ამ სტატიაში ლინდა მოგვიყვება, ვინ არის მისი გმირი, როდის გაუჩნდა პროტესტის განცდა, ვისთვის და რისთვის იბრძვის, მას როგორ შეეხება რუსული კანონი, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და რამ შეაძლებინა ძალების მოკრება, ინტროვერტების დაძლევა და აქციის მონაწილეთა რიგებიდან სცენაზე ასვლა.
„მამაჩემი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირი, მებრძოლი ადამიანია. ამ პერიოდში მე 2 წლის ვიყავი. მართალია ვერაფერს ვერ ვიაზრებდი, მაგრამ მამაჩემის წასვლა ჩემთვის მაინც მტკივნეული იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ შესაძლო იყო უკან ვერ დაბრუნებულიყო.
ამ დღეს დაეცა ცხინვალი და დაეცა საქართველო, მაგრამ მამაჩემის დაბრუნება მაინც გამიხარდა. დღეს აქ ვარ მის გარეშე. ვგრძნობ მამაჩემის ძალას, ენერგიას და ყველაფერს, რაც მაძლევს მოტივაციას უფრო ხმამაღლა ვისაუბრო ჩვენს უკეთეს მომავალზე.
მამაჩემი ემიგრანტია და ეს ემიგრაცია უკვე 8 წლის განმავლობაში გრძელდება. ქვეყანაში არ გვაქვს იმის პირობები, რომ გვქონდეს კარგი ხელფასი, კარგი [სამუშაო] გარემო. ჩვენს ქვეყანაში, ვერ აფასებენ განათლებას, ცოდნას და არ არის უკეთესი მომავლის პერსპექტივა. ამიტომ მოუწია მამაჩემს ევროპაში წასულიყო.
მამაჩემის პოზიციაც ზუსტად იგივეა, რაც ჩემი და სხვა ჩემი მეგობრების. ჩვენ ერთად ვეუბნებით უარს რუსულ კანონს, რუსულ მთავრობას და კი – ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ევროპულ მომავალს.
როცა აქციაზე ვარ, მამაჩემი ერთადერთ რამეს მეუბნება – „მამა, გთხოვ ფრთხილად იყავი, თავს გაუფრთხილდი, რადგან ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს შენგან სიშორეს, თუ რამე მოგივა“.
მართალია, აქციაზე სიტყვით გამოსვლა ჩემთვისაც არ არის კომფორტის ზონა, რადგან ინტროვერტი ვარ. ჩემთვის უკეთესია, თუ ჩუმად, მშვიდად, კუთხეში, ხალხის მასისგან შორს ვიქნები, მაგრამ ახლა ამის დრო და ადგილი არ არის. ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვიყვიროთ, ვიბრძოლოთ. მთავარია, რომ გავბრაზდეთ და ამოვიღოთ ხმა“, – ამბობს ლინდა.
ლინდა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს – „ჩვენ ამით მოღალატეობრივი სახე გვაჩვენეს, რომელსაც ქართველი ერის თვალში ვერასდროს მოინანიებენ. ქართველი ერის გარდა ამას ხედავს მთელი მსოფლიო.
ჩვენ ველოდით ამ ყველაფერს. ბიბლიური ელფერის ღამე გვქონდა ქართველებს, როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა. ქრისტემ იცოდა, რომ იუდა გაყიდდა 30 ვერცხლად და ჩვენც ვიცოდით, რომ 84 მოღალატე გაყიდდა საქართველოს. შესაბამისად, მათთვის ჩვენ წარმოვადგენთ არაფერს. ისინი ვერ აგებენ ჩვენს უკეთეს მომავალზე პასუხს, რადგან ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ.
ზარებით, წარწერებით, დაშინებებით, მუქარით, ოჯახის წევრებზე ძალადობით ისინი ავლენენ შიშს ახალგაზრდების მიმართ, რომელშიც არ კვდება ბრძოლის უნარი. ხედავენ ჩვენ ამბოხებას, ხედავენ ჩვენ ბრაზს და ვერ გვაჩერებენ.
მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ დაგიბრუნდებათ საპასუხოდ, მაგრამ არა მუქარით, არა ძალადობით, არა დაშინებით, პირიქით, ჩვენ უფრო ბედნიერები, ლაღები, მებრძოლები და უფრო მეტი შემართებით დავბრუნდებით ქუჩებში. ისევ ვნახავთ გაბრწყინებულ და განათებულ რუსთაველის ქუჩას. ისევ ნახავთ ხალხს, რომელიც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ უკან არ დავიხევთ. ყოველი ნაბიჯი წინ, არცერთი ნაბიჯი უკან.
მე არ მეშინია ამ მთავრობის, არ მეშინია იმ ზარების, რომლებსაც ყოველდღიურად და უკვე ყოველ საათში ახორციელებენ ჩვენზე. ასევე ვფიქრობ, რომ იქ დგომა, სადაც ახლა ჩვენ ახალგაზრდები ვდგავართ, არის იმის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვიბრძვით დაუღალავად.
ჩემთვის სიტყვა „პატრიოტი“ ასოცირდება ყველა იმ ადამიანთან, რომელიც გრძნობს ბრძოლის ყიჟინას, არ ნებდება ყველა იმ პრობლემას, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება“.
ლინდას თქმით, როცა მას და მის მეგობრებს ურეკავენ, იწყენს, ნერვიულობს, ტირის, თუმცა მალევე ბრაზდება და სჯერა, რომ მისი და მის თანატოლების მხნეობა აუცილებლად დაამარცხებს ქვეყნის მოღალატეებს და სწორედ ამ რწმენის გამო არ კარგავს ბრძოლის უნარს.
„ბევრჯერ დამირეკეს. ერთადერთხელ ვუპასუხე, ისიც სრულიად შემთხვევით. გამარჯობის თქმაც კი არ დამცალდა, უშვერი სიტყვებით გამისტუმრეს“.

სტუდენტის თქმით, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რუსული კანონი ხელს შეუშლის მონაწილეობა მიიღოს ევროპის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში. „ვერ შევძლებ ჩემი პროფესიული განვითარება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავაგრძელო“, – წუხს სტუდენტი.
სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტების გაფიცვის პერიოდში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების ორი სახე დავინახეთ: „ნაწილი, რომელიც იდგა ჩვენ გვერდით, გამოვიდა აუდიტორიებიდან და ნაწილი, რომელიც დარჩა უნივერსიტეტში და აგრძელებდა სწავლა-განათლებას. ამ ყველაფერზე ჯავახიშვილის სიტყვები მახსენდება – არის დრო და მომენტი, როცა ყველამ კალამი უნდა დავდოთ და ხმა ამოვიღოთ. ახლა ზუსტად ეს დროა“.
ლინდას საქართველოში უნდა ცხოვრება, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ ცენზურის, გამოხატვის თავისუფლების, საკუთარ ტერიტორიებზე მტრის დასახლების, არ უწევთ მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლა ემიგრაციაში.
„მინდა, ჩვენს ქვეყანაშიც გვქონდეს ისეთი პირობები, რომ ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი, თავისუფალი, ლაღი. რაც მთავარია, მინდა, ბავშვებს ჰქონდეთ იმედი, რომ, როცა ჩვენს ასაკში მოვლენ, არ მოუწევთ ჩვენსავით ბრძოლის ხაზზე დგომა“.
ჩვენთან ინტერვიუს სტუდენტი ასე ასრულებს: „არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ კანონს და არა ყველაფერ იმას, რაც ეწინააღმდეგება ჩვენ ევროპულ გზას!“.







