საქართველოში საპროტესტო აქციები არა მხოლოდ ბათუმსა და თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუშიც.
„ბათუმელები“ ჩხოროწყუს აქციების აქტიურ მონაწილეებს ესაუბრა. ამ სტატიაში გაიგებთ, რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუდან, რატომ გამოდიან ქუჩაში საპროტესტო აქციაზე და როგორ და რატომ გადაწყვიტეს პროტესტის კერად თავიანთი მუნიციპალიტეტი ექციათ.
სოფიო გოგოხია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, იგი მუდმივად უერთდება პროტესტს მუნიციპალიტეტში.
„პროტესტი და ერთად დგომა არის ერთადერთი გამოსავალი, ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებლად გასაკეთებელი საქმე, ამიტომ, ეს პროტესტი უნდა იყოს ყველგან, უნდა იყოს მუდმივი, სანამ შედეგამდე არ მივალთ…
ჩვენს ის გვაწუხებს, სხვა მუნიციპალიტეტებში რატომ არ ისმის პროტესტის ხმა. ყველგან უნდა იდგეს ადამიანების ჯგუფი და არ არის აუცილებელი ათეულობით და ასეულობით იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი უფრთხილდება, ბევრს ეშინია, ან არ სცალია, ბევრი შეიძლება ფიზიკურად ვერ გამოდის სოფლებიდან და ა.შ. ჩვენს შემთხვევაშიც, ბევრი გვიხსნის ხოლმე, ბოდიში, ვერ მოვდივართო, მაგრამ მხარს გვიჭერენ და გამოხატავენ თანადგომას“, – გვეუბნება მასწავლებელი ჩხოროწყუდან.
მისი თქმით, პროტესტს ბევრი ფორმა აქვს და შესაძლოს სხვა ფორმები მოძებნონ მათ, ვინც ქუჩები ვერ დგას – „მაგალითად სოციალურ ქსელებში იაქტიურონ. რაც მეტი იხმაურებს, რაც მეტი გამოვა, მით უკეთესია ჩვენთვის. ერთადერთი გამოსავალია ერთიანობა და ის, რომ არ უნდა გავჩერდეთ.
ჩვენ გვინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველას, ვინც აპროტესტებს. ეს ჩვენთვის მოტივაციის და სტიმულის მომცემია და ველოდებით ხოლმე ყოველთვის – აი, დღეს რა იქნება, ვინ გამოვა, ვინ შეუერთდება. ჩვენი პროტესტიც ვიღაცისთვისაა ასევე მამოტივირებელი და გამამხნევებელი.
გარდა ამისა, საერთო პრობლემების გარდა გვაქვს ადგილობრივი პრობლემებიც. დიდი და მცირე ოლიგარქები ყველგან არიან“, – გვიყვება სოფიო გოგოხია.

სოფო გოგოხია
მას ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ქვეყანაში მიმდინარ პროცესებს, როგორც მასწავლებელი.
„წლებია ვამბობ, რომ მასწავლებელი, რომელიც უნდა იყოს განათლების, ღირსების, თავისუფლების სიმბოლო, იქცა არჩევნებში გამოსაყენებელ ხორცად და სახელმწიფოს დამაზიანებელი დაკვეთის შემსრულებლად.
ეროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ იყენებენ მასწავლებლებს. სანამ ეს ასე იქნება, სანამ როგორც არჩევნების მოსაგებად გამოსაყენებლებს შემოგვხედავენ მასწავლებლებს, სანამ ჩვენ არ გვექნება მტკიცე პოზიცია, იქნება ეს ზოგადსაკაცობრიო თუ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვეშველება.
მასწავლებლის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასწავლებლების სიჩუმე დღეს საგანგაშოა და იმაზე მიუთითებს, რომ ამ სისტემაში არ არის კარგად საქმე.
ხშირად წერენ და ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ რეჟიმს, ან მიწაში წვანან, ან ემიგრაციაში არიან. ამ დონემდე რომ არ მივიდეთ, რომ არ დავემსგავსოთ ჩრდილოეთ კორეას და ოკუპანტებს, რუსეთს, სწორედ ამიტომ ვდგავართ ქუჩაში – ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მოსწავლეებისთვის, ჩვენი მომავლისთვის.
წარსულის და აწმყოს პრობლემები გვაქვს გააზრებული. ვხედავთ, როგორია აწმყო და ვიცით, როგორი მომავალი შეეფერება და სჭირდება ჩვენს ახალ თაობებს. ყველგან უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა“, – გვეუბნება სოფიო გოგოხია.
მასწავლებლის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები შეადგენენ დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს, „ხელისუფლება“ იანვრიდან მოყოლებული „ამკაცრებს და ამკაცრებს საოცარ კანონებს და ლამის 37 წლის რეპრესიები დაბრუნდეს“.
„ეს უნდათ მოკლან, ეს უნდათ ჩაახშონ. უნდა მივიღოთ ქვეყანა, სადაც ფიქრშიც კი ვერ გაივლებს ვერავინ პროტესტს და მათ საწინააღმდეგო აზრს.
მეცხრე კლასის სასკოლო პროგრამაში არის მოსე ზამთარაძის ნაამბობი დათა თუთაშხიადან და აი, ეს უნდათ, რომ ჩვენც გავთხაროთ გვირაბი საწინააღმდეგო მიმართულებით და აბელ ცეცურის ზარის ჩამორეკვას ველოდეთ. ასეთი მასა უნდათ რომ ჩვენგან მიიღონ, რათა თავისუფალი აზრის ჭაჭანება არ იყოს არც ერთ ადამიანში.
მალე ყველას მიწვდება ეს ყველაფერი – მათ შვილებს, მათ შვილიშვილებს. ვკარგავთ ქვეყანას და ქვეყანა რომ არ დავკარგოთ, ამიტომ, მაქსიმალურად ყველგან უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა“, – ამბობს მასწავლებელი ჩხოროწყუდან.
როგორც მან გვითხრა, ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ აქცია პარტიული ნიშნით არ არის გაერთიანებული:
„აქ ვართ, რათა არ დავკარგოთ სამშობლო და შემდეგ არ შეგრცხვეს, რას ვაკეთებდით და სად ვიყავით. დარდად რომ არ დაგვრჩეს, ხმას არ ვიღებდითო.
ბევრი რამის თქმა მინდა, განსაკუთრებით კოლეგებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. კიდევ ერთხელ ჰკითხონ თავს – ხელისუფლება, რომელიც გელათს არ პატრონობს; ხელისუფლება, რომელიც საყდრისს აფეთქებს; ხელისუფლება, რომელიც საშინელი მეთოდებით იბრძვის დასარჩენად და იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენს ოკუპანტს, ბოლო 250 წლის განმავლობაში საქართველოს გაქრობას და განადგურებას რომ ცდილობს, ჩაგვაბაროს – რამდენად მისაღებია?!
არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს არ გაიაზრო და თუ გაიაზრებ, ხმა არ აიმაღლო. არ დაიჯეროთ, რომ ღირსებისთვის და რაღაც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. ეროვნული ღირებულებებისთვის რომ იბრძვის, ის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში გელათს არ გაანადგურებს, იმიტომ, რომ გელათი არის საქართველოს სიმბოლო, დასავლურ კულტურასთან ერთიანობის სიმბოლო და საერთოდ არც ერთ ქვეყნის ფასეულობას ასე არ მოექცევა, პირიქით.
უნდა გავახილოთ თვალი და დავინახოთ სინამდვილეში ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, სანამ გვიან არ არის, თორემ მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება მართლა „თითზე კბენანი“. დავფიქრდეთ, რომ ჩვენ პატარა ერი ვართ, ვიყავით ყოველთვის გადარჩენაზე, ახლაც ეს გადარჩენის მომენტი გვაქვს და უნდა გადავლახოთ. უნდა ვისარგებლოთ იმ მხარდაჭერით, რასაც ბოლო პერიოდია იჩენს დასავლური სამყარო და არ უნდა გავუშვათ ხელიდან, თორემ ახლა თუ გადაგვსანსლა ჩრდილოელმა გველეშაპმა მერე ძალიან იქნება გამოძრომა.
კოლეგებს, მშობლებს, დედებს, ყველას მინდა ვუთხრა, რომ გაიღვიძონ და არც კარტოფილზე, არც რაღაც სხვა ორ კაპიკზე არ გაყიდონ შვილების მომავალი. ეს ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისაა. ანწუხელიძე გმირია, ქაქუცა ჩოლოყაშვილიც გმირია, ექვთიმე თაყაიშვილი, მღვდელი თევდორე და ა.შ. გმირს გმირობა არ უნდა დავუკარგოთ და კახაბერზე უნდა ვთქვათ, რომ კახაბერია, იმიტომ, რომ უნდა გადარჩეს საქართელო”, – ამბობს საუბრის დასასრულს მასწავლებელი.
ლიტერატურის მასწავლებელს იმაზეც ვკითხეთ, რაიმე წნეხს ხომ არ გრძნობს სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო – „პრობლემები პერიოდულად არის ხოლმე. მაგალითად ადგილობრივი, ცოცხალი ტროლების მოქსევა. იყო ირიბი მცდელობებიც, მაგრამ ისეთი არა, რომ ვერ გავმკლავებოდი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, აწი არ ვიცი რა იქნება“.

ჩხოროწყუს საპროტესტო აქცია. ფოტო: ოთო შენგელია/30.04.2025
„პირველივე დღიდან [28 ნოემბერი] დაიწყო ჩხოროწყუში საპროტესტო აქციები. მაშინ სადღაც 700-მდე ადამიანი იყო გამოსული… არ იყო ეს პატარა მაჩვენებელი. ალბათ მოსახლეობის მასშტაბებს რომ შევადაროთ, ყველაზე ხალხმრავალი აქცია გვქონდა 28 ნოემბერს ჩხოროწყუში.
შემდეგ უკვე ყოველდღიურად ვიკრიბებოდით. ზოგჯერ ზუგდიდს ვუერთდებოდით, როცა დიდი აქციები იყო, თბილისში დავდიოდით და შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ ჩხოროწყუში გვქონოდა ყოველდღიური აქციები“ – გვიყვება საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, ოთო შენგელია.

ოთო შენგელია
მისი თქმით, უკვე 4 თვეა, რაც უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ჩხოროწყუში და ძირითადად ადგილობრივი მერიის წინ იკრიბებიან.
ჩხოროწყუში თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მთავარი სწორედ იმ ორი მოთხოვნის შესრულებაა, რის ირგვლივაც ერთიანდება პროტესტი მთელს ქვეყანაში – გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
„მარტო ერთი ქალაქი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და მარტო თბილისზე კონცენტრირება არ არის რელევანტური. თან რეგიონებშიც არის საპროტესტო მუხტი… სწორედ ეს არის ჩვენი მოტივაცია, მარტო ერთი ქალაქი არ იყოს წინა პლანზე წამოწეული და პატარა რაიონებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ არ ჩათვალოს, რომ ისინი პროტესტს მიღმა არიან“, – ამბობს მოქალაქე.
მისი თქმით, არ გაჩერდებიან და მაქსიმალურად ეცდებიან, როგორც ახლა, შემდეგ დღეებშიც, ჩხოროწყუ პროტესტის კერა იყოს.
„თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის იბრძვის პატიმრობაშიც კი“, – ამბობს ოთო შენგელია ჩვენთან საუბრის ბოლოს.
კიდევ ერთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირმა ჯალაღონიას ვესაუბრეთ ჩხოროწყუში და ვკითხეთ, რა აძლევთ მოტივაციას არ დაიღალონ და ყოველდღე გამოვიდნენ ქუჩაში პროტესტის ნიშნად. ირმა სკოლაში არ ასწავლის.
„ქვეყნის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ერთობის განცდა. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონის პრობლემა და ყველა კუთხე-კუნჭულში ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანი და ეგზისტენციალური კრიზისი უდგას ქვეყანას. თითოეული ჩვენგანის პროტესტი არის მნიშვნელოვანი.
ვერაფერს ვაკეთებთ ჩვენ განსაკუთრებულს, მაგრამ ის, რომ ყოველ საღამოს ვიწუხებთ თავს და გამოვდივართ, გვაქვს შეგნება, რომ აუცილებელია გამოვხატოთ პოზიცია – ჩვენ არ გვძინავს და ჩვენ არ გვავიწყდება ის იდეა, რომლითაც არსებობს ეს ქვეყანა უკვე საუკუნეების განმავლობაში და არ შეიძლება ამას წავუყრუოთ და გაგვეცინოს, თორემ ძალიან ადვილად შეიძლება გაქრეს ეს სახელმწიფო“, – გვეუბნება ირმა ჯალაღონია.
მისი თმით, „სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით გამოიხატება ახლო ნაცნობობის, სამსახურის დაკარგვით შეშინების ფაქტორები, რის გამოც მოქალაქეები თავს იკავებენ აქციებზე გამოსვლისგან. ჩვენ რომ ვაპროტესტებთ ყოველ საღამოს და ჩამოივლიან ხოლმე მანქანებით, გვიპიპინებენ. ერთხელ ისიც კი ვთქვით – „გაბედე პიპინი“.
ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი მოწონება საპროტესტო ფოტოების. ზოგჯერ შეძახილებითაც გვამხნევებენ, ამასაც ბედავენ.
ჩვენი გამოსვლები უქმნის დისკომფორტს ადგილობრივ „ოცნებას“. მათ ჰყავთ თავიანთი რუპორები და ისინი ახმოვანებენ, რომ თითქოს ჩვენ არაფრად ჩასაგდები ძალა ვართ, ჩვენზე თითქოს ხარხარებს ხალხი და ა.შ. ცდილობენ დააკნინონ და დაამცირონ ჩვენი პროტესტი.
რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ის არის, რომ კუდში დაგვყვება პოლიციის მანქანები და თუ სადმე ადგილი შევიცვალეთ, ისინიც მოგვყვებიან.
სახლში ვერაფრით ვერ ვჩერდები, ვერც ერთ საღამოს, რადგან ღალატი მგონია ახლა სახლში ყოფნა“, – ამბობს ირმა ჯალაღონია.

სოფო გოგოხია და ირმა ჯალაღონია ჩხოროწყუს საპროტესტო აქციაზე
ყოველდღიურ საპროტესტო აქციას ჩხოროწყუში თვალი შეგიძლიათ მიადევნოთ ადგილობრივების ფეისბუქ გვერდზე – ჩხოროწყუ სამშობლოსთვის.






