სიახლეები

რას მიიჩნევენ ყველაზე ეფექტურ დახმარებად დევნილები და ეკომიგრანტები

26.08.2016
რას მიიჩნევენ ყველაზე ეფექტურ დახმარებად დევნილები და ეკომიგრანტები

25 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ კვლევის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში; საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშემწყობი პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები“ – პრეზენტაცია გაიმართა.

მიგრაციის კვლევის ცენტრის მკვლევარის, ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის უფროსის, ნათია ჭელიძის განცხადებით, კვლევის ფარგლებში აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში გამოკვლეულ იქნა ის დასახლებული ადგილები, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს და ეკომიგრანტებს გადაეცათ გრძელვადიანი საცხოვრებელი:

„ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ ჭერი, საჭირო იყო გამოვლენილიყო მათი ძირითადი საჭიროებები, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, მათი ეკონომიკური შესაძლებლობები და პროფესიული უნარები. გამოკვლეულ იქნა 500 იძულებით გადაადგილებული პირი ექვს თვითმმართველ ერთეულში: ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდსა და ხელვაჩაურში. გამოიკვეთა, რომ თვითკმარობის უზრუნველსაყოფად იძულებით გადაადგილებული პირები ეფექტურ დახმარებად ხედავენ ყოველთვიურ, სტაბილურ ფულად დახმარებას.

მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტებს გადასცემენ და მათ შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმანობაში, სთავაზობენ პროფესიული უნარების განვითარებას, იმისთვის, რომ დაიწყონ ეკონომიკური საქმიანობა და გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი, იძულებით გადაადგილებული პირები მაინც ყოველთვიურ ფულად დახმარებას ამჯობინებენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს უფრო სტაბილურია. მათ იმის შიში აქვთ, რომ თუ მათ ეკონომიკური საქმიანობა ჩაუვარდებათ, ამის პარალელურად დაეკარგებათ სოციალური დახმარება.“

მისივე თქმით, კვლევამ გამოავლინა, რომ სოციალური დახმარების სისტემა საჭიროებს რეფორმირებას და სოციალური დახმარების შეწყვეტა არ უნდა იყოს პირდაპირ კავშირში საარსებო წყაროების გაჩენასთან.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შემუშავდა რეკომენდაციები დევნილთა სამინისტროს სოცუზრუნველყოფის სააგენტოსთვის, რომ სააგენტო აქტიურად ჩაერთოს საჭიროებების გამოვლენაში და დახმარება განისაზღვროს არა სტატუსიდან გამომდინარე, არამედ საჭიროებების მიხედვით.

„უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა და საფუძვლად დაედოს კონკრეტული ეფექტური პროგრამების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების, იძულებით გადაადგილებული პირთა (დევნილები და ეკომიგრანტები) სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“ – განაცხადა ნათია ჭელიძემ.

კვლევა მომზადებულია კომპანია „ეისითის“, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისთვის“ პროექტის ,,დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ – ფარგლებში.

კვლევის პრეზენტაცია. ნაზი ბერიძის ფოტო

კვლევის პრეზენტაცია. ნაზი ბერიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: