გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთში მატარებლის ბილეთების და ასევე, ადგილობრივ მატარებლებში ლუდის გაყიდვების ზრდა გამოიწვია – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს Deutsche Bahn-ზე [გერმანიის სატრანსპორტო ჯგუფი] დაყრდნობით.
14-დან 19 ივნისამდე, Deutsche Bahn-ის მატარებლებში გაიყიდა 44,558 ლიტრი ლუდი – დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ იყიდება ექვს დღეში. გაიზარდა მოთხოვნა საჭმელსა და გამაგრილებელ სასმელებზეც. ამავე პერიოდში ტრადიციული გერმანული ძეხვეული ჩვეულებრივზე 63 პროცენტით მეტი გაიყიდა.
Deutsche Bahn-ი ასევე აცხადებს, რომ გერმანიაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ექვს დღეში ჩქაროსნულმა მატარებლებმა გადაიყვანა 3 მილიონზე მეტი მგზავრი, მათ შორის ასობით ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი. მატჩის დღეებში კომპანია დამატებით რეისებს სთავაზობს მგზავრებს.
ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა, Deutsche Bahn-ის მიხედვით, ბერლინში ჩადის. ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილზე არიან მაინის ფრანკფურტი და მიუნხენი.
Deutsche Bahn-ის მომსახურებით სარგებლობენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ ჩემპიონატში მონაწილე ზოგიერთი გუნდიც. DB-ის ცნობით, შვეიცარიისა და რუმინეთის გუნდებმა უკვე არაერთხელ იმოგზაურეს ქალაქიდან ქალაქში მატარებლებით.
ამავე დროს, გერმანული მედია წერს, რომ Deutsche Bahn-მა ვერ მოაგვარა დაგვიანებული მატარებლების პრობლემა და ფეხბურთის გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან გერმანული მატარებლების არაპუნქტუალურობით, რის გამოც ისინი ან მნიშვნელოვნად აგვიანებენ მატჩებზე, ან საერთოდ ტოვებენ თამაშებს.






