ვინმე პოლიციელი დგებუაძეა დღეს სირცხვილის, ლაჩრობის და სულმდაბლობის სიმბოლო, იმდენად, რომ მასთან ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში, ერთ კონტინენტსა და ერთ პლანეტაზე ყოფნაც კი გულისამრევია.

ასევე, მზია ამაღლობელი, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, დარჩება უმაგალითო გმირობის ხატად, რომლითაც კიდევ დიდ ხანს იამაყებს ჩვენი შთამომავლობა.

კი, სამწუხაროდ, დღეს, ჯალათი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წყალობით, ჩვენს ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს – მზია ამაღლობელი, ზვიად ცეცხლაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ტერიშვილი, ვეფხია კასრაძე, ონისე ცხადაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ექიმი გიორგი ახობაძე და კიდევ სხვები.

მაგრამ ყველა ეს კრებითი დგებუაძე, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვაჟა სირაძე, პაპუაშვილი, ოხანაშვილი, ხარება, მდინარაძე, მთელი ეს კრემლის დაქირავებული მონები კი ტყვეები არიან, საკუთარი გამყიდველობის, ლაჩრობის, არაკაცობისა და სიხარბის ტყვეები“.

_______________

ფოტო: კადრი ლიტერატურული პრემია „საბას“ ვიდეომასალიდან/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: