ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი 30 იანვრის ანგარიშში წერს, რომ დასავლური, უკრაინული და რუსული წყაროები კვლავ მიუთითებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია 200 000-მდე ადამიანის მობილიზება და განაგრძობს იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას შიდა წარმოების გაზრდით და ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან პარტნიორობით, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
ანგარიშში აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების რეზერვების საბჭოს ხელმძღვანელის, ივან ტიმოჩკოს განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ რუსული ჯარები აძლიერებენ დაჯგუფებას დონბასში და რუსეთის ჯარებს შეტევის დაწყება მოუწევთ მზარდი შიდა ზეწოლის გამო.
ISW-ი წერს, რომ ეს განცხადებები ადასტურებს მათ პროგნოზს იმის შესახებ, რომ რუსეთი ქმნის პირობებს ლუგანსკში შეტევის განსახორციელებლად უახლოეს თვეებში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ დღეებში უკრაინული ძალები აგრძელებდნენ რუსულ ძალებზე შეტევას ლუგანსკის ოლქში, ხოლო რუსული არმია აგრძელებს ტერიტორიის დაკავებას ბახმუტის მახლობლად.






