„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის და ამით არანაირ შანსს არ ტოვებს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება,“ – განაცხადა დღეს, 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
ჩხეტიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების წაგების შიშმა შეიპყრო, რის გამოც საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება დაიწყო.
„გაზაფხულზე საქართველოს საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილება განხორციელდა. ეს ცვლილებები იყო განკუთვნილი იმისათვის, რომ მორგებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
ეს ვირუსულად გადმოედო ადგილობრივ ხელისუფლებასაც. 11 ივლისს აჭარის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირდა კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს. აღნიშნული კანონპროექტით იცვლება მანდატების განაწილების წესი.
აქამდე მანდატების განაწილების წესით არ რჩებოდა გაუნაწილებელი მანდატი, შემოთავაზებული წესი კი გათვლილია გაუნაწილებელი მანდატების მორჩენაზე, რომლის მითვისებასაც ცდილობს „ოცნება“.
მოგეხსენებათ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო შედგება 21 წევრისგან, სადაც ერთ მანდატსაც უმრავლესობის ფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ.
დღესვე ბრიფინგზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ისაუბრა ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში სხვა რეგიონებიდან „გადმოწერილი მოქალაქეების“ შესახებ.
კერძოდ, პარტია აცხადებს, რომ „სხვა რეგიონებიდან საკუთარი მომხრეების გადმოწერით „ოცნება“ ცდილობს არჩევანის შეცვლას და ძალაუფლების მიტაცებას არჩევნებში“.
„მომხრეების აჭარაში ჩაწერით საპარლამენტო არჩევნებზე არაფერს კარგავს ოცნება, ხოლო აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მობილიზებას უკეთებს მომხრეებს სხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან,“ – თქვა ნინო ჩხეტიამ.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა. სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად, ცვლილება შედის 65-ე მუხლში, რომელსაც ემატება სრულიად ახალი პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
იცვლება 65-ე მუხლის მერვე პუნქტის შინაარსიც და ის კანონში შემდეგი რედაქციით იქნება:
„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები“.
კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ივლისს განიხილა ბიუროზე.
კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენა 18 ივლისს გაიმართება.






