„მითხრა, არ ხარ სანდო ადამიანიო. მე ვუთხარი, თქვენ გინდათ გემორჩილებოდეთ და „ქართული ოცნების“ გამტარი ვიყო, რაც არასდროს არ იქნება-მეთქი,“ – ამბობს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე. მისი თქმით, მას ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნუკრი ქანთარია „თეატრიდან გაგდებით“, ასევე „ხელშეკრულების გადახევით“ დაემუქრა.
ნუკრი ქანთარია პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, ვიდრე თეატრში დანიშნავდნენ. მეგი კობალაძე და ამ თეატრის კიდევ რამდენიმე მსახიობი კი, ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას საჯაროდ აპროტესტებენ. მეგი კობალაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობლის სოლიდარობის ნიშნად მჯდომარე პროტესტიც დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან მსახიობ ოთარ ქათამაძესთან ერთად.
დღეს, 29 იანვარს, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებს ნუკრი ქანთარია შეხვდა. შეხვედრაზე ნუკრი ქანთარიას ჰკითხეს: რატომ არ მოუმატეს ხელფასი გამორჩევით იმ მსახიობებს, რომლებიც თეატრში, ასევე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ?
მეგი კობალაძე ამბობს, რომ ნუკრი ქანთარია შეკითხვამ გააღიზიანა და მუქარა მის მიმართ მას შემდეგ შეწყვიტა, როცა დიალოგის ვიდეოს გადაღება დაიწყო მობილური ტელეფონით.
„კონკრეტული მსახიობები ვართ უმაღლეს კატეგორიაში. ამ კატეგორიაში მყოფ ზოგიერთ მსახიობს, მაგალითად, 17 %-ით მოემატა ხელფასი, მე და კიდევ რამდენიმე მსახიობს კი, მხოლოდ 10%-ით. ამ 10%-ითაც არ მოგვიმატებდნენ ხელფასს, წინასწარ, კანონით რომ არ ყოფილიყო ეს განსაზღვრული. მომავალ წელსაც, მაგალითად, ყველას უნდა მოგვემატოს ხელფასი ისევ 10%-ით.
ნუკრი ქანთარიამ მითხრა, არ ხარ სანდო ადამიანიო. რას ნიშნავს ეს? მინდოდა, ამ შეკითხვაზე ეპასუხა ნუკრი ქანთარიას. გამოდის, რომ პოლიტიკურად არ ვარ მისთვის სანდო. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე დავეკავებინე სპექტაკლში და უარი მეთქვა. პირიქით, სხვა წასულა თეატრიდან და ერთ კვირაში შევედი სპექტაკლში. რეპეტიციებზე არც ერთი დაგვიანება არ მქონია და ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს.
ვუთხარი, რომ ნიჭიერი მსახიობი ვარ და ვიმსახურებ, უფრო მეტად ვიყო დაკავებული-მეთქი და მერე დაიწყო ეს შელაპარაკება.
ვერავის ვერ გვიპასუხა, ვისაც მხოლოდ 10%-ით მოგვემატა ხელფასი. მაგალითად, ეკა ჩავლეიშვილს ნუკრი ქანთარიამ უთხრა, თბილისში ცხოვრობთო. თვითონაც ცხოვრობს, როგორც თბილისში, ისე ბათუმში. ეკა ჩავლეიშვილს არასდროს პრობლემა არ შეუქმნია ამის გამო.
მერე მითხრა, დედაშენი და მამაშენი რომ არ იყოს თეატრში, გაგდებული იქნებოდი ამდენი ხანიო, გადაგიხევ ამ ხელშეკრულებასო, ჩავრთე მობილურში კამერა და მივაწოდე ხელშეკრულება, დახიეთ-მეთქი და მერე დამიბრუნა ხელშეკრულება…“, – უთხრა მეგი კობალაძემ „ბათუმელებს“.
მეგი კობალაძის აზრით, ნუკრი ქანთარია მსახიობებს კრიტიკული შეხედულებების გამო სჯის. ნუკრი ქანთარიას ხელფასი განსხვავებული წესით გაუზრდია კონკრეტული მსახიობებისთვის, მათ შორის, მეგი კობალაძის მშობლებისთვისაც, რომლებიც ამავე თეატრში მუშაობენ.
„მაგრამ ყველაზე აქტიურად მე გამოვხატავ პოზიციებს,“ – დასძინა მეგი კობალაძემ. მსახიობმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მსახიობები რამდენიმე თვის წინ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ და თეატრში არსებულ სიტუაციაში გარკვევა სთხოვეს. დაპირების მიუხედავად მინისტრი თეატრში არ მისულა.
ცდილობს თუ არა „ოცნებასთან“ დაკავშირებული ნუკრი ქანთარია „ოცნების“ კრიტიკით დაკავებული მსახიობების დასჯას? – „ბათუმელები“ კიდევ ერთ მსახიობს, ტიტე კომახიძეს დაუკავშირდა. ტიტე კომახიძეც არ ერიდებოდა ნუკრი ქანთარიას კრიტიკას – მისი ხელფასიც მხოლოდ 10%-ით გაიზარდა.
„ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, ასე გადავწყვიტეო. მე ფეისბუქსტატუსებით ვაფიქსირებდი იმას, რომ არ მომწონს შემოქმედებითი პროცესი თეატრში, მე მქონდა განსხვავებული შეხედულებები შემოქმედებით პროცესებთან დაკავშირებით, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელი პარტიიდან იქნება, მთავარია, შემოქმედებითი პროცესი დალაგდეს…
მაქვს პროტესტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც და ხმამაღლა ვაფიქრებ ამას. ამდენი სისხლი, ძალადობა მიუღებელია აბსოლუტურად ჩემთვის. ყველა პროფესიონალ ადამიანს გული უნდა შესტკიოდეს იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. რაც ქვეყანაში ხდება, ის აისახება თეატრზეც. თეატრი ქვეყნის პატარა მოდელია: როცა მოუწესრიგებელია ქვეყანა, მოუწესრიგებელია თეატრიც,“ – გვითხრა ტიტე კომახიძემ.
ტიტე კომახიძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, გაფიცვა მსახიობებმაც გადაწყვიტეს, თუმცა მსახიობების საჯარო განცხადებას ნუკრი ქანთარიამ დაასწრო:
„მან ისაუბრა „იმედის“ და „აჭარის ტელვიზიის“ ეთერში, რომ ამ მოვლენებიდან გამომდინარე თეატრი ჩერდება. გაჩერებულ თეატრში ხომ არ დავიწყებდით ოფიციალურად გაფიცვას. ამიტომაც ოფიციალური განცხადებით გაფიცვაზე არ მიგვიმართავს… ახლა არ ვიცი, როგორ ვიმოქმედებთ,“ – აღნიშნა ტიტე კომახიძემ „ბათუმელებთან“.
2024 წლის ბოლოს ნუკრი ქანთარიამ, ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, საყვედური გამოუცხადა იმ მსახიობებს, რომლებმაც სხვებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. საყვედური მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს, სასტიკი საყვედური კი, ოთარ ქათამაძეს გამოუცხადეს.
„ბათუმელებმა“ სცადა ნუკრი ქანთარიასთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა.






