„უკრაინის მიტოვება სისულელეა,“ – ტრამპის მიდგომებზეა განაწყენებული პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. იგი დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მაგრამ პოლკოვნიკი ხაზს უსვამს ბზარს აშშ-ს და ევროპას შორის – ევროპა აშშ-ს საიმედო პარტნიორად აღარ განიხილავს.
პოლკოვნიკის დაკვირვებით, ახალ ეტაპზე გადადის ევროპისა და უკრაინის ურთიერთობა. ევროპაში დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს და იციან, რომ უკრაინაა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც „რუსეთთან ბრძოლა იცის და გამარჯვების მოპოვება შეუძლია“, – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
„დღეს საკითხი აღარ დგას უკვე იმაზე, რომ აი, უკრაინას მხარს უჭერენ. ეს პირადი გადარჩენის საკითხია. ევროპისთვის უკრაინასთან შეკავშირება და მისი გაძლიერება უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.
- ბატონო ლაშა, თქვენი დაკვირვებით, რა შანსი არსებობს უკრაინას და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის? ზელენსკი ამბობს, რომ მხარეებმა მუშაობა განაახლეს.
შანსი არსებობს, თუმცა მთავარია, რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება. კონკრეტულად არავინ იცის ამ ხელშეკრულების პირობები. ღიადაა ბევრი საკითხი დატოვებული. მე შემიძლია გითხრათ ის, თუ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა.
ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე მიღწევადია, რადგან რეალურად ყველას აწყობს ეს, თუმცა თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება მიბმული ტერიტორიების დათმობაზე, ეს მიუღწეველია. უკრაინელები რუსებს ტერიტორიას არ დაუთმობენ.
ჩემი აზრით, უკრაინას უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერავინ მისცემს. ეს არარეალისტურია. ცხადია, ყველას გვინდა უკრაინამ მიიღოს უსაფრთხოების გარანტია, რაც ნიშნავს დახმარებას ბოლომდე. ბოლომდე ახლა არ ეხმარებიან მიმდინარე ომში და სამომავლოდ რა იქნება, ვინ გეტყვის?! როცა რუსეთს ეომები, უსაფრთხოების გარანტიები არარეალურია. რეალურია, მაგალითად, სამხედრო ტექნიკის მიწოდება.
- ზელენსკიმ თქვა, რომ პრეზიდენტობას ცვლის ნატოში. რამდენად შესაძლებელია ამ მოცემულობაში უკრაინა გახდეს ნატოს წევრი? იტალიის პრემიერმა, მელონმა განაცხადა, რომ ნატოს მე-5 მუხლი გავრცელდეს უკრაინაზე სრული წევრობის გარეშე. მე-5 მუხლის გავრცელება ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ალიანსის წევრებმა უნდა დაიცვან, თუ რომელიმე ქვეყანა მას თავს დაესხმება.
მოვისმინე ეს განცხადება და მაინტერესებს: თუ მე-5 მუხლი უნდა გავრცელდეს უკრაინაზე, მაშინ სხვა რაღაა პრობლემა უკრაინის ნატოში მიღების? ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური მანევრია, ვიდრე რეალური საქმისკენ გადადგმული ნაბიჯი.
მე ვფიქრობ, რომ აშშ-ი ისევ აუცილებლად მხარს დაუჭერს უკრაინას. აქ ვაჭრობა მიდის რამდენიმე საკითხზე ამერიკელებს და ევროპას შორის. ეს უფრო ხელების გადაგრეხაა, უკრაინა კი, ამის გამოვლინებაა.
რეალურად საქმე ეხება ევროატლანტიკური ალიანსის მომავალს – ამერიკელების ევროპის მხარდაჭერაზე. დღეს რაც არის, ასე ვეღარ გაგრძელდება. ამ დროს რას მოახერხებენ ევროპელები – შეძლებენ ისინი საკუთარი უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნას? ჩემი აზრით, ეს გარდაუვალია, თუმცა რა დრო დასჭირდება ამას, სხვა საკითხია. დღეს ეს უკვე მიმდინარე პროცესია.
- რა რესურსი აქვს უკრაინას ამ ომში ამერიკის დახმარების გარეშე? რამდენად შეიცვალა მოცემულობა მას აქეთ, რაც უკრაინაში ამუშავდა სამხედრო მრეწველობა? თუმცა, როგორც ცნობილია, მთავარი პრობლემა საჰაერო თავდაცვის საშუალებებია, და ასევე, მაღალი სიზუსტის რეაქტიული სისტემები…
ძალიან გაუჭირდება უკრაინას ამერიკული დახმარების გარეშე. საჰაერო თავდაცვის საშუალებების, „პატრიოტების“ ჩანაცვლება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არ იქნება შესაძლებელი.
უკრაინას რუსეთთან მიმართებით აქვს ტექნოლოგიური უპირატესობა და ეს უკავშირდება სწორედ ამერიკულ აღჭურვილობას. თუ გამორთული იქნება ეს სისტემები სატელიტიდან და უკრაინა შევსებას ვერ მიიღებს, მსხვერპლი მნიშვნელოვნად გაიზრდება, დაიბომბება სტრატეგიული ობიექტები.
ამ შემთხვევაში ზიანი და ზარალი იქნება გაცილებით მეტი.
- ეს იცის ზელენსკიმაც. თქვენი აზრით, რეალურად რატომ ვერ შედგა უკრაინის შეთანხმება აშშ-თან?
ტრამპის მეთოდია ამგვარი: ან იმას გააკეთებენ, რაც მას უნდა, ან არადა მათ ელოდებათ შეურაცხყოფა, ბულინგი, ბრალდებები… შესაძლოა, ზელენსკი რაღაცაში შეცდა, მაგრამ იგი მართალი იყო – ზელენსკიმ მსოფლიოს დაანახა არამხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციის რეალური სახე, არამედ ის, თუ რა არის დღეს ამერიკა. ზელენსკიმ მსოფლიოს აჩვენა აშშ-ს დღევანდელი სახე, რომ მათ გიჟური რაღაცების გამო შეუძლიათ მხარი აღარ დაუჭირონ იმას, ვისაც მანამდე წლებია აქტიურად მხარს უჭერდნენ.
აშშ-ის ევროკავშირთან არსებული ხიდი ჩაინგრა ფაქტობრივად. მოკავშირეებთან ასე დაშორება და ასეთი უხეში ფორმებით დაპირისპირება გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ს კარგს არაფერს მოუტანს. ევროპის ქვეყნებმა მართლაც თუ გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი და ყველამ თავისი ბირთვული იარაღი გააკეთა, ამერიკა მერე ვის რად უნდა?! მერე უკვე ყველას თავის თავს მიხედავს.
მინერალების საქმის ასე გაჯანჯლებაც კარგის მომტანი უკრაინისთვის არ არის, თუმცა ის მუშაობს და მოქმედებს ომის პრინციპებით. ყველას მხარდაჭერა მიიღო უკრაინამ და ახლა უკვე ევროპელების და უკრაინის გაერთიანებული მოქმედების დროა. საქმე ისაა, რომ ევროპელები ამას მიჩვეული არ არიან. მეორე მსოფლიო ომის დროსაც ყველაფერი ძირითადად ამერიკამ გააკეთა.
ჩემი აზრით, უკრაინა დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობებით, რომელიც უკრაინისთვის ასე თუ ისე მისაღები იქნება.
- ევროკავშირში შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების 800 მილიარდ ევრომდე გაზრდაზე. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ევროპა ამერიკისგან დამოუკიდებელი თავდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც იქნება ფარი უკრაინისთვისაც? რა დრო დასჭირდება ამას? „აუცილებელი არ არის, ევროპის მომავალი ვაშინგტონში ან მოსკოვში გადაწყდეს“, — აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა ევროპას, რომ ის არასანდო მოკავშირეა. დღეს ამას ცხადად შესაძლოა ვერ ამბობენ, მაგრამ ევროპელები ხედავენ, რომ რეალურად მართლაც შეუძლია აშშ-ს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემის გარეშე დატოვოს. ევროპელებმა იგივე უსაფრთხოების სისტემა სადღაც უნდა მოიპოვონ…
გამოდის, ევროპა რუსეთს უნდა ეომოს, ან უნდა მოელაპარაკოს. თუ მოლაპარაკებაზე მიდგება საქმე, ამერიკაზე გაცილებით მარტივად ამას ევროპა შეძლებს. მათ გაცილებით მეტი ინტერესი აქვთ რუსებთან და პრაქტიკული ინტერესი. მოგეხსენებათ, უკრაინის ომამდე ევროპას რუსეთთან სიმბიოზური ურთიერთობა ჰქონდა.
- მაკრონის გათვლებით, მოსკოვი გეგმავს 2030 წლისთვის გაზარდოს თავისი არმია დამატებით 300 000 ჯარისკაცით, 3 000 ტანკით და 300-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით. რას ამბობს ეს რიცხვები და თქვენი აზრით, რა რესურსი დარჩა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ?
ეს რიცხვები ნიშნავს იმას, რომ ევროპამაც დაიწყო სამზადისი. ევროპაში ხვდებიან, რომ უნდა გაზარდონ სამხედრო მრეწველობა, თავდაცვის ხარჯები, ბირთვული არსენალი. ბზარის გამთელება, რომელიც ტრამპმა გააჩინა, ძალიან გაჭირდება. ტრამპმა პირველი პრეზიდენტობის დროსაც გააჩინა ბზარი ევროპასთან, თუმცა ამ მასშტაბისა – არა.
უკრაინის მიტოვება სისულელეა, რადგან უკრაინა ერთადერთია, რომელმაც რუსეთთან ბრძოლა იცის, ეს შეუძლია და გამარჯვების მოპოვება შეუძლია. ევროპისთვის უკრაინასთან შეკავშირება და მისი გაძლიერება უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.
დღეს საკითხი აღარ დგას უკვე იმაზე, რომ აი, უკრაინას მხარს უჭერენ. ეს პირადი გადარჩენის საკითხია.
რუსეთის მსგავს ქვეყანას სწრაფად ვერ დაამარცხებ – რუსეთის დამარცხებას დიდი დრო და ომი სჭირდება.
- რა ხდება ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე? მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურაზე.
რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ სიტუაციაში, როცა უკრაინის თავდაცვა დასუსტდა, მაქსიმალურად გაუნადგურონ ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დახოცონ. ესაა რუსეთი. ეს შეტევა არც პირველია და არც ბოლო იქნება.
მთავარი საკითხი ამ ეტაპზე ისაა, რომ ევროპამ დროულად შექმნას პოლიტიკური მართვის ახალი სისტემა, რაც აქვს ევროკავშირს, მაგრამ არაა საკმარისი, როცა დამოუკიდებელ თავდაცვით ინფრასტრუქტურაზეა საუბარი. ევროპას სჭირდება ძლიერი ჯარი და ძლიერი მმართველობა, ლიდერშიპი. ევროპელებმა მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგან.
ეს დროა ახლა.






