მთავარი,სიახლეები

მეტროსადგურებთან პოლიცია მოქალაქეებს უკანონოდ ართმევს აირწინაღებს, ნიღბებს, სხვა ნივთებს – საია

04.12.2024
მეტროსადგურებთან პოლიცია მოქალაქეებს უკანონოდ ართმევს აირწინაღებს, ნიღბებს, სხვა ნივთებს – საია

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით, მეტროსადგურებთან პოლიციელები ხვდებიან მოქალაქეებს და ართმევენ აირწინაღებს, ნიღბებს და სხვა ნივთებს. როგორც მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს უთხრეს, ისინი „ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებენ“.

საია განმარტავს, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი. ასევე, აღსანიშნავია, რომ აირწინაღი, ნიღაბი, პირბადე არ წარმოადგენს ისეთ ნივთებს, რომელთა გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უცნობია რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს შსს აქციის დასაშლელად, დემონსტრანტებისთვის გაზისაგან და სხვა ქიმიური ნივთიერებებისგან დამცავი ნიღბების ჩამორთმევა არის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.

საიას შეფასებით „აშკარაა, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ემსახურება მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას.“  

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა. დააკავეს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. დაკავებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც. ასევე სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.  პოლიცია შევიდა „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილო ღლონტის სახლშიც.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

  • რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

მთავარი ფოტო: სქრინი ტელეკომპანია პირველიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: