მთავარი,სიახლეები

„სავალუტო ჯიხურში მოსთხოვა ფული, რადგან იყო კაი ბიჭი“ – რატომ გაამართლეს მოსამართლეებმა ბრალდებული

09.08.2024
„სავალუტო ჯიხურში მოსთხოვა ფული, რადგან იყო კაი ბიჭი“ – რატომ გაამართლეს მოსამართლეებმა ბრალდებული

„მისი ბრალეულობა უტყუარად დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულმა  განმარტა, რომ ე. რ.-მა მოსთხოვა ფული, რადგან იყო ,,კაი ბიჭი“ და, შესაბამისად, ერგებოდა წილი,“ – მიუწერია ბათუმელ პროკურორ აკაკი მოქერიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ე.რ.-ს საქმეზე.

ე.რ.-ს პროკურატურა გამოძალვას და ძალადობას ედავებოდა, თუმცა სამივე ინსტანციის მოსამართლეებმა ე.რ. გამოძალვის ნაწილში გაამართლეს.

იმის მიუხედავად, რომ საკასაციო საჩივარში პროკურორი „კაი ბიჭობაზე“ საუბრობს, ე.რ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობის მუხლით ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. ეს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემაც დაგვიდასტურა, რომელიც სასამართლოში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.

„მეტიც, მსჯავრდებული რამდენჯერმე მივიდა რ. ი–სთან, ყველა ხერხით ცდილობდა მისგან თანხების გამოძალვას, ბოლოს კი ფიზიკურად გაუსწორდა. რ. ი–ს არ დაუკონკრეტებია, რა სახის მუქარას ჰქონდა მის მიმართ ადგილი, რითაც დაეხმარა მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის შემსუბუქებაში, რაც მოძალადის მიმართ შიშს, მის ვაჟთან მსჯავრდებულის ნაცნობობას და ერთი სოფლიდან წარმომავლობას უკავშირდება…“ – წერდა პროკურორი საკასაციო საჩივარში.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, დღის საათებში, სავალუტო ჯიხურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულად მიჩნეულ კაცს „სავალუტო ჯიხურში თანხის გაცვლით მიღებული მოგების გადაცემა მოსთხოვა“.

ბრალდებულს გამოძალვის [სსკ-ის 181-ე] და ძალადობის [126-ე] მუხლებით ჰქონდა ბრალი წარდგენილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა რამიშვილი გამოძალვის ნაწილში გამართლდა, მაგრამ იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ ძალადობის მუხლით. მას მოსამართლემ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთი წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ერთი წელი პირობით ჩაეთვალა და დაუდგინდა ჯარიმა 3 ათასი ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, მსჯავრდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე ჯარიმა 3 ათასი ლარი.

„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და ე. რ–ი უსაფუძვლოდ გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით [გამოძალვა] წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – გამოძალვის, ესე იგი, სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნის, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები  – შემადგენლობა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი სამხილების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო საჩივარი. განჩინება მოსამართლეებმა მამუკა ვასაძემ [თავმჯდომარე], შალვა თადუმაძემ და ლალი ფაფიაშვილმა მიიღეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: