მთავარი,სიახლეები

რას ამბობენ ბათუმის მერიაში კორპუსებზე, სადაც შუქი და წყალი წლებია არ აქვთ

04.09.2023
რას ამბობენ ბათუმის მერიაში კორპუსებზე, სადაც შუქი და წყალი წლებია არ აქვთ

„თუ დაინტერესებული კომპანია, ან ამხანაგობა იკისრებს ვალდებულებას და  უზრუნველყოფს დაუსრულებელი კორპუსის დასრულებას და სათანადო პირობების შექმნას, პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ნაწილში, კანონმდებლობის დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელდება ამნისტირება და ექსპლუატაციაში მიღება,“ – აცხადებს ნუკრი დეკანაძე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი იმ 3 საცხოვრებელ კორპუსზე, სადაც ასობით ადამიანი შუქის და სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს.

ბათუმში, ანგისის ქუჩა #13 და #20-ში მდებარე სამ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, 4 სექტემბერს, საპროტესტო აქცია გამართა და ანგისის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის და საგამოძიებო უწყებების რეაგირება ითხოვეს.

მოქალაქეების თქმით, მშენებელი კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს – იმის გამო, რომ კორპუსებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, კორპუსებში წყლის და ელექტროენერგიის სისტემა კუსტარულად გაუყვანიათ. ბათუმის ამ ნაწილში არც საკანალიზაციო სისტემა არსებობს.

საპროტესტო აქციის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მშენებელი კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა სამშენებლო პირობების დარღვევის გამო, „გასამმაგებული ჯარიმები გადაცემულია აღსრულებაში,“ – ამბობს ნუკრი დეკანაძე. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს არ დაუკონკრეტებია, აქვს თუ არა კომუნიკაცია ამ ეტაპზე ბათუმის მერიას სამშენებლო კომპანიასთან.

აქციის მონაწილეების პროტესტის საგანი კიდევ ერთი ნაწილი საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირების პრობლემაა.

„ეს არის კერძო დავის საგანი, აქ მერია ვერ ჩაერევა, ჩვენ მხოლოდ შუამდგომლობის გაწევა შეგვიძლია,“ – დასძინა ნუკრი დეკანაძემ.

ამ თემაზე:

„ვცხოვრობთ ბათუმში შუქის და წყლის გარეშე“ – მოქალაქეებმა ანგისის ქუჩა გადაკეტეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: