მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბათუმში მედიკამენტების პროგრამას დიაბეტი და ეპილეფსია დაემატა

20.12.2022
ბათუმში მედიკამენტების პროგრამას დიაბეტი და ეპილეფსია დაემატა

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის ბათუმის მერიის პროგრამაში, რომელიც ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შესაძენად ყოველწლიურად 200-ლარიანი დახმარების გაცემას მოიცავდა, მომავალი წლიდან 500-ით მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება. შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი მილიონი ლარის ნაცვლად, 1 100 00 ლარი იქნება.

გარდა ამისა, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ეპილეფსიის დიაგნოზისა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირები, შშმ პირები, ომის ვეტერანები და ასაკით პენსიონერები, 9 თვის განმავლობაში მათთვის საჭირო მედიკამენტებს აიღებენ უფასოდ.

ბათუმის მერიის ჯანმრთელობის განყოფილების უფროსი, მარინე რუხაძე ამბობს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ახალი კომპონენტების დამატება ბენეფიციარების მოთხოვნამ განაპირობა, რადგან მათ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტები მხოლოდ რამდენიმე თვეს ჰყოფნიდათ.

„ახალი კომპონენტია შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელთაც სახელმწიფო წლის განმავლობაში მხოლოდ 40 ლარს ურიცხავდა. მათ ამ თანხის ფარგლებში შეეძლოთ აეღოთ შაქრიანი დიაბეტის მედიკამენტები, რაც არ იყო საკმარისი. ეს არის თანხა, რომელიც ძირითადად შეუძლიათ სამი თვის განმავლობაში აითვისონ და შემდეგ ისინი ამ მედიკამენტებს ვერ იღებდნენ.

ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრმა მოგვმართა შაქრიან დიაბეტზე, ასევე იყო მომართვა ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისგან, რომლებიც ძირითადად იღებენ „ლევეტირეცეტამს“. ეს საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტია, მათი წლიური ლიმიტი 300 ლარის ფარგლებშია, ანუ ეს საშუალოდ სამ თვეზეა გათვლილი“, – განმარტავს მარინე რუხაძე.

მერიაში განმარტავენ, რომ მომავალი წლიდან, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორით დაავადებული 2200 ბენეფიციარი, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად მიიღებს შემდეგ მედიკამენტებს – „დიაბეტონ MR“, „ამარილი“ და „სიოფორი“;

მედიკამენტებს მიიღებს ეპილეფსიით დაავადებული 300 ბენეფიციარი.

„ამ ადამიანებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს „ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილია 40 ლარისწლიური ლიმიტი (რომელიც საშუალოდ სამი თვის მედიკამენებს ყოფნის), მოქალაქეების მოთხოვნიდან გამომდინარე დავამატეთ მედიკამენტებით უზრუნველყოფა 9 თვის განმავლობაში.

ასევე ეპილეფსიით დაავადებული 300 პაციენტი (19 წლამდე და 19 წლის ზემოთ), რომელთაც აქვთ შშმ სტატუსი, მიიღებენ ეპილეფსიის საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტ „ლევეტირეცეტამს“, 9 თვის განმავლობაში“.

კიდევ ერთი ცვლილებაა იშვიათი პათოლოგიების მქონე ბავშვების დახმარების ნაწილში: პროგრამის კიდევ ერთი დიაგნოზი დაემატება – ჰომოცისტეინურია. შესაბამისად, მომავალი წლიდან 18 წლამდე ასაკის ჰომოცისტეინურიით, ცელიაკიით, გალაქტოზემიით და მუკოვისციდოზით დაავადებულ პირებს, საკვები დანამატების შეძენის მიზნით, 3000 ლარს გამოუყოფენ. მარინე რუხაძის განმარტებით, ბათუმში ეს კონკრეტული დიაგნოზი 15 ბავშვს აქვს.

მერიაში ამბობენ, რომ მედიკამენტებს მარტიდან შეიძენენ, ტენდერს მარტის თვეში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაატარებს და დარეზერვებულ მედიკამენტებს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ბათუმის მერიას.

ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა და მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მედიკამენტებითა და ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები დანამატებით უზრუნველყოფის ფარგლებში მედიკამენტები მიეწოდება ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ:

  • ბრონქული ასთმით და ქოდის მქონე 19 წლამდე ასაკის პირებს; 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს;
  • ეპილეფსიით დაავადებულ 18 წლის ჩათვლით ასაკის პირებს; 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირს; შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს 9 თვის განმავლობაში აპრილი – დეკემბერი (300 ლარით ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით);
  • პარკინსონით დაავადებულ 0-დან 100 000 ქულის მქონე პირებს, შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს;
  • ფენილკეტონურიით დაავადებულ პირებს საკვები დანამატების შეძენის მიზნით გაეწევათ მატერიალური დახმარება;
  • სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • 18 წლამდე ასაკის ჰომოცისტეინურიით, ცელიაკიით, გალაქტოზემიით და მუკოვისციდოზით დაავადებულ პირებს საკვები დანამატების შეძენის მიზნით გაეწევათ მატერიალური დახმარება;
  • შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს; 9 თვის განმავლობაში აპრილი – დეკემბერი; შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს (40 ლარით ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: