მთავარი,სიახლეები

„ვაგნერელების“ მიერ სოლედარის დაკავება ბახმუტის ალყას არ ნიშნავს – ISW

11.01.2023
„ვაგნერელების“ მიერ სოლედარის დაკავება ბახმუტის ალყას არ ნიშნავს – ISW

რუსული ძალების მიერ ქალაქ სოლედარის დაკავება არ გამოიწვევს ბახმუტის ალყაში მოქცევას, მიიჩნევენ „ომის კვლევის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსები.

ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა, მიუხედავად რიგი განცხადებებისა, ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს სოლედარის მთლიანად დაკავება, რასაც „ვაგნერის დაჯგუფების“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც ადასტურებს.

10 იანვრის მდგომარეობით, სოლედარში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მათი დინამიკურობის გამო გაუგებარია, ვინ რა ტერიტორიას აკონტროლებს.

„რომც დავიჯეროთ რუსული განცხადებები, სოლედარის დაკავება არ ნიშნავს ბახმუტისთვის ალყის შემორტყმას. სოლედარის კონტროლი, როგორც ასეთი, არ აძლევს რუსულ ძალებს ბახმუტისკენ მიმავალი უკრაინული სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების დაკავების შესაძლებლობას“, – ამბობენ ექსპერტები.

რაც შეეხება ISW სხვა ახალ მიგნებებს, რუსეთის სახმელეთო ჯარების ახალი ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი გახდა. 2022 წლის სექტემბერში იგი ხელმძღვანელობდა რუსულ ჯარებს და დიდი დანაკარგები განიცადა. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ლიმანის დაცემაზე პასუხისმგებლობას სწორედ ამ გენერალს აკისრებდა და მის ჯარისკაცად ჩამოქვეითებას ითხოვდა.

იგორ სტრელკოვმა (ნამდვილი გვარი – გირკინი) მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს პუტინის ჩამოშორებას და ივარაუდა, რომ ზოგ რუს ბლოგერს შორის იზრდება თვითცენზურის შემცირების მზადყოფნა და პუტინის პირდაპირი კრიტიკის შესაძლებლობა.

რუსეთის მიერ ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან ახალი იერიშის წამოწყებას კიევის მიმართულებით ინსტიტუტის ანალიტიკოსები კვლავ ნაკლებ მოსალოდნელად მიიჩნევენ.

კრემლი კვლავაც უარყოფს ახალი მობილიზაციის გამოცხადებას, ხოლო უკრაინის არმია ჯერ კიდევ ახერხებს სვატოვო-კრემანნაიას  მიმართულებით პოზიციების შენარჩუნებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: