განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება 

20.11.2024
ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლები სტუდენტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროფესორ – მასწავლებლები, ლექტორები  და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის  ძალის გადამეტებით დაშლას  და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას.

უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის,  დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა – კარები ჩაუკეტა მათ  და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა  მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას  და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას.

საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები,  გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა  საგანმანათლებლო დაწესებულების  არსებობის ფუნდამენტია, დღეს უხეშად დაირღვა.

ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელჰყოფს სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს. იმავდროულად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადებაც არ გაუკეთებია.

ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის – ეს   ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა დათავისუფალი  განვითარების  საფუძველს ქმნის.

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის.  უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე ანდა  ძალადობის თანამონაწილე – იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად“.

_____________________

ამ თემაზე: 

რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: