„…თუ მართალი იყო, რატომ მიატოვა? როცა დანა ჩაარტყა ჩემს შვილიშვილს, სასწრაფოს რატომ არ გამოუძახა? ან პოლიციაში რატომ არ მივიდა, ამ კაცმა ჭკუიდან გადამიყვანაო? სამჯერ ჩაარტყა დანა, სამჯერ… მკლავის ძალით მოერეოდა მარტო, ისე გაელახა, კაფანდარა ბიჭი იყო ჩემი შვილიშვილი,”- ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა მიმართა ნაფიც მსაჯულებს ქალმა, რომელმაც შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ჩვენება მისცა სასამართლოს.
- დღეს, 19 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. საუბარია ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მკვლელობაზე – 2023 წლის 28 სექტემბერს 23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულია შოთა ს. გარდაცვლილის თანასოფლელია. მისი მტკიცებით, ის უდანაშაულოა, რადგან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
„ვიდრე თვითონ დაარტყამდა დანას ავთანდილს, ავთანდილმა მას დანით ორი ჭრილობა მიაყენა.
ეს აღნიშნულია დაკავების ოქმშიც, რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა“, – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
თუმცა, პროკურატურის ვერსიით, ავთანდილ სიხარულიძეს არ მიუყენებია დაზიანება ბრალდებულისთვის და საქმე არც აუცილებელ მოგერიებასთან გვაქვს.

პროკურორი ლევან კლდიაშვილი სასამართლო პროცესზე. ფოტო: „ბათუმელები“
მკვლელობაში ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, როცა მას პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარუდგინა ბრალი – მანამდე შოთა ს. პოლიციელზე თავდასხმის გამო გაასამართლეს, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაფორმებულა.
გარდაცვლილი კაცის ახლობლები კონფლიქტს უკავშირებენ იმას, რომ მკვლელობაში ბრალდებული შოთა ს. ცოლზე ძალადობდა, რაც გაიგო ავთანდილმა და „რჩევა მისცა, ნუ სვამ და ნუ ავიწროებ ოჯახის წევრებსო… ამას უთქვამს, პასუხი უნდა ვაგებინო ამაზეო,“- გისოსებში მყოფი ბრალდებულისკენ მიუთითა მოსამართლეს გარდაცვლილის ბებიამ, მერე ცრემლი მოიწმინდა და დასძინა:
„ამის ბებიას და მოვიდა ჩემთან სამძიმრის სათქმელად, საშინელი ბავშვია, ჩემს დას სცემდაო“.
ბრალდებულის ადვოკატების ვერსიით კი კონფლიქტი თანასოფლელებს შორის ნარკოტიკს უკავშირდება:
„ის ითხოვდა მარიხუანას… დადასტურებულია, რომ მეტადონის მომხმარებელი იყო,“- გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ, ვიდრე სასამართლო სხდომა დაიწყებოდა და ნაფიცი მსაჯულები დაიკავებდნენ მათთვის განკუთვნილ რიგს.
მკვლელობაში ბრალდებულმა არჩია, მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად, ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.
12 მსაჯული ბრალდებულის წინ ზის და პროცესს აკვირდება. ისინი მოწმეებთან დასასმელ კითხვებს ფურცლებზე წერენ და მანდატურის საშუალებით აწვდიან მოსამართლეს – მსაჯულების იდენტიფიცირება შეკითხვების დასმის ეტაპზეც არ უნდა ხდებოდეს.
„ექსპერტიზა ჩატარდა და მეტადონი ამოვიდა იქ“- გარდაცვლილის ცხედარზე ჩატარებულ ექსპერტიზის დოკუმენტზე მიუთითა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატმა ჩვენების მიცემის დროს.
„არ ვიცი, ჩემი შვილიშვილი არანაირ ნარკოტიკს არ იღებდა, ეს გამორიცხულია,“- კატეგორიული პოზიციით შეხვდა ადვოკატის არგუმენტს მოკლული შვილიშვილის ბებია.
„სიყვარულით გავზარდე… ლექსების კუთხვა უყვარდა, სახლში ფუსფუსებდა, ვახშმებსაც ის გვიმზადებდა,“- რამდენჯერმე გაიმეორა მოწმემ.
„რატომ არ განაგრძო სწავლა, რატომ არ მუშაობდა?“-ჰკითხა მოწმეს ამჯერად ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.
„სულ კომპიუტერში სწავლობდა რაღაცას, ყველა თემაზე შეიძლებოდა მასთან საუბარი… საზღვარგარეთ აპირებდა სასწავლებლად წასვლას,“- უპასუხა ადვოკატს მოწმემ.
„აღნიშნეთ, რომ ავთუკა მორწმუნე იყო, საიდან გახდა ნარკოტიკის მომხმარებელი?“ – ნაფიცი მსაჯულის შეკითხვა წაუკითხა მოკლული შვილიშვილის ბებიას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
„არ იყო მომხმარებელი, საიდან გაჩნდა ეს, არ ვიცი,“- მიმართა მსაჯულებს მოწმემ.
ერთ-ერთი მსაჯულის შეკითხვა კი, ასეთი იყო: „თუ არ მეგობრობდა ავთუკა მასთან (მკვლელობაში ბრალდებულთან), რატომ მისცემდა რჩევას?”
„იცნობდა, როგორ არ იცნობდა, სოფელში ყველა იცნობს ერთმანეთს, მე არ ვიცნობდი,“- ისევ ბრალდებულს გამოხედა მოკლული ბიჭის ბებიამ და მას მიმართა:
„თვალებში ჩამხედოს და მითხრას, რომ ჩემმა შვილიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა“. მოწმეს გისოსებთან მიახლოების საშუალება მანდატურებმა აღარ მისცეს.
„დანა დამარტყა ორჯერ, დანა,“- ბრაზი დაეტყო მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც მანამდე ჩუმად იჯდა.
სასამართლოს ჩვენება მისცა მოკლული ბიჭის ბაბუამაც.
„ავთუკა სულ სახლში იყო… მე და ჩემი მეუღლე მაღაზიაში ვმუშაობთ ერთად, დაწკრიალებულს გვახვედრებდა სახლს,“- უთხრა მოსამართლეს ავთანდილ სიხარულიძემ და ხაზი გაუსვა, პირველი შვილიშვილი ჩემი მოსახელე იყოო.
ადვოკატმა ზაზა პაპიძემ ბაბუასაც ჰკითხა ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოკლულის სისხლში მეტადონი აღმოჩნდა:
„არ არის ეს სწორი გადაწყვეტილება… მე შეიძლება ვერ მიმხვდარიყო, მაგრამ დედა მიხვდებოდა,“- ნარკოტიკთან მოკლული ბიჭის კავშირი გამორიცხა ბაბუამ. „სიგარეტს ეწეოდა მხოლოდ,”- დასძინა მან.
„ჩემი შვილიშვილი მაგას დანას არ დაარტყამდა, თვითდაზიანება მიიყენა თვითონ“ – მოკლული ბიჭის ბაბუა გამორიცხავს იმასაც, რომ ავთანდილმაც დაარტყა დანა შოთას.
„ექსპერტი ამბობს, რომ ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელია. მიგაჩნიათ, რომ დანა დაარტყა მხოლოდ იმის გამო, რომ უსაყვედურა, ნუ სვამო?”- მოწმეს ჩააცივდა ადვოკატი ზაზა პაპიძე.
„მაშინ თქვენ მითხარით მიზეზი,“- გაცხარდა მოკლული ბიჭის ბაბუა.
„ჩემს ავთუკას ვერ გამიცოცხლებს ვერავინ, ეს მე ჩამყვება საფლავში“,- ხელი ჩაიქნია მოწმემ.
მოკლული ბიჭის ბაბუასთან ნაფიცი მსაჯულებს შეკითხვა ძირითადად ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო მოხმარებას შეეხო.
წინა დღეებში სხვა მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულებს შეკითხვა ამ სოფელში მცხოვრები კიდევ ერთი პირის მიმართ გაუჩნდათ.
„რატომ გსურდათ დავით სიხარულიძესთან მისი (ავთანდილის) ჩამოშორება?” „ადასტურებთ მარიხუანას მოპარვის ფაქტს?“ – მსაჯულების შეკითხვები წაუკითხა მოწმეს მოსამართლემ.
„დავითი რა შუაშია?“- იკითხა მოკლული ბიჭის ბაბუამ და მარიხუანას მოპარვა გამორიცხა.
„საზღვარგარეთ მისი მარტო გაშვება რატომ არ გინდოდათ?“- იკითხა კიდევ ერთმა ნაფიცმა მსაჯულთა.
„მე სულ არ მინდოდა მაგის გაშვება“, – უპასუხა მსაჯულებს მოკლული ბიჭის ბაბუამ.
ნაფიცი მსაჯულების სასამართლო გრძელდება.
ნაფიცები მსაჯულები, როგორც პროცედურაშია გაწერილი, ზედიზედ ყოველდღე იკრიბებიან. ისინი რამდენიმე დღეში მიიღებენ ვერდიქტს.
_______________
ფოტოზე: ბრალდებულის ადვოკატები: ზაზა პაპიძე და გელა სიორდია სასამართლო პროცესზე. ფოტო: „ბათუმელები“






