მთავარი,სიახლეები

570-დან 29 გადავრჩით – რას ჰყვებიან განადგურებას გადარჩენილი რუსი მობილიზებულები

07.11.2022
570-დან 29 გადავრჩით – რას ჰყვებიან განადგურებას გადარჩენილი რუსი მობილიზებულები

ალექსეი აგაფონოვი მობილიზებული სამხედროა ვორონეჟიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში უკრაინელთა შეტევას გადაურჩა. აგაფონოვი გამოცემა Вёрстка-ს უყვება, როგორ მიატოვა მეთაურობამ რეზერვისტები ფრონტის წინა ხაზზე.

მისი შეფასებით, მაკეევკასთან მობილიზებულთა ბატალიონის 500-ზე მეტი წევრი დაიღუპა.

როგორც აგაფონოვი იხსენებს, მობილიზებულებს ბატალიონის მეთაური ჰპირდებოდა, რომ მათ ჩაიყვანდნენ სვატოვოში, სადაც ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრში „ტერიტორიული თავდაცვის ძალებს“ შეუერთდებოდნენ. თუმცა ამის სანაცვლოდ, მთელი ბატალიონი 2 ნოემბრის ღამეს წინა ხაზზე დატოვეს, უბრძანეს, სანგრები გაეთხარათ და თავდაცვის ხაზი გაემაგრებინათ.

„მთელ ბატალიონს სამი ნიჩაბი გვქონდა, არანაირი უზრუნველყოფა, საერთოდ არაფერი. როგორც შეგვეძლო ვთხრიდით, დილით დაიწყო სროლა – არტილერია, „გრადები“, ნაღმმტყორცნები, შვეულმფრენები, პირდაპირ ჩაგვცხრილეს. როდესაც ყველაფერი დაიწყო, ოფიცრები ეგრევე გაიქცნენ. 570-დან 29 გადავრჩით მთელი, კიდევ 12 დაჭრილია, დანარჩენები – აღარ არიან,“ – ჰყვება აგაფონოვი.

მისი ინფორმაციით, იმავე პოზიციაზე მანამდე, სავარაუდოდ, მობილიზებულთა სხვა ბატალიონიც გაანადგურებს, რადგან იქ მისულებს ათობით გვამი დახვდათ.

„ტელევიზორში აჩვენებენ, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზადაა, სინამდვილეში, იქ ლუგანსკის ოლქში ფრონტის წინა ხაზზე სწორედ მობილიზებულებს უშვებენ. როდესაც იქიდან გამოვდიოდით, ოფიცრებისთვის თვალიც არ მოგვიკრავს. ვნახეთ, რომ მხოლოდ მესამე ხაზზე სხედან „კონტრაქტნიკები“ და მოხალისეები,“ – ჰყვება აგაფონოვი.

მისი თქმით, ადგილობრივებსა და კონტრაქტით დაქირავებულებს ბრძოლა არ სურთ, ამიტომაც სვატოვოს რაიონში მთელი ქვეყნიდან მიჰყავთ მობილიზებულები, რომ როგორმე თავდაცვაში გაჩენილი ბზარები ამოავსონ: „აქ (სვატოვოში) სრული გაურკვევლობაა. ყველა გადარჩენილსა და ახალმიყვანილს აჯგუფებენ ახალ ბატალიონში და ისევ წინა ხაზზე უშვებენ“.

აგაფონოვის მონათხრობი გამოცემას კიდევ ერთი მობილიზებულის ცოლმაც დაუდასტურა.

„დილით დამირეკა (ქმარმა) უცხო ნომრიდან და მომიყვა, რაც მოხდა, რომ ისინი თავდაცვის ხაზზე დატოვეს, რომ ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ და რომ როგორღაც მიაღწიეს სვატოვომდე, სადაც ახლა იმალებიან. მეთაურებმა მიატოვეს ისინი და ახლა არ იციან, რა ქნან, უბრალოდ დახმარებას ითხოვენ,“ – ეუბნება გამოცემას ლუდმილა.

მობილიზებულების ახლობლებმა შაბათს ვორონეჟის პროკურატურასთან აქცია გამართეს.

„გვეუბნებიან, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან და თავის სამხედრო მოვალეობას ასრულებენ. რანაირად არიან ცოცხლები და ჯანმრთელები, როდესაც იქ ყველანი გადაცხრილეს?!“ – კითხულობს მობილიზებული ანდრეი ხოლოდოვის დედა ოქსანა.

კიდევ ერთი მობილიზებულის ცოლი ანა ამბობს, რომ გადარჩენილი რეზერვისტები შინ დაბრუნებას ითხოვენ.

„ითხოვენ, რომ გაუშვან. იქ დარჩენა აღარ შეუძლიათ, ეშინიათ. იქ მათ ბომბავენ. არც მეთაურობა, არავინ არაა მათ გვერდით. გვინდა, ყველამ გაიგოს, როგორც მოექცნენ ამ ბიჭებს. კატებივით დაყარეს იქ, ყოველგვარი მომზადების და ყველაფრის გარეშე,“ – ამბობს ანა.

აქციის მონაწილეებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვაც, რომელშიც გუბერნატორს და სხვა უწყებებს დახმარებას სთხოვენ.

„იმ დღეს, როდესაც იქ მიიყვანეს, დააყენეს წინა ხაზზე. მეთაურობამ ისინი მიატოვა, გაიქცნენ იმ საბაბით, რომ დაბრუნდებოდნენ და მობილიზებულებს მათ ნივთებს მიუტანდნენ. 40 წუთი გავიდა, ისინი არ დაბრუნებულან და დაიწყო სროლა. ისროდნენ ყუმბარმტყორცნებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და სხვა იარაღიდან. სამ დღეს მიდიოდა ბრძოლა, მობილიზებულების თქმით. ჩვენი მებრძოლები იცავდნენ თავს, რითაც შეეძლოთ… არ სძინებიათ, არ უჭამიათ, სამი დღე იბრძოდნენ და მათი მეთაურობისგან განსხვავებით, არსად გაქცეულან,“ – ჰყვებიან ვიდეომიმართვაში.

იმ სამხედროთა სიაში, რომლებიც ბრძოლის ველიდან გამოსვლას ითხოვენ, 41 ადამიანია. სია მათმა მშობლებმა და ნათესავებმა შეადგინეს. ისინი ამბობენ, რომ 41-დან კავშირზე მხოლოდ 31 ჯარისკაცი გამოვიდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: