მთავარი,სიახლეები

დისკუსიაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ მივიდა

13.09.2016
დისკუსიაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ მივიდა

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არჩევნებში მონაწილე პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩეველს შეხვდნენ. შეხვედრა სპეციალურ ფორმატს ითვალისწინებდა და მისი მოდერატორი მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე იყო.

შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ თითო წუთი კითხვებზე საპასუხოდ. ფორმატი ითვალისწინებდა როგორც მოდერატორის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს, ასევე დარბაზიდან კითხვების დასმის შესაძლებლობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის #69 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები: „რესპუბლიკელებიდან“ – ხათუნა სამნიძე, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ – ნინო ბერაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – გიორგი კირთაძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – პაატა ცივაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – არმაზ ახვლედიანი და პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი – ირაკლი ბარამიძე.

შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ „ქართული ოცნებისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა“ წარმომადგენლები.

შეკითხვები შეეხო პარტიების საარჩევნო პროგრამებს, კანდიდატების ხედვებს დასაქმებაზე, გადასახადების შემცირებაზე, შრომით უფლებებსა და სხვა საკითხებზე.

შეხვედრა მედიაცენტრმა უზრუნველყო. ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის თეონა დიასამიძის ინფრომაციით მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.

მედიაცენტრები ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: