„თუ ხალხი მოწოდებულია, რომ არ დათმოს თავისუფლება და „ოცნების“ პროპაგანდასაც დაუპირისპირებს სიმართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება სიცრუე, რადგან საბოლოო ჯამში, არც ერთ ადამიანს არ უნდა იცხოვროს სიცრუეში“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
რას ეჭიდება დასავლეთის მიერ სანქცირებული „ქართული ოცნება“? – ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.
- ბატონო კახა, დღეს საქართველოში ხალხი ითხოვს – გაათავისუფლონ დაკავებული ადამიანები, დაისაჯონ წამებაში მონაწილე პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. რა ეტაპია კიდევ გასავლელი იმისთვის, რომ „ოცნების“ სიჯიუტე დასრულდეს და მან მიიღოს ეს მოცემულობა?
კარგად გვესმის, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ცდილობს აისხლიტოს ყველანაირი პასუხისმგებლობა, ყველანაირი კრიტიკა და ჩვენ ამას კარგად ვხედავთ „ოცნების“ მიერ კონტროლირებად ტელეარხებსა თუ სოცმედიაში, სადაც სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.
ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრისა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების გამოსვლებში არის მცდელობა, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ თითქოს მართავენ პროცესს, თითქოს მილევადია საპროტესტო მუხტი და ასე შემდეგ. ეს არ არის ის პოზიცია, რომელთანაც შეიძლება დიალოგის დაწყება, აი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
საერთაშორისო მცდელობები გრძელდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუ გნებავთ საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, მთავრობას პრაქტიკულად არანაირი დიალოგი არ აქვს. არ ელაპარაკებიან.
რაც შეეხება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ჩამოსვლას, ვიცით, რომ ის არ ჩამოსულა თავისი სახელით. ის ჩამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით.
ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც ამბობს, რომ გენერალური მდივნის ჩამოსვლა არაფერს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ის წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, კონკრეტულად ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია ასეთ საკითხებში ჩაერთოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ამიტომ ვფიქრობ, რომ გენერალური მდივნის ვიზიტს აქვს გარკვეული მნიშვნელობა, რადგან ის წაიღებს ინფორმაციას საპარლამენტო ასამბლეაში და შესაძლოა განხორციელდეს ზეწოლა „ოცნების“ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან.
- რა ფორმით?
შეიძლება გამოსცენ რეზოლუცია და გააფრთხილონ „ოცნების“ ხელისუფლება, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, უნდა გამოუშვან აქციებზე დაკავებული ადამიანები და ასე შემდეგ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაკარგოს საქართველომ ხმა ევროპის საბჭოში.
- ევროკავშირი შეთანხმდა, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს გაუუქმებენ დიპლომატიურ პასპორტებს და ამას დაემატა მეორე განცხადებაც, რომ ამის პარალელურად მათ უნდა შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმიც. არც ეს შეაჩერებს ივანიშვილის ხელისუფლებას?
ძნელი სათქმელია. საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ მზად იყო ამ გართულებებისთვის. ფსიქოლოგიურადაც მზად იყვნენ და პოლიტიკურადაც, რადგან როგორც ვხედავთ, ყველა ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის რაღაც უცნაურად ხდება, ყველაფრის ნიველირებას ცდილობენ, რა ზიანიც მიადგათ.
მაგრამ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ნაკლებად ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას. რეალურად ქვეყანა „დასანქცირდა“, რადგან დახმარებების შეჩერება არის პრივილეგიის შეჩერება. რეალურად, თავისი ეფექტით სანქციებთან გათანაბრებულია ამ ათეული მილიონი დახმარების შეჩერება და არა მარტო მთავრობისთვის, მთელი ქვეყნისთვის.
- ამისთვისაც მზად იყვნენ, რომ შეიძლება ეკონომიკა ჩამოიშალოს?
ეკონომიკა ასე სწრაფად არ ჩამოიშლება, თუმცა ეს ზიანს აყენებს საქართველოს განვითარებას. მაგალითად, თავდაცვის სექტორმა ვერ მიიღო 30 მილიონი, რომელიც ევროკავშირმა შეაჩერა. ეს ხომ თავდაცვას აზიანებს. ესენი ამბობენ, „არა უშავს, ჩვენ გამოვუყოფთ“, მაგრამ ჩვენ ხომ განვითარება გვჭირდება.
ეს მარტო თავდაცვას არ ეხება, დახმარებების შეჩერება აისახება ყველა სფეროზე, რადგან ყველა დარგს ეხება. მცირე ბიზნესს და უამრავი მიმართულებით არის შეჩერებული. ვეღარ მოხერხდება რეფორმების განხორციელებაც, მაგრამ ამათ ალბათ არც რეფორმები აინტერესებთ. იმის თქმაც, რომ „ჩვენ გამოვყოფთ“, მხოლოდ ბაქიბუქია და მეტი არაფერი.
ხომ ხედავთ, როგორი ინფლაციაა ქვეყანაში და ეს ყველაფერი არის გადასათვლელი რეალურ მდგომარეობაში.
- „ოცნება“ ელოდება ეუთო-ოდირის დასკვნას. ოპოზიციამაც მიმართა ეუთო-ოდირს და სპეციალური მისიის გამოგზავნა მოითხოვა. თუ ეუთოს დასკვნა იქნება ნეგატიური, ამის მიუხედავადაც შეძლებს ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას?
ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან გამოიწრთო მანიპულაციებში.
იშვიათი შემთხვევაა, ეუთო-ოდირმა პირდაპირ დაწეროს, რომ არჩევნები გაყალბდა. მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში ეს დააფიქსირეს. მაგრამ იმას დაწერენ, რომ ჩვენ შევამჩნიეთ დარღვევები, რომ არჩევნები არ ასახავს რეალურ შედეგებს.
- თუ ის მუხლები იქნება, ვთქვათ, ხაზგასმული, რაზეც დავობდა საქართველოს პრეზიდენტი და ასევე, 34 დეპუტატი, ესეც იქნება არგუმენტი, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები?
დიახ, რა თქმა უნდა, აუცილებლად, ამაზეა საუბარი.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ეუთოს დასკვნა არ იყოს ცალსახად ამაზე ჩამოყალიბებული, რომ დარღვევებმა იმდენად იმოქმედა შედეგებზე, რომ ხელისუფლება სხვა უნდა ყოფილიყო და ახლა სხვაა, „ოცნება“ შეეცდება მანიპულირებას.
ამიტომ აქ არის ხალხის პროტესტი მნიშვნელოვანი, ასევე საერთაშორისო აქტორებზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებენ ისინი ამის მხარდაჭერას.
ნებისმიერ შემთხვევაში – გაყალბდა თუ არ გაყალბდა არჩევნები, საკმარისი საფუძველი არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენჯერმე დაირღვა კონსტიტუცია. ამიტომ პოლიტიკური კრიზისი მაინც სახეზეა.
რატომ გამოდის კობახიძე და ყოველ დღე აცხადებს, რომ მილევადია ეს მუხტი, რომ „პრაქტიკულად აღარ არის“, ხალხი აღარ გამოდის აქციებზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემდეგ თქვან, არ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და რატომ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები?
ამიტომ აუცილებელია, მოსახლეობამ დემონსტრირება მოახდინოს ამის, რადგან ის რეალურად ქუჩაშია.
თუნდაც ის, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდა პარლამენტში, პოლიტიკური კრიზისი უკვე არის, ამას ემატება ხალხის პროტესტიც.
პარლამენტს ამ მდგომარეობაში არ აქვს შესაძლებლობა, კვალიფიციური უმრავლესობით მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და ასეთი პარლამენტი როგორ შეიძლება იყოს ქმედუნარიანი.
- „ოცნება“ ცდილობს ტრამპის ინაუგურაციამდე გაწელოს ეს პროცესები. თუმცა, როცა არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია, როცა ასეთი მასობრივი გამოსვლებია ქვეყანაში, როცა ხალხი არ აღიარებს ხელისუფლებას, რამდენად რეალურია ტრამპის ადმინისტრაციისგან რაიმე ისეთი ნაბიჯები, რაც შესაძლოა აწყობდეს ივანიშვილის ხელისუფლებას?
აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა.
ტრამპის ადმინისტრაცია შეხედავს იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, როგორ აფასებს ამ მდგომარეობას პარტნიორი ევროპა და თუნდაც მისი მეზობელი კანადა, დემოკრატიული სამყარო მთლიანობაში. რა თქმა უნდა, ის ვერ იტყვის, რომ ხსნის ყველა სანქციას, რომ ხსნის ყველა პრეტენზიას „ქართული ოცნების“ მიმართ. ის ვერ გააკეთებს ამას იმის ფონზე, როცა ყველა მისი პარტნიორი და საქართველოს მოსახლეობა დიამეტრულად საწინააღმდეგოს ფიქრობს.
„ოცნება“ ცდილობს, არ ჩამოეშალოს საკუთარი რეიტინგი თავისივე ამომრჩევლებში და ცდილობს. დაარწმუნოს ისინი, რომ 20 იანვრისთვის ყველაფერი გაირკვევა, რომ ეს მუხტი ჩაქრება, რომ არავითარი პრობლემა აღარ იქნება, რომ თითქოს ევროპა არ არის ავტონომიური, სუვერენული და თითქოს გადაწყვეტილებებს იღებს აშშ,, მაგრამ ეს არის აბსურდი და უცოდინარობა, ვინც ამას ქადაგებს.
ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპასთან თანამშრომლობის შენარჩუნება და პარტნიორობის გაგრძელება, ვიდრე საქართველოში აი, ამ დიქტატორული მმართველობის მხარდაჭერა და მფარველობა. მაშინ, როცა ევროპარლამენტში დეპუტატების 4/5 სრულიად ერთსულოვანია იმაში, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები საქართველოში.
- ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს უთხრა კიდეც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, რომ გვხედავენ, ესმით და ჩვენთან არიან.
აუცილებლად იქნება ამ საკითხში ევროპის ერთიანობა. ორბანსა და ფიცოს არანაირი გავლენა არ აქვთ ევროკავშირზე და იყენებენ ამ ტექნიკურ შეზღუდვას, რომელიც ევროკავშირს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში გააჩნია. ესეც ვერ იმუშავებს ამ შემთხვევაში, რადგან კონსენსუსი არ გამოდის, მაინც გადავლენ სანქციების ცალმხრივად გამოყენებაზე და აქ ევროპამ უნდა აჩვენოს თავისი ერთიანობა.
- ბათუმში, აქციაზე ერთ-ერთმა ექიმმა სპეცრაზმელებს ჰკითხა, აქციის მონაწილეების სადისტური ცემის გამო, თქვენი ოჯახის წევრებს ექიმებმა უარი რომ უთხრან მკურნალობაზე, რა აზრის იქნებითო. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ფაქტია, რომ პოლიციას არ აქვს დისკომფორტი აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებაზე. რა შემთხვევაშია მოსალოდნელი პროტესტი პოლიციელებს შორის? რადგან ამ დღეებში არ დარჩენილა თითქმის არც ერთი სფერო, რომელიც არ გაემიჯნა „ოცნების“ ანტიევროპულ პოლიტიკას, გარდა ძალოვანი უწყებებისა.
თუ სხვა ინსტიტუტებში ვერ ჩაკლა ბოლომდე დემოკრატიის სიყვარული და თავისუფლების სულისკვეთება რეჟიმმა, პოლიციაში ეს ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად იმუშავეს მათთან. ამას დაემატა პროპაგანდა, მატერიალური დაინტერესებაც, არ დაიშურეს თანხები, სხვათა შორის, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხები, რომ შეუქმნან განსაკუთრებული პირობები და პრაქტიკულად, შექმნეს ისეთი სიტუაცია, რომ ისინიც ჩააბეს ამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში.
დროთა განმავლობაში შეიძლება მივიდეს გარკვეული ნაწილი იქამდე, რომ მათ არ შეასრულონ დანაშაულებრივი მითითებები, მაგრამ მყისიერად ეს ვერ ჩამოიშლება.
იყო ცალკეული განცხადებები, როცა ცალკეულმა პირებმა დატოვეს თანამდებობები პოლიციაში, მაგრამ „ოცნება“ სწრაფად რეაგირებს ასეთ ბზარზე და ცდილობს მაშინვე ამოავსოს, რადგან ისინი ხალხისგან დასაცავად აშენებენ ციხესიმაგრეს და ამაში არიან გამაგრებული. მაგრამ რამდენი ხანი ისხდებიან ამ ციხესიმაგრეში?
საუბარია იმაზე, ვინ მეტ ხანს გაძლებს, რადგან კრიზისი ეს არის დაძაბულობა და სტრესი. თუ ხალხი მოწოდებულია, რომ არ დათმოს თავისუფლება და „ოცნების“ პროპაგანდასაც დაუპირისპირებს სიმართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება სიცრუე, რადგან საბოლოო ჯამში, არც ერთ ადამიანს არ უნდა იცხოვროს სიცრუეში.
და იმ რეჟიმის მიმართ, რომელმაც დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოავლინა საკუთარი თავი, როგორც ანტიდემოკრატიულმა, პრორუსულმა ძალამ, არ შეიძლება დემოკრატიულ სამყაროს ჰქონდეს სიმპათიები.






