მთავარი,სიახლეები

ირანი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას უარყოფს

17.10.2022
ირანი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია.

სამინისტროს წარმომადგენლის, ნასერ კანაანის კომენტარს სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით Европейская правда ავრცელებს.  

„გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, პოლიტიკურადაა მოტივირებული და მას დასავლეთის წყაროები ავრცელებენ. ჩვენ არ მიგვიწოდებია შეიარაღება ომში ჩართული არც ერთი მხარისთვის“, – ამბობს ნასერ კანაანი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ირანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე იმსჯელებენ.

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთმა 17 ოქტომბრის დილით „შაჰედებით“ მიიტანა იერიში კიევსა და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე.

პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა კიევის დაბომბვის შედეგად. ერთერთი რაკეტა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, შევჩენკოეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ნანგრევებიდან 19 ადამიანი ამოიყვანეს, სამი მათგანი კლინიკაშია მოთავსებული.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ირანული წარმოების 11 კამიკაძე-დრონი „შაჰედ-136“ ჩამოაგდო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამ დრონებს რუსეთი „გერან 2-ის“ დასახელებით იყენებს. 

მთავარ ფოტოზე: დრონის ნარჩენები კიევის დღევანდელი დაბომბვის შემდეგ/ფოტო: უკრაინის პროკურატურა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: