მთავარი,სიახლეები

კლინიკაში გადაყვანილ 2 პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა მრავლობითი დაზიანების გამო – ომბუდსმენი

29.11.2024
კლინიკაში გადაყვანილ 2 პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა მრავლობითი დაზიანების გამო – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება მათი მრავლობითი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა.

„29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით.

ღამის მანძილზე რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი წერს, რომ არასათანადო მოპყრობის 9 სავარაუდო შემთხვევა გამოავლინა „საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს“. თუმცა, მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა.

„ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა 6 პირს. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორე ჟურნალისტს – მარცხენა თვალბუდის არე მთლიანად ჰქონდა ჩაწითლებული და სახე შეშუპებული, მესამეს კი – ცხვირის, ყვრიმალებისა და შუბლის არეში შეშუპებები და ნაკაწრები.

ამასთან, იზოლატორში რწმუნებულის ყოფნის დროს შემოყვანილ ერთ-ერთ დაკავებულებს დასჭირდა კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანა ქირურგიული ჩარევის მიზნით“, – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი წერს, რომ დაკავებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირების შესახებ შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

„სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს/პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისმა მოქმედებამ, შესაძლო დავალებამ თუ მდუმარებით გამოხატულმა თანხმობამ შედეგად გამოიწვია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში ხელყოფა.

აქვე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეაფერხოს გამოძიების პროცესი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ყველა დამნაშავე პოლიციელის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების მიზნით და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოძიებას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სასამართლოებს, უზრუნველყონ დაკავებული მომიტინგეების სამართლიანი სასამართლოს უფლების ზედმიწევნითი დაცვა, არსობრივად შეაფასონ დაკავების კანონიერების საკითხი და არ დაეყრდნონ მხოლოდ პოლიციელთა განმარტებებს ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში“.

 

ამავე თემაზე:

პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: