მთავარი,სიახლეები

ამაღლობელი რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა კვლევებისთვის – პენიტენციური სამსახური

05.02.2025
ამაღლობელი რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა კვლევებისთვის – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობლის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბრალდებული მ.ა.  სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.

განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი,“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

————————————————————–

25-ე დღეა „ბათუმელების” და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტი ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24 დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. გუშინ, 4 თებერვალს კი კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება.ის აგრძელებს შიმშილობას.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: