ბათუმში, „ვოქსის“ შენობის მიმდებარედ, ანგისის ქუჩის 4 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე, კიდევ ერთი ცათამბჯენი უნდა ააშენონ. 30-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას აქ შპს „ემ ბილდინგ ბათუმი“ გეგმავს, რომლის მესაკუთრე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.
საპროექტო ტერიტორიისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 12 ივლისს დაამტკიცა.

საპროექტო ტერიტორია [2022 წლის მდგომარეობით] გდგ-ს დოკუმენტიდან
საპროექტო ტერიტორია ქალაქგეგმარების კუთხით მდებარეობს საქმიანი ზონა (შზ-3)-ში, სადაც კ²=4.6; საპროექტო წინადადებით შეთავაზებული კ² კოეფიციენტი კი ტოლია 10-ის.
საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილების მიხედვით, „საპროექტო ობიექტის სიმაღლე დაზუსტდება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე“.
საკრებულოს დადგენილებაში ასევე აღნიშნულია: „განემარტოს „ემ ბილდინგ ბათუმს“, რომ იგი ვალდებულია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე, საპროექტო ობიექტის სიმაღლე შეათანხმოს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან“.
გდგ-ს პროექტში წერია, რომ „დენდროლოგიური დასკვნის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე გამოყოფილი კ³ არის 846.80 კვ.მ; რეკომენდებულია რიგი მცენარეების გადარგვა, ხოლო რიგ შემთხვევაში, თვითნათესი, მოუვლელობისაგან დაზიანებული მცენარეების გადარგვა შეუძლებელია, რისთვისაც ისინი მოიჭრება და კომპენსაციის სახით ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.“

ახალი კომპლექსი „ვოქსთან“ / რენდერი გდგ-დან
„მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს 22-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ხოლო მიმდებარე მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს ორი, 30-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
ახალი კომპლექსი დატვირთული იქნება: კომერციული, ავტოსადგომი, საცხოვრებელი ფუნქციებით. კომერციული ფუნქცია წარმოდგენილია პირველ სართულზე; ავტოსადგომი – მიწისზედა 5 და მიწისქვეშა 1 სართულზე; საცხოვრებელი ფუნქცია – 24 სართულზე“, – აღნიშნულია გდგ-ს პროექტში.
ამავე პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა ერთ და შენობის პირველ 5 სართულზე [კომერციული ფართობის ზემოთ] ავტოსადგომებისთვის განკუთვნილი ადგილების საერთო ფართობი ჯამში 11 470 კვადრატული მეტრი იქნება.

ფოტო გდგ-დან
რაც შეეხება საცხოვრებელს – ჯამური ფართობი იქნება 34 900 კვ.მ, ხოლო კომერციულის ჯამური ფართობია – 2 240 კვ.მ.
„საპროექტო ტერიტორიას ორი მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, კერძოდ ანგისას ქუჩა და ანგისას I ჩიხი. აღსანიშნავია, რომ საპროექტო გეგმარება ითვალისწინებს ტერიტორიაზე დაბრკოლებების გარეშე პირდაპირ და მარტივ მისადგომობას აღნიშნული ქუჩებიდან და ასევე უზრუნველყოფს მათ შორის როგორც სამანქანე, ასევე საფეხმავლო კავშირსაც.
გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომების შესაბამისად და მოაზრებულია: სარეკრეაციო სივრცის, საფეხმავლო და სამანქანე გზის, გარე განათების და სხვა გარე აუცილებელი ინვენტარის მოწყობა.
საპროექტო ტერიტორიის საზღვრებში მოწყობილია 6 მ. სიგანის სამანქანე გზა, რომელიც შეუფერხებლად უზრუნველყოფს როგორც დაგეგმილი სატრანსპორტო ნაკადის მიმოსვლას, ასევე – გადაუდებელი დახმარების სამსახურების შეუფერხებელ წვდომას. საპროექტო ტერიტორიაზე გზა დაგეგმარებულია როგორც ანგისას ქუჩის მხრიდან, ასევე ანგისას I ჩიხის მხრიდანაც, ორ ქუჩას შორის უზრუნველყოფილია სამანქანე და საფეხმავლო კავშირები. ორივე ქუჩის მხრიდან შენობა განთავსებულია მიწის ნაკვეთის სიღრმეში. ქუჩის ინფრასტრუქტურის გამართულობისთვის მოწყობილია ველობილიკის, გამწვანების, ავტოსადგომისა და ტროტუარის
(მინიმალური ზომით 2.5 მ.) სივრცეები.“ – წერია გდგ-ს პროექტში

ესკიზი გდგ-დან
შპს „ემ ბილდინგ ბათუმი“ 2023 წლის მარტში დააფუძნა ორმაგი [საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის] მოქალაქეობის მქონე მანანა ტუნაძემ, რომელიც კომპანიის 100% წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით,, „ემ ბილდინგ ბათუმის“ დირექტორია გული კენჭიშვილი.
ამავე რეესტრის მიხედვით, ანგისის ქუჩის 4 ნომერში მდებარე ტერიტორია, 3158 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენონ, დღეს მანანა ტუნაძის საკუთრებაშია.






